reportiori.ge - რაულ ჩილაჩავა: ფიქრები ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 200 წლის თავზე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რაულ ჩილაჩავა: ფიქრები ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 200 წლის თავზე...
ავტორი:
13 მარტი, 2014. 01:55



9 მარტს შესრულდა გენიალური ტარას შევჩენკოს დაბადების 200 წლისთავი.
გთავაზობთ ნაწყვეტს წინასიტყვაობიდან, რომელიც უძღვის ჩემი თარგმანების ალბომს...ტარას შევჩენკო. ფიქრნო ჩემნო. - კიევი, გამომცემლობა დნიპრო, 2013).

კობზარი

(ნაწყვეტი სტატიიდან)

Кобзар

(Уризвок з передмови до моїх перекладів Шевченкової поезії )

უცნობი თუ ცნობილი ავტორების მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი მდიდარი გამოცდილებიდან, ღრმა ეროვნული ნიადაგიდან ამოიზარდა ტარას შევჩენკოს პოეზიის ფესვებმაგარი ხე, რომელიც უკრაინელი ერის უკვდავების სიმბოლოდ იქცა. სწორედ მან, ტარას შევჩენკომ, თავისი მოწამებრივი სიცოცხლით და უკვდავი შემოქმედებითი მემკვიდრეობით შეკრა, შეადუღაბა, ერთ ურღვევ მონოლითად აქცია უკრაინის დასავლეთი და აღმოსავლეთი, მისი ეთნიკური ტერიტორიები და ეთნოგრაფიული ჯგუფები, დაუგდო მათ მარადიულ ანდერძად: ხალხი და უფალი გიყვარდეთო!


ჩვენამდე მოღწეული ტარას შევჩენკოს ლექსები 1837 წლითაა დათარიღებული. სწორედ იმხანად დანიელი ფილოსოფოსი სიორენ კერკეგორი წერდა: `ძეხორციელი, რომელსაც დუმილი ძალუძს, ღვთის დანაბადია, უკეთუ დუმილის მეოხებით შეიცნობს საკუთარ ღვთიურ წარმომავლობას, ხოლო იგი, ვინც სიტყვას წარმოთქვამს, უბრალო მოკვდავია.~


არა მგონია, შევჩენკოს სცოდნოდა ეს აზრი, თუმცა მთელი საკუთარი შემოქმედებით აბათილებდა მას, აბათილებდა გაბედულად და ნიჭიერად. იგი ვერ იტანდა დუმილს, არ სცნობდა მას - ამ `ყრუ-მუნჯთა ზნეობრივ კოდექსს~ (ფრიდრიხ ნიცშე). პოეტური სიტყვა იყო ჭაბუკი სულის ჯაჭვაწყვეტილი შინაგანი ენერგიის ყველაზე საზეიმო გამოვლინება:



თითქოს სიტყვები რა ბედენაა...
ხმა და სიტყვები - სხვა არაფერი.
გული კი ფეთქავს - მისთვის ლხენაა
მათი მოსმენა. ნარჩევ-ნაფერი
ხმაც და სიტყვებიც უნდა ზენაარს
კაცთათვის მხოლოდ...

და არა მარტო ზენაარს. თვითონაც ასე ეწადა, როცა ცარიზმი განსაკუთრებული გულმოდგინებით აშთობდა სისხლისმიერ სლავ ძმებს, ტარას შევჩენკო გამოჩნდა როგორც მესია, როგორც მათი გათელილი უფლებების დამცველი, უბატონო მერმისის მეხოტბე.


`უშიში, ვითარცა უხორცო...~ - ქართველი მემატიანის ეს ფრაზა მახსენდება ხოლმე შევჩენკოზე ფიქრისას. განა მართლა არ იმსახურებს ასეთ შეფასებას ავტორი პოემებისა `სიზმარი~, `მკვდარ, ცოცხალ და ჯერარშობილ თანამემამულეებს ჩემსას~, `კავკასია~!
კირილესა და მეთოდეს საიდუმლო ორგანიზაციის წევრმა იური ანდრუზსკიმ III განყოფილებაში დაკითხვისას, მართალია, სიმხდალის გამო, მაგრამ ზუსტად დაახასიათა შევჩენკო. მისი ღრმა რწმენით, მეფის ყველა ერთგული ნაძირალაა.


