2012 წლის ბოლოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული იყო (2012 წელი, 10-16 დეკემბერი, №50) პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას უკანასკნელი სატელეფონო ზარები და აბონენტთა გვარ-სახელები. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ 2005 წლის 2 თებერვლის ღამისა და 3 თებერვლის დილის საათებს, ანუ დროის იმ მონაკვეთს, როცა, ოფიციალური ვერსიით, პრემიერი გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან 9 წლის შემდეგ ტელეფონზე ვაწარმოეთ იგივე ოპერაცია, ანუ განვახორციელეთ სატელეფონო ზარები იმავე აბონენტებთან. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ნომერი, რომელიც 2012 წლის დეკემბრის მონაცემით, ქსელიდან გამორთული იყო, დღეს ფუნქციონირებს და თავისი აბონენტი ჰყავს.
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ტელეფონის ნომრის (77) 79-70-77 ახალი მფლობელი ქალბატონი გახლავთ, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა: „ძალიან მიყვარს ეს ნომერი, ჩემთვის ცნობილია, რომ ადრე ის ეკუთვნოდა ზურაბ ჟვანიას, მაგრამ, როდესაც შევიძინე (2005 წელს, „ჯეოსელის" ოფისში), მაშინ არ ვიცოდი. მოგვიანებით გავიგე, როდესაც ზურაბ ჟვანიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. მახსოვს, ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველო მირეკავდა, თან ხმას არ იღებდნენ, უბრალოდ რეკავდნენ. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, ვუსამძიმრებ ოჯახს, მისი გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის".
ნომერი (77) 79-70-77, როდესაც ზურაბ ჟვანია სარგებლობდა, მთავრობის კანცელარიის მითითებით რეგისტრირებული იყო ზვიად ზაალიშვილზე (ინგოროყვას №7).
პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ, სატელეფონო საუბრის დეტალური მონაცემების მიხედვით, ვუკავშირდებით იმ პირებს, რომლებიც საღამოს საათებში, გარდაცვალებამდე ორი-სამი საათით ადრე ესაუბრნენ ზურაბ ჟვანიას:
1. (99) 93-33-33 - ამ ნომრიდან 2005 წლის 2 თებერვალს 23:23 საათზე ზარი განხორციელდა ზურაბ ჟვანიას ტელეფონზე, საუბრის ხანგრძლივობაა 28 წამი. 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ეს ნომერი გამორთული იყო, დღეს ის ქსელში ჩართულია და საეკლესიო პირს ეკუთვნის. ღვთისმსახურმა ვინაობა არ დაგვისახელა, მაგრამ ინფორმაცია მოგვაწოდა: „ეს ნომერი ეკუთვნოდა კოკა ყანდიაშვილს - კოკა ყანდიაშვილის ვინაობა კი ყველამ იცის. წელიწადნახევრის წინ ეს ნომერი ჩემმა ახლობელმა „მაგთიკომის" ოფისში ჩამორთმეულ ნომრებს შორის ამოარჩია, აღადგინა, შეიძინა და მაჩუქა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გარდაცვალებამდე ზურაბ ჟვანიამ ამ ნომრის აბონენტთან ისაუბრა". 2005 წელს ნომერი (99) 93-33-33 რეგისტრირებული იყო შპს კომპანია „პრემიერზე", მისამართი იაშვილის №7.
2. +972544979999 - ამ ნომრიდან 2005 წლის 2 თებერვალს 23:35 საათზე ირეკება პრემიერის ნომერზე (სავარაუდოდ, ისრაელიდან). საუბრობენ 75 წამი. როგორც ერთი წლის წინათ, ამ ნომერზე დღესაც ოპერატორი პასუხობს ებრაულ ენაზე.
3. (99) 49-85-85 - ამ ნომრიდან 2005 წლის 2 თებერვალს ზურაბ ჟვანიას ნომერზე ორჯერ დაირეკა, პირველად - 23:35 საათზე, საუბრის ხანგრძლივობაა 145 წამი და მეორედ - 23:49 წუთზე; 167 წამის ხანგრძლივობით. 2-12 წლის დეკემბრის მდგომარეობით - ოპერატორის ინფორმაციით, ეს ნომერი რეგისტრირებული არ იყო, დღეს ის ეკუთვნის 12 წლის სანდრო ქათამაძეს.
