reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი: თუ ოჯახი გამოთქვამს სურვილს, ზურაბ ჟვანიას გვამის გამოკვლევის პროცესში ჩავერთვები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:48
ინტერვიუ
მაია ნიკოლეიშვილი: თუ ოჯახი გამოთქვამს სურვილს, ზურაბ ჟვანიას გვამის გამოკვლევის პროცესში ჩავერთვები!
ავტორი:
10 მარტი, 2014. 21:28

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და გამოძიების შესახებ თავის მოსაზრებას გვიზიარებს:

- 2005 წლის 3 თებერვლის დილას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოავლინა სრული არაპროფესიონალიზმი, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად გაზით გაგუდვა დაასახელა. არ შეიძლება, პროფესიონალმა ლაბორატორიული კვლევის გარეშე გამოაცხადოს ჯერ კიდევ დაუდგენელი და დაუსაბუთებელი ფაქტი. ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ პრემიერის გარდაცვალების მიზეზად გაზით გაგუდვის დასახელება იყო ტყუილი. მთელი დღის განმავლობაში ყურადღებით ვისმენდი შემდგომ განცხადებებს, არ დაგიმალავთ, მეგონა, რომ გვამის გამოკვლევის პროცესში ჩამრთავდნენ.


- ზარს ვისგან ელოდით?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებიდან არა, ველოდი ზურაბ ჟვანიას ოჯახისგან, მაგრამ არავინ დამკავშირებია. ეს ის ოჯახი არ იყო, ვანოს გამოცხადებული გადაეყლაპა და ტყუილი იოლად დაეჯერებინა. ეჭვები კიდევ უფრო გამიმყარდა, მივხვდი, რომ ამ შემთხვევის უკან სერიოზული მიზეზები იყო.

- პრემიერის გარდაცვალების მიზეზად ექსპერტებმაც გაზით გაგუდვა დაასახელეს.

- დიახ და მივხვდი, რომ სადავეები ეჭირათ სხვა უწყებებს, იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწორედ ამ გარემოებათა გამო ოჯახი მე ვეღარ მომმართავდა. კადრებში ძალიან კარგად ჩანდა გურამ დონაძის მოძრაობა ექსპერტების სიახლოვეს, თვალწინ მიდგას მათი დაბნეული სახეები, მარინა ავალიძის დაძაბული მზერა, როდესაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როდესაც ითქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სისხლში ნახშირჟანგის კონცენტრაცია უდრიდა 20 პროცენტს, მივხვდი, რომ კეთდებოდა შეთითხნილი განცხადებები - 20 პროცენტი ნახშირჟანგი სიკვდილს არ იწვევს. კვლევა ჩატარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ქრომატოგრაფი კი, რითაც მონაცემები დგინდება, იდგა პირველ კლინიკურ საავადმოყოფოში („არამიანცში") და არა რესპუბლიკურში. გამორიცხულია, ასეთ მოკლე დროში მასალები აქეთ-იქით ეტარებინათ, სისხლის რეგისტრაცია პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოეხდინათ, კვლევა იქ ჩაეტარებინათ, შემდეგ კი უკან მიბრუნებულიყვნენ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ეკეთებინათ განცხადებები. იმავე საღამოს ტელეკომპანია „მზის" ეთერით განვაცხადე, რომ ყოვლად დაუშვებელია ლაბორატორიული კვლევების გარეშე დასკვნების გამოტანა და, მითუმეტეს, 20 პროცენტი ნახშირჟანგი ვერ გამოიწვევდა ადამიანის სიკვდილს-მეთქი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა დახურული ექსპერტიზა, გარედან ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა, პროცესში ჩართეს პათანატომების მთელი კორპუსი. არადა, პათანატომს არ ეხება ნახშირჟანგის კვლევა, ისინი ადგენენ, ადგილი ჰქონდა თუ არა პარალელურად სხვა დაავადებებს. როგორც წესი, დიდი კომისიები ტარდება მაშინ, როდესაც ექსპერტებს არ სურთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ანაწილებენ მას დანარჩენ წევრებზე. ტელევიზიით ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა საოცრება და ადრე დასახელებული ნახშირჟანგის პროცენტული მაჩვენებელი 20-დან 60 პროცენტამდე გაზარდეს. ეს იყო კიდევ ერთი ნონსენსი, ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე ვერ იტყვი, ბოდიში, შემეშალა და ახლა სხვა მაჩვენებელი მივიღეო. დასკვნას დებს აპარატი და, თუ წინასწარ მცდარი მონაცემი არ მიეცი, ის არ შეცდება. ამის შემდეგ ვახო კომახიძემ დაიწყო, პრემიერის უცაბედი გარდაცვალების შესახებ ფილმისათვის მასალების მოძიება, ყველა დასკვნა მოიპოვა, რაც დაკავშირებული იყო ძალიან დიდ სირთულეებთან. ეტყობა, ვიღაცამ თავის თავზე აიღო, მისცა ეს მასალები და ის ვიღაც ძალიან მაღალ საფეხურზე მდგომი პირი იქნებოდა. გაოგნებული ვიყავი, ვახო კომახიძის ხელში ეს დასკვნები რომ დავინახე.