კაცმა რომ თქვას, პოეტს არასოდეს დაუმალავს ეს რწმენა, არც დაპატიმრებამდე, არც გადასახლებაში და არც იქიდან დაბრუნების მერე, როცა საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
`ვისჯები, ვიტანჯვი და მაინც არ ვნანობ...~ - იტყვის ორსკის ციხესიმაგრის ტყვე და ბოლომდე არ უღალატებს საკუთარ კრედოს.


თვით საკუთარი სიკვდილითაც მან ბევრი საზრუნავი გაუჩინა წესრიგის დამცველთ. სადღაც წამიკითხავს თუ როგორ დაფრთხნენ ხელისუფალნი, როცა ხმა მიუვიდათ, შევჩენკოს საფლავში ჰაიდამაკთა მომავალი ამბოხებისთვის იარაღია ჩამარხულიო. გუბერნატორს ძლივს გადაათქმევინეს თურმე ამ Qორის შემოწმება.
ტარას შევჩენკოს მშვენივრად ესმოდა, რა დიდ როლსაც ასრულებდა მისი ლექსი დათრგუნვილი უკრაინის ასაღორძინებლად, მშობლიური სიტყვის მსოფლიო მწვერვალზე ასატყორცნად. ამიტომაც მხურვალედ ევედრებოდა მუზას:

ნუ მიმატოვებ, შენ გენაცვალე,
დღითაც, ღამითაც ჩემთან დახანდი,
იფრინე გვერდით, მგეშე, მასწავლე,
მასწავლე მიწყივ მართლის ღაღადი
პირუთვნელ ბაგით. სიკეთე ჰქმენი,
მადროვე, ლოცვა რომ დავასრულო.
და როცა მოვკვდე, ზეცის ასულო!
დედაო ჩემო, მე - შვილი შენი,
დამიმახსოვრე, როგორც ცოცხალი
და თუნდაც, თუნდაც ერთი კურცხალი
მაჩვენე უკვდავ თვალებში მბრწყენი.

გულგატეხილობიდან რწმენისაკენ, უიმედობიდან იმედისაკენ, მრისხანებიდან ლმობიერებისაკენ მიემართებოდა პოეტის გზა. მის მკერდქვეშ ნიადაგ ბობოქრობდა სიყვარული და სიძულვილი. მათი შეჯახებისას იგი ლაპარაკობდა, როგორც ღვთის წარმოგზავნილი, მისი პირველმოციქული.
Hროცა ჩერნობილის ტრაგედია დატრიალდა, შევჩენკოს რჩეულ ლექსთა თარგმანებს ვამზადებდი. მისტიფიკაციას კი ჰგავს, მაგრამ ვმუშაობდი სწორედ ამ სტრიქონებზე:

დაიღუპები, შენ, უკრაინავ,
აღარ დაგრჩება კვალი მცირედი.
როსმე კი გქონდა ხვალის იმედი
და ნეტარებდი, შენ, უკრაინავ!
ჩემო ძვირფასო, უბიწო მხარევ!
რას გემართლება, ნეტავ, გამჩენი,
რატომ გსჯის ასე!..

შემძრა საოცარმა დამთხვევამ. ტექსტი სულ სხვაგვარად აჟღერდა, საბედისწერო ნათელხილვას დაემსგავსა. და მე პირველად ვინატრე, ავტორი შემცდარიყო, არ გამართლებულიყო მისი წინასწარმეტყველება.
შევჩენკო წინასწარმეტყველი!.. სულაც არაა გასაკვირი ეს მტკიცება. გენიოსი ხომ მუდამ უსწრებს საკუთარ დროს, ხედავს დღე-ღამეთა ბურუსებს მიღმაც.
საოცარია შევჩენკოს შორსმჭვრეტელობა, ისტორიული პერსპექტივის უტყუარი ალღო:

წამოვა ხალხი! ჯერ ჩაუსახველ
უფლისწულებსაც დაფარავს თალხი,
მტერს გაასწორებს საწუთროს ჩალხი,
და განახლებულ მიწასა ზედა
იქნება ძე და იქნება დედა,
დედამიწაზე იქნება ხალხი.

