reportiori.ge - გრიშა ონიანი: არადა, ნაცმოძრაობა სამუდამოდ დაიმარხებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:16
პრეს-დაიჯესტი
გრიშა ონიანი: არადა, ნაცმოძრაობა სამუდამოდ დაიმარხებოდა!
ავტორი:
10 მარტი, 2014. 18:26

„ასავალ-დასავალის" წინა ნომერში გამოქვეყნებულმა წერილმა, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" თავმჯდომარემ გრიშა ონიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა, საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება პოვა. პატიოსანი ქართველი ხალხი გულწრფელად განიცდის მოძმე უკრაინის თავს დამტყდარ უბედურებას და დაინტერესებულია მისი ბედ-იღბლით. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ რუსულმა თუ გაურკვეველი წარმოშობის ტელეკომპანია „დოჟდმა" ლენინგრადის ცხრაასდღიანი ბლოკადის შესახებ შეურაცხმყოფელი გადაცემა მოამზადა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა და რუსმა პატრიოტებმა ტელეკომპანიის შენობის თავზე პროტესტის ნიშნად წითელი დროშა აღმართეს, ხოლო „ბილაინმა" ქვეყნის ათეულობით ქალაქში „დოჟდს" მაუწყებლობა შეუწყვიტა. ამ და სხვა საკითხებზე „ასავალ-დასავალს" გრიშა ონიანი ესაუბრა.

 

- ბატონო გრიშა, ტელეკომპანია „დოჟდში" რაც მოხდა, ალბათ, იცით...

- მსგავსი სულელური გამოკითხვები და განცხადებები, საუბედუროდ, ხშირად გაისმის ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში. „დოჟდის" „გამოკითხვა" სცილდება ყოველგვარ ადამიანურ ჩარჩოებს და საზოგადოებას უბიძგებს, თავიანთ გმირულ წარსულს მიაფურთხოს. ჩვენ კი, საქართველოში დარჩენილი ჯერ კიდევ სულით ქართველები, იმ სულისკვეთებით ვცხოვრობთ, როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები: სამასი არაგველი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, მრავალნი და მრავალნი... ვინმე მეტყვის, რომ საქართველოს „მთავარსარდალი" უპატრონოდ მიტოვებული ჯარისკაცებისა და დაუმარხავი ბიჭების ცოდვის გამო ფორთხავდა გორის მიწაზე და სიმწრით ჰალსტუხს ღეჭავდა?


- მოდით, ისევ უკრაინის შესახებ გავაგრძელოთ საუბარი და კიდევ ერთხელ ავუხსნათ მკითხველს, რით დამთავრდება მავანთა მიერ კიევში ორგანიზებული არეულობა?

- ჯერ კიდევ 1952 წლის 7 ოქტომბერს პარტიის მე-19 ყრილობაზე ლავრენტი ბერია თავის გამოსვლაში ამბობდა: „შევადაროთ ერთმანეთს უკრაინა და ევროპის ორი უდიდესი სახელმწიფო საფრანგეთი და იტალია. უკრაინა ახლა ბევრად მეტ თუჯს აწარმოებს, ვიდრე ერთად აღებული საფრანგეთი და იტალია, იძლევა მეტ ფოლადს და ნაგლინს, ვიდრე საფრანგეთი და სამჯერ და კიდევ უფრო მეტს, ვიდრე იტალია, იღებს ერთნახევარჯერ მეტ ქვანახშირს, ვიდრე ერთად აღებული საფრანგეთი და იტალია; მოჰყავს მნიშვნელოვნად მეტი მარცვლეული, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი და ამზადებს მეტ შაქარს, ვიდრე საფრანგეთი და იტალია ერთად".

უკრაინის ბუნებრივი რესურსი ევროპისათვის ის ახალი სისხლია, რომელიც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს ბიოლოგიურად რესურსგამოცლილ და მორალურად დეგრადირებულ საზოგადოებას. აი, მავანთა დაინტერესების მიზეზიც!


- უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინა უკვე ჩაყლაპა ევროპამ?