- რა აღმოჩნდა ამ დასკვნებში?

- აღმოჩნდა ის, რომ ზურაბ ჟვანიას ტუჩზე ჰქონდა დაზიანება - როგორც დასკვნაში წერია, ნასკდომი, თან არცთუ ისე მცირე ზომის, რომელიც შიგნით ლორწოვანზე გადადიოდა (სისხლჩაქცევით). ეს იყო მკვრივი საგნით მიყენებული ჭრილობა, რასაც ვერანაირად ვერ „ჩამოწერდი". რატომღაც ეს დაზიანება ექსპერტ ლევან ჩაჩუას შეფასებული აქვს, როგორც სიკვდილის შემდგომი. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ შეფასებას, ეს არის სიცოცხლისდროინდელი დაზიანება, დასკვნაში ჭრილობის ფერები, თავისი ნასკდომითა და სისხლჩაქცევით, აღნიშნულია როგორც მოწითალო - ეს აღწერილობა კი მეტყველებს იმას, რომ გვამს ეს დაზიანება ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე ჰქონდა მიღებული. ამას გარდა, შემთხვევის ადგილზე არცერთ საგანზე (რასაც უდავოდ უნდა შეხებოდნენ) არ იყო ჟვანიასა და უსუპოვის თითის ანაბეჭდები. შემდგომში არც გვამებზე იყო აღებული თითის ანაბეჭდები. გამოკვლეული იყო მათ მიერ მირთმეული საკვების მასა, რომელიც კუჭის გახსნისას აბსოლუტურად განირჩეოდა, ისეთი სურათი ჩანდა, თითქოს მათ დაუღეჭავად ჰქონდათ მიღებული ეს საკვები, თითქოს ვიღაცას უნდოდა, ეჩვენებინა, რომ მათ მიირთვეს ზუსტად ის, რაც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა. კუჭის შიგთავსის მიხედვით, მთელი მენიუს დადგენა, შეიძლებოდა. დასადგენია, საკვების მიღებიდან რა დროის შემდეგ დადგა სიკვდილი (საკვების დაღეჭვიდან მონელებამდე საკმაო დრო გადის, სიკვდილის დრო დაფიქსირებულია 2005 წლის ღამის 3 საათიდან 5 საათამდე). ამას გარდა, ნახშირჟანგით მოწამვლის შემთხვევაში სისხლი და კუნთები სპეციფიკურ ალისფერს იღებს, ერთხელაც რომ ნახოთ ნიმუში, არასოდეს დაგავიწყდებათ. ჩემდა გასაკვირად, დასკვნაში ეს შეფერილობა აღწერილი არ არის. ამის გარდა, საუბარი იყო ოთახში ზურაბ ჟვანიას გადაადგილებაზე, შემდეგ ითქვა, თითქოს სავარძელში მჯდარა. სავარძელში რომ მჯდარიყო, გარკვეულ ზედაპირებზე გაუჩნდებოდა გვამური ლაქები (ქვედა ადგილებში), ხოლო, თუ მისი გადაადგილება მოხდებოდა, განვითარდებოდა ახალი გვამური ლაქები. ლაქების გაჩენას თავისი დრო და საათები აქვს, თუ ჟვანია 4-6 საათი იჯდა, მაშინ გვამური ლაქები სხეულის ქვედა ნაწილებზე უნდა ყოფილიყო და არ განვითარებულიყო სხვა ადგილებზე. მსგავსი ნიუანსები ძალიან ბევრია.


