სასერვერო კომპანია „გრენას“ ინფორმაციით, საინფორმაციო სააგენტო “frontnews” მასიური კიბერ–შეტევის ობიექტი გახდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ „frontnews“–ისთვის გაგზავნილ განცხადებაშია ნათქვამი.
„გაცნობებთ, რომ თქვენს ვებ-გვერდზე www.frontnews.ge 1 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა მასიური კიბერშეტევა, რომელიც დაიწყო 10 მარტს, საღამოს 7 საათიდან და გაგრძელდა 11 მარტის საღამომდე. ჩვენს მიერ გამოვლენილ იქნა ე.წ. C&C სერვერი (Comand & Control), რომელიც მდებარეობდა უკრაინაში, საიდანაც ძირითადად ხორციელდებოდა კიბერშეტევის მართვა. შეტევაში დაფიქსირებულ იქნა მრავალი ქვეყნის ათასობით IP მისამართი, სავაურაუდოდ, Bot კომპიუტერები.
5 000 000-ზე მეტი სესიის გახსნის მცდელობა იყო წამში, ამის გამო თქვენი საიტი მუშაობდა შეფერხებით. უკრაინელი კოლეგების დახმარებით ჩვენ შევძელით, დაგვეხურა C&C სერვერი, რის შემდეგაც შეტევებმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ როგორც ჩანს, ამ C&C სერვერის გარდა, სხვა IP მისამართებიც მონაწილეობდენ შეტევაში, მაგრამ უმნიშვნელო ზიანს აყენებდენ საიტის ფუნქციონირებას.
ამჟამად კიდევ მიდის მცირე შეტევა და იმედი მაქვს, რომ ისიც მალე შეწყდება.
გლობალური და ლოკალური ინტერნეტის წვდომა ამჟამად გახსნილია და საიტი ფუნქციონირებს უპრობლემოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)