ბოტოქსის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო და თავიდან ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა მისი გვერდითი ეფექტი - პაციენტებში დაფიქსირდა თვალის გარშემო, ტუჩებისა და შუბლის მიდამოში ნაოჭების ალაგება. მომდევნო წლებში ბოტოქსის ინექციები არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა კოსმეტოლოგიაში, ესტეთიკურ მედიცინაში და აქტუალურობას არც დღეს კარგავს.
რა არის ბოტოქსი
ეს არის გასუფთავებული და შესუსტებული ბოტულიზმის “A ” ტიპის ნეიროტოქსინისგან დამზადებული პრეპარატი. კანში ბოტოქსის ინიექცია იწვევს კუნთების დროებით დამბლას. შედეგად მიმიკა იზღუდება, მაგალითად, წარბების შეყრის ჩვევა ქრება. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებია ბუნებრივი მიმიკური მოძრაობა, მით უფრო ნაკლებად ჩნდება ნაოჭები. კოსმეტოლოგიაში ბოტოქსი აქტიურად გამოიყენება 80-იანი წლებიდან.
რა ასაკიდან შეიძლება ბოტოქსის გამოყენება
ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, რადგან ბოტოქსი მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტის შესანიღბად არ გამოიყენება. თანაც, ნაოჭები ზოგჯერ მხოლოდ ასაკის ბრალი არ არის: მათი ნაადრევი გამოჩენა დიდი სტრესით შეიძლება იყოს გამოწვეული, მიუხედავად იმისა, სტრესი დადებითი თუ უარყოფითი ემოციებით არის განპირობებული. ბედნიერსა და მარად მომღიმარ ადამიანებს ადრე უჩნდებათ თვალების ირგვლივ ნაოჭები, ბუზღუნა და მოღუშულ პირებს კი წარბებს შორის. თვალების ხშირი მოჭუტვა და გრიმასა ასევე ”გაჯილდოებთ” ნაოჭებით. რაც შეეხება გამაახალგაზრდავებელ ეფექტს, 40 წლის შემდეგ ის უმნიშვნელოა. თუ სპეციალისტი გირჩევთ ქირურგიულ ლიფტინგს, ბოტოქსის დამატებითი ინექციები მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებათ შედეგის შენარჩუნებაში.
ბოტოქსი არამხოლოდ ასწორებს კანის რელიეფს, არამედ ამცირებს ოფლის გამოყოფასა და მუდმივ თავის ტკივილს. ბოტულოტოქსინის პრეპარატები გამოიყენება პროქტოლოგიაში, ოფთალმოლოგიასა და ბავშვთა ცერებრული დამბლის მკურნალობაში.
ვის უნდა მიმართოთ
იმის გათვალისწინებით, რომ ბოტოქსი მიეკუთვნება ტოქსინს, უმჯობესია ის პროფესიონალმა და არა დილეტანტმა კოსმეტოლოგმა გაგიკეთოთ. გარდა ამისა, პრეპარატის არასწორი შეყვანა გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგალითად წარბების დაწევა. სანამ პროცედურას გაიკეთებთ, დაინტერესდით აქვს თუ არა სპეციალისტს სერთიფიკატი.
როდის შეიმჩნევა ეფექტი და მისი ხანგრძლივობა
ყველაზე სასიამოვნოა, რომ პაციენტი ,,ახალგაზრდავდება” პროცედურის დამთავრებისთანავე. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებიც. მაქსიმალური ეფექტი შეინიშნება 3-4 თვის შემდეგ და ნარჩუნდება ნახევარი წლის განმავლობაში. შედეგის შენარჩუნების მიზნით სასურველია ინიექციის განმეორება. მიმიკური კუნთების მოძრაობის აღდგენა იწყება მე- 4 თვიდან, სრული აღდგენა კი- 5-8 თვეში. მდგრადი და ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად საჭიროა პრეპარატის შეყვანა წელიწადში 2-3 ჯერ (ყოველ 6 თვეში ერთხელ). ბოტოქსის დოზის გაზრდა არ არის საჭირო, რადგან თავდაპირველად შეყვანილი დოზა ინარჩუნებს ეფექტურობას. ბოტოქსის ინიექციებთან ერთად კოსმეტოლოგიური პროცედურები შესანიშნავ შედეგს იძლევა.
ბოტოქსის გამოყენების უკუჩვენებები
პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ზოგადი გამოკვლევა. ბოტოქსის შეყვანა არ შეიძლება: კუნთების სისუსტის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, აგრეთვე ქრონიკული დაავადების გამწვავების პერიოდში. ბოტოქსის გამოყენება რიგ შემთხვევებში არ ღირს. მაგალითად, ცხვირ- ტუჩის ღრმა ნაოჭის დროს უმჯობესია პოლიმერული პრეპარატების გამოყენება- შემავსებელი ეფექტით. თუ სპეციალისტი, რომელსაც მიმართეთ, იწვევს უნდობლობას, სცადეთ სხვისი მოძებნა.
არსებობს თუ არა გართულებები
ბოტოქსის შეყვანით გამოწვეული გვერდითი ეფექტები შექცევადია. მიუხედავად ამისა, ჰიპერდოზირების ან ნემსის სხვაგან მოხვედრის შემთხვევაში, ბოტოქსს შეუძლია გამოიწვიოს წარბების სპაზმი რამდენიმე თვით, წარბების “ჩამოიწევა” (3-4 თვით) ან ადგილობრივი კანქვეშა სისხლჩაქცევები. ბოტოქსის შეყვანა ცხვირ- ტუჩის ნაკეცის სიღრმეში არღვევს ზედა ტუჩის მოძრაობას. ბოტულოტოქსინით მოწამლვის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ტოქსიკური ეფექტი ვლინდება პრეპარატის 1000- ჯერ უფრო დიდი დოზით შეყვანისას. შესაძლებელია ინდივიდუალური აუტანლობა, შეშუპება, ალერგია. ინიექციის დადებითი გვერდითი ეფექტია კანის ცხიმიანობის დაქვეითება შუბლის არეში და თავის ტკივილის გაქრობა.
სახე ცვილის ნიღაბს რომ არ დაემსგავსოს, ბოტოქსი უნდა შეიყვანოთ ეტაპობრივად და არა მთელ სახეზე ერთად – დაიტოვეთ რამდენიმე ”ბუნებრივი” ადგილი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ორიგინალობას.