- კონსპირაციული ბინა პირველ სართულზე მდებარეობდა, გამათბობლის მილი გარედან ვინმეს რომ დაეხშო, არც მაშინ დაგროვდეოდა ოთახში ნახშირჟანგი?

- იმ ღამეს გაზი საერთოდ არ იყო, თანაც ჟვანიას სისხლში კარბოქსიჰემოგლობინი ხომ უნდა დაფიქსირებულიყო? (უსუპოვზე არ ვისაუბრებ, ამბობენ, რომ დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ დასკვნაში ეს აღნიშნული არ არის). ორივე გვამის ექსპერტიზის დასკვნა დაწერილია ერთი და იმავე შაბლონით, ნუთუ მათ შორის განსხვავება საერთოდ არ იყო (თუნდაც იმაში, რომ უსუპოვი ჟვანიასთან შედარებით ახალგაზრდა გახლდათ), ეს ნახშირჟანგი ასე მეხივით დაეცა ორივეს?


- შესაძლებელია, რომ მათთვის ხელოვნურად შეეყვანათ ნახშირჟანგი?

- ეს თემა შემოგდებულად მიმაჩნია, ვიმეორებ, სისხლში კარბოქსიჰემოგლობინი ხომ უნდა გაჩენილიყო, ხელოვნურადაც რომ შეეყვანათ, ალისფერი შეფერილობა ხომ უნდა დაფიქსირებულიყო? მაგრამ ესეც რომ დავუშვათ, ნახშირჟანგის არარსებობას რას უზამ?


- როგორც ითქვა, ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩზე ჭრილობა გაუჩნდა ტრანსპორტირების შედეგად.

- ისიც ითქვა, თითქოს ტუჩი დაუზიანდა ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას, მერე ესეც უარყვეს. შემდეგ მახსოვს ექსპერტების ლევან ჩაჩუასა და ზაზა ოქრუაშვილის გამოსვლა (დიდი ხანი არ არის, რაც ზაზა გარდაიცვალა) და უკვე არა იმ ციფრის დასახელება, რაც პირველ დღესვე ითქვა - სისხლში არსებული ნახშირჟანგის 20 პროცენტის, არამედ დასახელებულ იქნა გაცილებით მეტი. თამამად ვამბობ, ეს მაჩვენებელი შეიცვალა ჩემი გამოსვლის შემდეგ. მე და ვახო კომახიძემ ჩავატარეთ კიდევ ერთი სერიოზული კვლევა, მივაკითხეთ სპეციალისტს შრომის უსაფრთხოების დარგში (გვარს ვერ დავასახელებ), რომელმაც ფასდაუდეელი დახმარება გაგვიწია, განსაზღვრა, იმ კონკრეტულ ფართში რა პერიოდში შეიძლებოდა მომხდარიყო ნახშირჟანგის იმ მოცულობის დაგროვება, რაც გამოიწვევდა ადამიანის სიკვდილს. ამ ერთმა სპეციალისტმა გადაწონა ამერიკის ლაბორატორიის მთელი მუშაობა და მოცემულ ციფრებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ შეუძლებელი იყო, ნახშირჟანგის იმ მოცულობას ადამიანის სიკვდილი გამოეწვია. ქართულად ნათარგმნ ამერიკულ დასკვნაში ეწერა, რომ ნახშირჟანგის კონცენტრაციამ მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, მაგრამ ინგლისურ ვარიანტში სულ სხვა რამაა დაფიქსირებული - ნახშირჟანგს კრიტიკული ზღვრისთვის არ მიუღწევიაო. ამ ფაქტს ტექნიკურ შეცდომად ვერ ჩავთვლით, რადგან მთელ მონაცემს თავდაყირა აყენებს. ამერიკელებმა ჩაატარეს შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტი. ჩართეს გამათბობელი, დააფიქსირეს წვა, ყველა ნიუანსი და ის რიცხვები ვერ მიიღეს, რაც ექსპერტების მიერ ცხადდებოდა. არის კიდევ ერთი ფაქტი, ბოლო მონაცემით, ჟვანიას სახლში ნახშირჟანგის კონცენტრაცია ხომ დააფიქსირეს 60,7 პროცენტი, არადა, აპარატი კენტ მეათედებში არ ზომავდა. ვსვამ კითხვას, როგორ მოგვცა აპარატმა ის შედეგი, რასაც მაშინ ვერ ადგენდა?! ეს ყველაფერი დაფიქსირდა ვახო კომახიძის ფილმშიც „ტყვიის გარეშე", რამაც დიდი ეჭვები გააჩინა, სულ რამდენიმე დღეში კი მოკლეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული.


