მთავარი პროკურორის გ ანცხადებით, მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტულ საქმედ ყოფილი პრემიერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის გარდაცვალების გარემოების ზუსტი და თანმიმდევრული გამოძიება რჩება, რომლის ფარგლებში გარკვეული პროგრესია. ლევან სამხარაული, რომელიც, მაშინ, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან სამ თვეში ყვარელში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კი თავი მოიკლა. მას თავში და გულში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლევან სამხარაული ესწრებოდა იმ გამათბობლის შემოწმების პროცედურას, რომელიც გამოძიების დასაწყისშივე ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზად დასახელდა. რაულ იუსუპოვის მამა, იაშა იუსუპოვი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ ხელით მოახრჩვეს და შემდეგ ორგანიზმში შხამი ნემსით შეუშვეს. ისევე, როგორც გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, იაშა იუსუპოვიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს და გიორგი ბარამიძეს ასახელებს. „გამოძიება მიმდინარეობს იმ მიმართულებით, როგორ და რით არიან მოკლულები. გაზის გაგუდვის ვერსია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. ეს მხოლოდ სააკაშვილსა და მის მომხრეებს აწყობდათ და აწყობთ ახლაც. გაზი იმ საღამოს ბინაში არ იყო და გაზით როგორ გაიგუდებოდნენ? ჩემს შვილს ყელზე ჰქონდა ზოლი, ძალიან წვრილად ეტყობოდა მკერდზე ნანემსარი. დღეს, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სხეულში შხამი შეუშვეს. როგორც ჩანს, მანქანაში რომ იჯდა, უკნიდან ყელზე მოუჭირეს ხელი, ასე გათიშეს და მერე მის ორგანიზმში შხამი შეუშვეს. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს, ამ საკითხზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, – აცხადებს ის.