ხათუნა ლომთაძე, სანდრო ქათამაძის დედა: „ერთი წელიც არ არის, რაც ეს ნომერი გვაქვს, შევიძინე „მაგთიკომის" ოფისში ჯიქიას ქუჩაზე. ჩემთვის ინფორმაცია არავის მოუცია, ვის ეკუთვნოდა ადრე ეს ნომერი, ახლა თქვენგან ვიგებ, რომ იმ ღამეს ამ ნომრიდან ზურაბ ჟვანიას ნომერზე ზარი განხორციელდა" 2005 წელს ეს ნომერი რეგისტრირებული იყო გენერალურ პროკურატურაზე, მისამართი: გორგასლის №24.
4. (77) 74-15-42 - ამ ნომრიდან ზურაბ ჟვანიას მობილურ ტელეფონზე ზარი განხორციელდა 2005 წლის 2 თებერვალს, 23:46 საათზე. საუბრის ხანგრძლივობა 48 წამი. ამჯერად გვიპასუხა ქალბატონმა: „არაფერი საქმე არა მაქვს თქვენთან... ზურაბ ჟვანიას აპარატის უფროსი ვიყავი, ვისაუბრეთ სამსახურებრივ საქმეებზე, კერძოდ, რაზეც ვისაუბრეთ, განვაცხადე დაკითხვაზე და პროკურატურაში. „ასავალ-დასავალი" არ არის ის გაზეთი, რომელთანაც დეტალებზე დავიწყებ საუბარს". ზემოხსენებული ნომერი რეგისტრირებულია გიორგი გრძელიშვილზე, დაბადებული 1961 წლის 1 იანვარს, საქართველოს მთავრობის კანცელარია, ინგოროყვას №7.
5. (77) 50-11-16 - ამ ნომრიდან ზურაბ ჟვანიას მობილურზე ზარი განხორციელდა 2005 წლის 2 თებერვალს, 23:55 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 138 წამი. დღეს ეს აბონენტი მიუწვდომელია, ხოლო 2012 წლის დეკემბერში კი გვიპასუხა: „ეს ნომერი სამი წელია, რაც მაქვს, ამიტომ ჩემი საუბარი ზურაბ ჟვანიასთან არ მოხერხდებოდა. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ნომერი შევიძინე სამი წლის წინ „ჯეოსელის" ოფისში". ნომერი რეგისტრირებულია გიორგი გრძელიშვილზე, დაბადებული 1961 წლის 1 იანვარს, საქართველოს მთავრობის კანცელარია, ინგოროყვას №7.
6. (77) 50-11-44 - 2005 წლის 2 თებერვალს ამ ნომრიდან ზურაბ ჟვანიას ნომერზე დაირეკა 23:57 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 99 წამი. როგორც გაირკვა, ნომერი ეკუთვნის ალექსი ალექსიშვილს, რომელიც მაშინ ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახლდათ, ნომერი რეგისტრირებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე, აბონენტია იგივე ლექსი ალექსიშვილი: „სამსახურიდან გამომდინარე, მე და პრემიერს თითქმის ყოველდღიური საუბარი გვქონდა, დღეში რამდენჯერმე გვიხდებოდა ერთმანეთთან დარეკვა. ნამდვილად არ მახსოვს, რაზე ვისაუბრეთ 2005 წლის 2 თებერვლის ღამეს, ალბათ, ისევ სამსახურზე. ზურაბ ჟვანია იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ძალიან დიდი კვალი დატოვა ქართული პოლიტიკის ისტორიაში".
7. (77) 50-10-07 - ამ ნომრიდან 2005 წლის 2 თებერვალს ზურაბ ჟვანიას მობილურზე ზარი განხორციელდა 23:59 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 66 წამი. ორი წელია, ეს ნომერი მიუწვდომელია. რეგისტრირებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ინგოროყვას №7, ბექა ბეგიაშვილი.
8. (77) 75-09-50 - ეს აბონენტი ზურაბ ჟვანიას უკავშირდება 2005 წლის 3 თებერვალს 00:03 საათზე, საუბრობენ 27 წამის განმავლობაში. ნომერი რეგისტრირებულია გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მცხოვრებ გიორგი ჩიხლაძეზე. მრავალჯერადი ცდის მიუხედავად, დღეს ეს აბონენტი მიუწვდომელია. 2012 წლის დეკემბერში ამ ნომერზე გვიპასუხა ვინმე ნიკო ნაკანმა: „ნიკო ნაკანი ვარ. ეს ნომერი სამი დღის წინ მაჩუქა ჩემმა თანატოლმა მეგობარმა, მაგრამ მის სახელს არ გეტყვით. ნახეთ, ვის სახელზეა გაფორმებული და მიხვდებით. ზურაბ ჟვანიასთან არ დამირეკავს, 17 წლის ვარ, 2005 წელს ზურაბ ჟვანიას ვერ დაველაპარაკებოდი".