ტარას შევჩენკო არა მარტო მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსის პოეტია, არამედ უნაზესი ლირიკოსიცაა, რომელსაც ხელეწიფება ჩასწვდეს ადამიანის სულის უღრმეს შრეებს, შეარხიოს მისი ფიქრებისა და ვნებების უიდუმალესი სიმები. შევჩენკოს ლექსის ფორმა საერთოდ არ იგრძნობა, იგი თითქოს არც არსებობს, იმდენადაა დაქვემდებარებული სათქმელს, განცდას, აზრის შინაგან მუსიკას. მისი სტრიქონების მდინარება ძალდაუტანებელია, სახე - ღრმა და შთამბეჭდავი. მშობლიური ენის ლაბირინთებში იგი საოცრად შინაური კაცია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ჩიხიდან გამოსავალი მოძებნოს, ნებისმიერი `არაპოეტური მადნიდან~ ბაჯაღლო ოქრო გამოადნოს. გენიალურ სისადავემდე მიყვანილი ხალხურობა ნიშნეულია შევჩენკოს მთელი შემოქმედებისთვის.


ტარას შევჩენკო პოეზიაშიც მხატვარია. იგი რეალისტი მხატვრის ფუნჯით ხატავს რეალურ სურათებს, ძალზე მკაფიოსა და ხელშესახებს. სამაგალითოდ კმარა თუნდაც `ალუბლის ბაღი...~, რომლის თხუთმეტივე სტრიქონი ცალკე დასრულებული სურათია. ზოგჯერ შევჩენკოს ლექსში შეგეფეთებათ საოცრად მონუმენტური სახე: `თავსასთუმლად ედო მთები, სტეპი ჰგავდა საბანს~, `ვერ ვიძინებდი, ზღვას ჰგავდა ღამე...~ და ..
შევჩენკოს ლექსში ასევე ვერ ნახავთ `უჰაერო სივრცეებს~, ემოციურ და აზრობრივ ვაკუუმს. მასში ერთმანეთს ეჯახებიან საპირისპიროდ დამუხტული, Qექა-ქუხილს მოწყურებული ღრუბლის მასები, და მთარგმნელი სწორედ მანდ მოხვედრილ პილოტს მოგაგონებთ, რომელმაც საკუთარ გადარჩენაზეც უნდა იფიქროს და განუმეორებელი სანახაობის სხვებისთვის გადაცემაზეც.


რაღა დასამალია, ლექსის მთარგმნელი ხშირად სტროფის ორ ძირითად, იდეური და აზრობრივი დატვირთვის მქონე სტრიქონს ჩაეჭიდება ხოლმე და ორ დანარჩენს ისე მოარგებს, როგორც იმ პირველი ორის რითმა უკარნახებს. შევჩენკოსთან ასეთი შესაძლებლობა მეტწილად გამორიცხულია, მასთან გარითმვის რაიმე მყარი სქემა არ არსებობს, იგი ნებისმიერია და ხშირად იმდენად ერთმანეთს მიყოლებული, რომ მთელი ლექსი ერთი ამოსუნთქვით იკითხება: მომიჯნავე რითმა ჯვარედინში გადადის, ჯვარედინიშინაგანში, რიტმი აჩქარებულია და ნიადაგ ცვალებადი. ვფიქრობ, შევჩენკოს ლექსის რიტმი იმიტომაცაა ცვალებადი, რომ მას არ ჰქონდა საშუალება თავდავიწყებით მისცემოდა შემოქმედებას, როგორც არაერთგზის აღნიშნავს თვითონ, ცალი თვალი ზედამხედველისკენ უნდა სჭეროდა და მალულად, ქურდულად ეწერა. ხშირად ამიტომ ხომ არ წყდება შუაზე სტრიქონი და მუშაობის განახლების შემდეგ იბადება ახალი რიტმი, ახალი განწყობილება!..


