მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ბოლო დროს ჯანმრთელობას უჩივის. მას ხერხემლის პრობლემები აქვს, რის გამოც ცეკვას ვეღარ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, სალომეს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ოპერაციის შემდეგ ცეკვა ვეღარ შეძლოს.
როგორც სალომეს მეუღლე, მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, სალომეს ხერხემლის თიაქარი აქვს, რომლის მოშორებაც ოპერაციითაა შესაძლებელი, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში გარანტიას ვერ აძლევენ, რომ ოპერაციის შემდეეგ ცეკვას შეძლებს, გადაწყვიტეს საზღვარგარეთ იმკურნალონ. გიორგის თქმით, შვეიცარიაში აქვთ ახალი მეთოდი, ნემსით აქრობენ თიაქარს და სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებიდანაც ელოდებიან პასუხს.
„ძვირადღირებული პროცედურებია, მაგრამ ფასს მნიშვნელობა არ აქვს. განსაკუთრებით დილით აწუხებს ტკივილები, გამაყუჩებლებს იკეთებს“, - აცხადებს გიორგი ვარდოსანიძე.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)