ხელვაჩაურში ჰესს, რომელსაც კომპანია „აჭარა ენერჯ 2007“ მდინარე ჭოროხზე აშენებს, სოფლები კირნათი, მარადიდი და აჭარისწყალი ესაზღვრება. ჰესის აშენებით დაიტბორება აღნიშნული სოფლების მდინარისპირა ტერიტორია, რომლის ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაშია, ან ეგრეთ წოდებული „ბაბუის მიწაა“, რომელსაც წლების განმავლობაში სარგებლობდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჯარო რეესტრი აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობაზე რეგისტრაციების გადახედვას გეგმავს. ასეთი სულ 26 ოჯახია. უწყების იურიდიული სამსახურის უფროსი თინათინ ყოლბაია საკითხის გაცნობა-შესწავლისთვის ბათუმში, იუსტიციის სახლში დღეს სოფელ მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა და საჯარო მოსმენა გამართა.
შეხვედრაზე დაინტერესებული მხარეების - ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ასევე იურისტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. მათ მოსახლეობის საკუთრებაში მქონე მიწების კანონიერება განიხილეს.
სახელმწიფო ორგანოს პოზიცია ასეთია: აღმოჩნდა, რომ მისივე გამოცემული აქტებით მიწები მდინარის პირას არის დარეგისტრირებული. წყალი და წყლის კალაპოტი კი წარმოადგენს განსაკუთრებული რეგულირების საგანს და კანონით არ შეიძლება ვინმეს საკუთრებაში იყოს. გარდა ამისა, ეს ნაკვეთები გამოუსადეგარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის. ეს გარემოებები კი მათთვის მიწის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. მოსახლეობა კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთებით, რომელიც მდინარის პირას აქვთ, დღემდე სარგებლობენ და მოჰყავთ მოსავალი. ჰესის მშენებარე ტერიტორიაზე მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებისთვის მიწის რეგისტრაციის კანონიერებაზე კიდევ 13 და 24 მარტს იმსჯელებენ. 10 დღის შემდეგ კი საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რითაც ცნობილი გახდება რა ფორმით შეუნარჩუნდება 26 ოჯახს მიწის ნაკვეთი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)