ტარას შევჩენკო უნივერსალური პოეტია. იგი აკმაყოფილებს უდახვეწილესი ესთეტისა და უბრალო გლეხის, სიუჟეტური, ეპიკური თხრობისა და ემოციურად დაძაბული ლირიკული ლექსების მოყვარულთ, პოლიტიკური სატირისა და ინტიმური აღსარების თაყვანისმცემელთ.


დღეს ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია ბედის ასეთი საშინელი უკუღმართობა: ვთქვათ და არ გამოესყიდათ იგი ყმობიდან ან დამორჩილებოდა იმპერატორის ბრძანებას წერისა და ხატვის მკაცრად აკრძალვის შესახებ ან ჯარისკაცად ყოფნისას სადმე კოს-არალის გულგრილ ტალღებში თუ მანგიშლაყის ჩხრიალა ქვიშაში ჩაკარგულიყო მისი უბის წიგნაკები და დღიურები, ხანძრების ალში დანთქმულიყო მისი ტილოები!
საბედნიეროდ, მოხდა სხვაგვარად, მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. იგი საუკუნოდ ჩვენია - ნაზი და მრისხანე, მხიარული და სევდიანი, ამაყი და თავმდაბალი, სადა და გენიალური.


შევჩენკო უდიდესი უკრაინელი რომანტიკოსია. ახალი სალიტერატურო ენისა და თვით ლიტერატურის ფუძემდებელია. ამავე დროს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯორჯ გრაბოვიჩის მტკიცებით, იგი მითების მთხზველია, უკრაინის მისეული ისტორია მეტაისტორიაა, რომელიც უკვე უკრაინულ მითში გადაიზარდა, სადაც წაშლილია ზღვარი სუბიექტურსა და ობიექტურს შორის. პოეტს აინტერესებს არა იმდენად ის თუ რა მოხდა, არამედ თვით მომხდარი და მისი მნიშვნელობა. წარსული მის პოეზიაში წარმოჩენილია კოლექტიური სახეების მეშვეობით, რომელთა საფუძველიცაა ხალხური სიმღერები, ლექსები, დუმები, ლეგენდები. წარსულის პოეტისეული ხილვა კოლექტიური ეთიკაა, რომელიც არაიშვიათად გაიგივებულია ზაპოროჟიელ კაზაკებთან და წარმოადგენს ისტორიის წარმმართველ ძალას.


პროფესორ გრაბოვიჩს მიაჩნია, რომ შევჩენკოს მითოლოგიური კოდი, სხვა რომანტიკოსებისგან განსხვავებით, ერწყმის მის პირად ბიოგრაფიას, უკეთუ შევჩენკო თვითონაა მითის მატარებელი, სიმბოლურ იდენტიფიკაციათა სისტემის შემადგენელი ნაწილი. შევჩენკოს მიერ წარმოსახული უკრაინა არსებობს მითოლოგიურ და არა ისტორიულ დროში, მისთვის იგი სახელმწიფოა მთელი თავისი ატრიბუტიკით, მას აქვს საკუთარი ტერიტორია, ჰყავს ჰეტმანი, ჯარი, ასულდგმულებს ასწლოვანი ტრადიციებიდან ამოზრილი ეროვნული იდეალები. სინამდვილეში კი ეს, რა თქმა უნდა, ილუზიაა, ავტორისეული ფანტაზიის ნაყოფია, მითია, რადგან შევჩენკოსდროინდელ უკრაინას უკვე მსგავსი არაფერი გააჩნია, თვით იდეალებიც კი. ისინიც შევჩენკომ უნდა შეთხზას, ჩამოაყალიბოს, საზოგადოებას ჩაუნერგოს და პიროვნულად უქციოს. და ისიც ამ მიზნის მისაღწევად ძირფესვიანად ამოატრიალებს უკრაინულ რომანტიზმს, ~რომელსაც საფუძვლად ედო ფოლკლორიზმიქრისტიანულ ეთიკასთან შეზრდილი ხალხური მითოლოგია და დემონოლოგია, ფანტასტიკური ბალადები და გალექსილი ნოველები` და თავისუფლებისმოყვარე მშობელი ხალხის გმირობასა და მოწამებრიობას გახდის უსაყვარლესი უკრაინის ხატის, ეროვნული მითის უმთავრეს ნიშან-თვისებებად.


