საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ესპანეთის სამეფოს მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრს ხოსე მანუელ სორიას შეხვედა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეები, საქართველოში ესპანეთის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების სამომავლო ვიზიტზეც შეთანხმდენენ. ხოსე მანუელ სორიამ საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
„გვექნება ტურიზმის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები. ესპანეთს ამ სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება - მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გასულ წელს 60 მილიონი ტურისტი ეწვია ამ ქვეყანას, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. მათ აქვთ სპეციალური ინსტიტუტები იმგვარად მოწყობილი, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. ასევე, აქვთ ძალიან მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელსაც გაგვიზიარებენ და ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.