- ყელში არ გაეჩხიროთ! უკრაინა წელიწადნახევარი ჰქონდა დაპყრობილი ჰიტლერს, მაგრამ კუდამოძუებულმა დატოვა იგი! ბუნებაში არ არსებობს რუსებისთვის წართმეული მიწის ერთი გოჯიც კი, მაშინ, როცა სწორედ სხვისი მიწებით უკიდეგანო გახდა რუსეთის ახალი იმპერია! ევროპამ და ამერიკამ რუსეთს ამჟამად „მაზოლზე" დაადგეს ფეხი და ოლიმპიადის ჩასაშლელად კუნთებს ათამაშებენ კიევის რუსეთში. ვფიქრობ, შედეგები კატასტროფული იქნება. პლანეტაზე ხალხთა სიმრავლემ და ბაზრების სივიწროვემ ძალზე მაღლა ასწია არტერიული წნევა, რომლის დარეგულირებაც ზედაპირული მკურნალობით არ ხერხდება და მკურნალობის უკიდურესი ფორმა - სისხლის გამოშვება იქნება აუცილებელი!


- ე. ი. რა გამოდის, ომი იქნება? რუსეთი თავის არსებობას კიევის რუსეთით იწყებს და უკრაინის საკითხი, ბოლოს და ბოლოს, რუსეთისთვის მსოფლიო პრესტიჟის საქმეა...

- შორიდან უნდა შემოვუარო. ამბობენ, სტალინმა შექმნა დიდი რუსეთი და დიდი რუსი ხალხიო!.. მე ეს სწორად არ მიმაჩნია, პირიქით, დიდმა რუსეთმა შექმნა დიდი სტალინი გამომხატველად თავისი სახისა და ძლიერებისა! 1946 წელს მოლოტოვი მიპატიჟებული იყო პარიზში სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მას მეორე რიგში შესთავაზეს ადგილი (პირველ რიგში მდგომი სამხედროები აღლუმს იღებდნენ). მოლოტოვმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და პროტესტის ნიშნად დატოვა ტრიბუნაც და სამხედრო აღლუმიც. სტალინმა კი მოსკოვიდან დეპეშა გაუგზავნა: „სავსებით სწორად მოიქეცით, საბჭოთა კავშირის ღირსება მარტო მთავარში კი არა, წვრილმანებშიც უნდა დავიცვათ". ალბათ, პრესტიჟის საქმე იქნებოდა და „სავსებით სწორად მოიქცეოდა" პრეზიდენტი მარგველაშვილიც, რომ მას ცნობილი ინციდენტის შემდეგ თურქეთში ვიზიტი შეეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნებულიყო!.. რუსული ხასიათი და რუსი ხალხის ნება გამოხატა სტალინმა, 1945 წლის 18 აგვისტოს, როდესაც ჰარი ტრუმენმა მოულოდნელად მოსთხოვა მას კურილიის კუნძულებიდან ერთ-ერთი კუნძულის დათმობა საჰაერო ძალების ბაზირებისათვის. სტალინმა თავის ბლოკნოტიდან ფურცელი ამოხია და ფანქრით სარკაზმით სავსე წერილი მისწერა ამერიკის პრეზიდენტს: „ამგვარ მოთხოვნებს ჩვეულებრივ დამარცხებულ ქვეყანას წაუყენებენ ხოლმე, ან ისეთ მოკავშირე სახელმწიფოს, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილის დაცვა და ამის გამო მზად არის, მოკავშირეს შესაბამისი ბაზა დაუთმოს. არა მგონია, საბჭოთა კავშირი ასეთ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნებოდეს".


- სტალინის ასეთი რაფინირებული პასუხის ფონზე რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ ახალი ხელისუფლება და რა მოგველის მომავალში?

- ახალი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მონაპოვარია, რაც ერთმნიშვნელოვნად მიეწერება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო საეჭვო ხდება ამ მონაპოვრის მნიშვნელობა. მჯერა, ბიძინა ივანიშვილისადმი ხალხის უდიდეს ნდობასა და მხარდაჭერას ნინო ბურჯანაძის შორსმჭვრეტელობა და პოლიტიკური გამოცდილება რომ დამატებოდა, ნაცმოძრაობა სამუდამოდ დაიმარხებოდა, ხოლო საქართველო სრულ დამოუკიდებლობას მიიღებდა! დღეს საქართველო განვითარების მცდარ გზაზეა შეყენებული. ლევან ბერძენიშვილის კლასიდან კლასში გადაყვანისა და კლასში ჩარჩენის დასაბუთებულ თეორიას რომ ვისმენ, ვფიქრობ, ჩვენ არათუ სწორი გზით მივდივართ, არამედ მივდივართ უფსკრულისაკენ!..



ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016