- ვინ გამოიკვლია ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამები?

- დასკვნაში ზუსტად ასე წერია - გვამების ექსპერტიზა აწარმოეს: ლ. ჩაჩუამ, კ. ერისთავმა, თ. აფაქიძემ, ო. ხარძეიშვილმა, გ. დიდავამ, მ. ჩხაიძემ, გამოკვლევას ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლები ი. შელია და დ. თევზაძე. მარინა ავალიძის გვარი, რომელმაც გააკეთა პირველი განცხადება ნახშირჟანგით მოწამვლასთან დაკავშირებით, აქ ჩანს. ეტყობა, კოლეგებისგან განსხვავებით, მაშინ მან აიღო თავის თავზე რთული მისია და გააკეთა პირველი განცხადება. დასკვნაში წერია, რომ სისხლის გამოკვლევა ჩაატარეს ავალიძემ და თანდილაშვილმა. რაულ უსუპოვის შინაგანი ორგანოები შეისწავლა პროფესორმა კაპანაძემ. შემთხვევის ადგილზე გვამების გამოკვლევა დაიწყო დილის 9 საათზე და შემდეგ გაგრძელდა 15 საათიდან. ჩემთვის ცნობილი არ არის, დილის 9 საათზე რომელი ექსპერტი მივიდა, მისი გვარი დასკვნაშიც არ წერია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 საათიდან დაიწყო გამოკვლევა. ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნას არ ახლავს ჟვანიასა და უსუპოვის გვამების ფოტოები.


- თუ უშვებთ იმას, რომ შესაძლოა, ექსპერტს ვერ შეემჩნია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ყრილობა - ერთ-ერთი ვერსიით, ჭრილობა ამოვსებული იყო პარაფინით.

-გააჩნია, გვამზე ხელით ვინ მუშაობდა...


- ლევან ჩაჩუამ განაცხადა, გვამზე საეჭვო რამ რომ შეენიშნა, ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე ხმამაღლა ხომ იტყოდაო.

- ეს არის საქმისადმი არასერიოზული მიდგომა, იმ სიტუაციაში ჭირისუფალს რა დასკვნები უნდა გამოეტანა?! შეიძლება, ადამიანს გარკვეული ძალით დარტყმა მიაყენო და კვალი საერთოდ არ დარჩეს.


- უშვებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობა ზურაბ ჟვანიას მკვლელობას უკავშირდება?

- როგორც ზურაბ ჟვანიას, ისე სამხარაულის მკვლელობა მოხდა წარმოუდგენელ გარემოებებში, სამხარაული მოკლა კლასელმა, შემდეგ კი თავი მოიკლა - თან ორი იარაღით.


- ლევან ჩაჩუამ ბრძანა, რომ ორი იარაღით თავის მოკვლა შესაძლებელია.