9. (99) 70-55-55 - ზურაბ ჟვანიას ტელეფონზე ამ ნომრიდან ზარი განხორციელდა 2005 წლის 3 თებერვალს, 00:10 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა 39 წამია. 2012 წლის დეკემბერში ამ ნომრის აბონენტმა, რომელსაც ვკითხეთ, საუბრისას როგორი განწყობა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, გვიპასუხა: „არ მახსოვს, არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარ (სახელი და გვარი არ დაასახელა - ქ. ხ.), არ მცალია, დაკავებული ვარ, ცოტა ხანში დამირეკეთ". ამჯერად (99) 70-55-55 ნომერს იგივე აბონენტი ჰყავს, რომელმაც სახელი კი დაგვისახელა, მაგრამ გვარის თქმისგან ისევ თავი შეიკავა: „გიგი ვარ, ამ თემასთან დაკავშირებით რამდენჯერ უნდა დამირეკოთ, შეგიძლიათ, რომ ეს არ დაწეროთ?" ზემოხსენებული ნომერი 2005 წელს რეგისტრირებული იყო ივანე ჩხარტიშვილზე, მცხეთის ქუჩა, 1 შესახვევი, 1 ჩიხი, №13.
10. (99) 57-80-10 - ნომრიდან 2005 წლის 3 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ნომერზე ზარი განხორციელდა 00:14 საათზე. საუბრის ხანგრძლივობაა 111 წამი. ამ ნომერზე რეგისტრირებული აბონენტია მიხეილ მაჭავარიანი, რუსთაველის 18. 2012 წლის დეკემბერში აბონენტმა გვიპასუხა, რომ სხდომაზეა, შემდეგ კი ზარებს აღარ უპასუხა. აბონენტი არც ამჯერად განხორციელებული ზარით დაინტერესდა.
11. (93) 62-47-41 - 2005 წლის 3 თებერვალს ამ ნომრიდან ზურაბ ჟვანიასთან ირეკება 00:18 საათზე, საუბრობენ 125 წამი. ნომერი რეგისტრირებული იყო თამუნა ქობალიაზე (ზუგდიდი, კ. ცენტკინის №26, დაბადებული 1984 წლის 2 ივლისს). დღეს ეს ნომერი გამორთულია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ დროს ნომრის რეალური მფლობელი გახლდათ ზუგდიდის რაიონის საკრებულოსა და აფხაზეთის კომისიის წევრი ლალი ანთია. ლალი ანთიასთან საუბრისას გაირკვა, რომ მას და პრემიერს შეხვედრის დეტალებზე უნდა ესაუბრათ. იმ ღამით საეჭვო არაფერი შეუმჩნევია: „ზურაბ ჟვანია კარგ განწყობაზე იყო, მითხრა, შეხვედრაზე მივდივარ, არ ვიცი, როდის დავბრუნდები, შაბათ-კვირისთვის მოვილაპარაკოთ და შევხვდეთო".
12. ლალი ანთიასთან საუბრის შემდეგ, 01:20 საათზე, ზურაბ ჟვანიასთან ირეკება უცნობი ნომრიდან, საუბრის ხანგრძლივობაა 111 წამი. ალბათ, გამოძიება დაინტერესდება უცნობი ნომრის აბონენტით, ვინაიდან სწორედ ეს აბონენტია უკანასკნელი, რომელიც ცოცხალ ზურაბ ჟვანიას ესაუბრა.
ოფიციალური მონაცემებით, პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილია 2005 წლის 3 თებერვალს, დილის 3 საათიდან 5 საათამდე. ბოლო საუბრის შემდეგ (01:20) ზურაბ ჟვანიას ტელეფონზე ზარი აღარ განხორციელებულა. 04:37 საათზე პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრიდან ირეკება ნომერზე (99) 23-11-11, სავარაუდოდ, ამ დროისთვის პრემიერი უკვე გარდაცვლილია.
1. (99) 23-11-11 - ნომერი რეგისტრირებულია გიორგი ბარამიძეზე. გიორგი ბარამიძე: „დამირეკა ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ და შემატყობინა ეს სამწუხარო ამბავი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ამ დეტალებზე საუბარს სხვა ფორმით ვაპირებ".
