თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მასთან ერთად შეხვდერაზე საკანონმდებლო ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფირუაშვილიც იმყოფებოდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, მერიის მხრიდან ანალოგიურ ფართებზე ისე ხდებოდა მშენებლობის ნებართვების გაცემა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არ იყო შესწავლილი.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პირველ რიგში აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ბიზნესი კარგია, მაგრამ უჰაეროდ ცხოვრება შეუძლებელია", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
კახაბერ ფირუაშვილი არასწორად მიიჩნევს ვაკის პარკში რაიმე ობიექტის განთავსებას და ამბობს, რომ ტერიტორია თბილისელებისთვის მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს. იგი ინვესტორისთვის სხვა ტერიტორიის შეთავაზებაზეც საუბრობს.
14 მარტს აქციის მონაწილეებთან ერთად საკითხი საკრებულოში კვლავ განიხილება. შეხვედრაზე მოძრაობის წევრებთან ერთად იქნებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, სადაც მხარეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ და კანონის ფარგლებში მინიმუმადე დაიყვანონ აღნიშნული პრობლემა, ისე, რომ არც ინვესტორი დაზარალდეს და არც გარემო.