- ლევან ჩაჩუამ რომ დღეს დასკვნა უფრო ნათელი გახადოს, რა გგონიათ, ვინმე აპატიებს? ამდენი წელია, ყველაფერი აწყობილია მის მიერ დაწერილ დასკვნაზე, ახლა რაიმე რომ თქვას, ოდესმე აპატიებენ? ექსპერტის დასკვნას სჭირდება დასაბუთება და ამ შემთხვევაში ლევან ჩაჩუას დასკვნა ჩემთვის სრულიად დაუსაბუთებელია, რაც პირველად თქვა, ჯიუტად იმავეს იმეორებს, ახლა ხომ ვერ იტყვის, მაშინ შემეშალაო. ლევან სამხარაულის მკვლელის (მჭედლიშვილის) „თვითმკვლელობის" შემთხვევაშიც უამრავი შეკითხვა იბადება, კრიმინალისტის დასკვნა აბსოლუტურად არ ემთხვევა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ეს არის ორი, სრულიად განსხვავებული დასკვნა. თვითმკვლელობის ადგილზე აღმოჩნდა გადაჭრილი თოფი,  რომელსაც იმ კუთხით ვერანაირად მიმართავდა, რომ თავი მოეკლა.


- მჭედლიშვილს თავი მოუკლავს ორი იარაღით.

- ერთდროულად ერთი და იმავე ძალით ორივე ხელიდან იარაღის გასროლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პირველი დაზიანება ასწრებს მეორეს, თუნდაც წამებში - პირველად თუ თავი დაზიანდეოდა, გამორიცხული იყო, მეორე გასროლა განხორციელებულიყო და პირიქით, გული თუ დაზიანდებოდა, ვერც მაშინ მოახერხებდა მეორე გასროლას (მჭედლიშვილს გული გაგლეჯილი ჰქონდა და თავის ტვინი აბსოლუტურად დაზიანებული). დედამისი დღემდე შეშინებულია, თუმცა, გარკვევით თქვა, რომ ოთახიდან ორი გასროლის ხმა გაიგო. გვამის ექსპერტიზის დასკვნა წაკითხული მაქვს და ეს არის აბსოლუტურად დაზიანებული). დედამისი დღემდე შეშინებულია, თუმცა, გარკვევით თქვა, რომ ოთახიდან ორი გასროლის ხმა გაიგო. გვამის ექსპერტიზის დასკვნა წაკითხული მაქვს და ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ამ შემთხვევაშიც ისეთივე შეუსაბამოებებია, როგორიც ჟვანიას საექსპერტო დასკვნაში, ამდენი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნების დადება წარმოუდგენელია, ასე არ ხდება.


- გგონიათ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმე გაიხსნება?

- თანავუგრძნობ გამოძიებას, ადვილია, როდესაც ფაქტს ეჭვქვეშ აყენებ, მაგრამ ძალიან ძნელია მისი დასაბუთება. ალბათ, ჩვენებებს დაეყრდნობიან. გვამების ექსჰუმაცია აუცილებელია.


- რა შეიძლება დადგინდეს ექსჰუმაციის შემთხვევაში?

- არა მგონია, რომ კარბოქსიჰემოგლობინის აღმოჩენა მოხდეს. ერთადერთი, ტრავმა თუ იყო, გამოჩნდება. ამ საქმის დასრულება ექსჰუმაციის გარეშე არ მოხდება.


- ზურაბ ჟვანიას გასვენებაში ბრძანდებოდით?

- არა, სურვილი არ მქონდა მივსულიყავი და სააკაშვილის, ბარამიძის და სხვებისთვის მეცქირა.


- ზურაბ ჟვანიას ოჯახს არც შემდეგ მოუმართავს თქვენთვის?

- არა. ჟვანიას ძმას და უსუპოვის მამას სულ ახლახან შევხვდი, როდესაც ინგა გრიგოლიას გადაცემაში მივიღე მონაწილეობა, ახლა მივუსამძიმრე.


- რით ახსნით მათ დუმილს?

- არ ვიცი. შესაძლებელია, მათ ჩემი აზრი იცოდნენ ვახო კომახიძის მხრიდან. თუ ოჯახი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩავერთო პროცესებში, თანხმობას განვაცხადებ, გამოძიებამ რომც მომმართოს და ოჯახი წინააღმდეგი წავიდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები!




ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016