2. (77) 47-52-58 - 2005 წლის 3 თებერვალს, 04:42 საათზე, ამ ნომერზე ზურაბ ჟვანიას ტელეფონიდან ზარი ხორციელდება, საუბრობენ 47 წამი. ეს ნომერი დღემდე გამორთულია, რეგისტრირებულია გოჩა ჯანაშიაზე, დაბადებული 1965 წლის 13 აპრილს, თბილისი, ლვოვის ქუჩა №10. 04:49 საათზე ნომერზე (77) 47-52-58 განმეორებით ირეკება პრემიერის ნომრიდან. საუბრობენ 56 წამი. 04:52 და 04:53 საათებზე უკვე ზარი ხორციელდება პირიქით, ნომერი 77 47-52-58 რეკავს პრემიერის ნომერზე, პირველ შემთხვევაში საუბრობენ 21 წამი, მეორე შემთხვევაში - 24 წამი. 04:57 და 04:58 საათებზე იმავე ნომერზე განმეორებით ირეკება პრემიერის ნომრიდან. პირველ ჯერზე საუბარი გრძელდება 14 წამი. ხოლო მეორედ - 61 წამი. გოჩა ჯანაშიაზე რეგისტრირებულ ნომერსა და ზურაბ ჟვანიას ნომერს შორის კავშირი განხორციელდა 6-ჯერ.
3. 822 28-41-21 - დღევანდელი ინდექსით - 032 228-41-21, ქალაქის ტელეფონი, ნომერი ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის სამორიგეო განყოფილებას. 2005 წლის 3 თებერვალს, 04:43 საათზე, ამ ნომერზე ირეკება პრემიერის ტელეფონიდან. საუბრის ხანგრძლივობა 136 წამი.
4. (77) 53-03-33 - ამ ნომერზე რეგისტრირებული აბონენტია პრემიერის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია, დაბადებული 1965 წლის 26 დეკემბერს, მისამართი: აღმაშენებლის №150. ამ ტელეფონიდან პრემიერის ნომერზე ზარი განხორციელდა 2005 წლის 3 თებერვალს, 04:50 საათზე. საუბრის ხანგრძლივობაა 14 წამი. დღეს ამ ნომრის აბონენტმა ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვა.
5. (99) 33-50-07 - 2005 წლის 3 თებერვალს ამ ნომრიდან 04:59 საათზე ირეკება პრემიერის ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობაა 46 წამი. 05:04 საათზე იმავე ნომერს უკავშირდებიან პრემიერის ნომრიდან. საუბრის ხანგრძლივობაა 29 წამი. სამწუხაროდ, დღეს ეს ნომერი გამორთულია (გამორთული იყო 2012 წლის დეკემბერშიცც. ნომერი რეგისტრირებულია არჩილ მაჩაბელზე, მისამართი: კახეთის გზატკეცილი №36ა, ბინა 27.
6. (77) 79-79-57 - ამ ნომრიდან პრემიერის ტელეფონზე ზარი განხორციელდა 05:05 საათზე. საუბრის ხანგრძლივობაა 30 წამი. ნომერი რეგისტრირებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, 9 აპრილის ქუჩა №3, მერაბ მეგრელიშვილი, დაბადებული 1960 წლის 12 დეკემბერს. აბონენტმა, რომელმაც ამ ტელეფონზე გვიპასუხა, გვარი და სახელი არ დაასახელა, რაღაც გეშლებათო, აღელვებულმა თქვა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია საბურთალოს ქუჩის 53-ა კორპუსში (ახლანდელი სულხან ცინცაძის 77) დაქირავებულ კონსპირაციულ ბინაში უნდა შეხვედროდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს რაულ უსუპოვს. სატელეფონო საუბრის დეტალურ ამონაწერში არ ჩანს, რომ იმ ღამეს რაულ უსუპოვი ზურაბ ჟვანიას დაუკავშირდა. ჩვენებების მიხედვით გაირკვა, რომ რაულ უსუპოვს უკავშირდებოდა პრემიერის დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია ნომრიდან (99) 76-45-00 (უსუპოვის მამის იაშარ უსუპოვის ინფორმაციით, ადრე ეს ნომერი ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა, მაგრამ საძიებელში ნომრის მფლობელი არ ფიქსირდება). დღეს ამ ნომერზე დარეკვა შეუძლებელია.
როგორც სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერიდან ჩანს, აბონენტებს შორის არიან ზურაბ ჟვანიას მეგობრები მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ბარამიძე, ივანე ჩხარტიშვილი, კოკა ყანდიაშვილი და სხვა პირები. ვფიქრობთ, ტელეფონის ნომრების რეალური მფლობელები საკუთარ ნომრებს ამოიცნობენ და პრემიერთან 9 წლის წინანდელ საუბარსაც გააცნობენ გამოძიებას.
მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"