როგორც თანამედროვე უკრაინელი მწერალი და მეცნიერი ოქსანა ზაბუჟკო შენიშნავს, შევჩენკოს მითი უკრაინის შესახებ იქმნებოდა ერთიანი შუასაუკუნეობრივი (ავტორის თქმითტრანსევროპული) მსოფლმხედველობის რღვევის შედეგად. ეს ის დრო იყო, როცა ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ეთნოსთა განცალკევებულობა სულიერ სანქციონირებას საჭიროებდა და ამ თვალსაზრისით შევჩენკოსეული მითი თითქმის რეფორმაციის ჯუფთია.


სასხვათაშორისოდ უნდა ითქვას, რომ შევჩენკომდე ტერმინი `უკრაინა~ რუსეთის იმპერიაში მიღებული არ ყოფილა. ტერიტორიას, რომელიც ამჟამად ამ სახელწოდებითაა ცნობილი, მაშინდელი ოფიციოზიცა და ლიტერატურაც უმთავრესად მალოროსიად მოიხსენიებდა. თვით შევჩენკოსაც მალოროსიელ პოეტსა და მხატვარს ეძახდნენ, რომლის ენაც ველიკორუსულის სამხრეთულ განშტოებად თუ დიალექტად მიაჩნდათ.


თუ რუსებისთვის პუშკინი `ჩვენი ყველაფერია~, შევჩენკო უკრაინელებისთვის `ყველაფერზე უფრო ყველაფერია~, უკრაინულ ენაში შევჩენკოზე უფრო ყოვლისმომცველი ცნება მხოლოდ თვით ცნება `უკრაინაა~. შევჩენკო უკრაინელისთვის ერთია, ერთადერთია, სამყაროს Qჭიპია და მას აქ ვერ გაეჯიბრები. არც ღირს გაჯიბრება, რადგან საქმე გვაქვს სულ სხვა მოვლენასთან, სულ ხსვა ფენომენთან. უკრაინელის წარმოდგენით ტარას შევჩენკო არის აბსოლუტი, უზეშთაესი სუბსტანტი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებიდან, როგორც სავაოფმა თიხიდან ადამი, გამოძერწა თვითონ იგი, შთაბერა საკუთარი სული და შთააგონა: შენ ხარ უკრაინელი, მშობლიური მიწა-წყლის ბატონ-პატრონი, ექმენ მას ფარად და მცველად, იმედად და ნუგეშად აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე!


ეროვნული თვითშეგნების მატარებელ დღევანდელ უკრაინელს ვერ დააჯერებ, რომ მისი სათაყვანო გმირი და ყველაზე დიდი უკრაინელი დედამიწის ზურგზე ამავე დროს იყო სრულიად მიწიერი არსება და, როგორც ყველა ძეხორცელი, ცოდვის შვილი, რომისა და სიგარის მოყვარული, ქალების მეტრფე, მოქეიფე და პეტერბურგის მოდური სალონების სასურველი სტუმარი, რომელიც ისე იმშვენებდა მაღალ წეებში ტრიალს, გენერლებთან, თავადებთან და მებატონეებთან, თავის კლასობრივ მტრებთან, მეგობრულ ურთიერთობას, რომ თითქოს არც ნაყმევარი ყოფილა და არც ნასალდათარი. დიახ, ბევრი ვინმე მოწმობს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ კაცს ენა არ მოგიბრუნდება პოეტის გასამტყუნებლად: იგი დაჟინებით ცდილობდა წუთისოფლისთვის პირდაპირ ხელიდან გამოეგლიჯა მიწიერი სიამტკბილობა, რაც მას ჯერ გაუხარელმა ყმობამ, მერე კი გადასახლებამ არ აღირსა. დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თავის დროზე შევჩენკო იყო ავანგარდისტი მხატვარი და მწერალი, სკანდალური ლექსებისა და პოემების ავტორი, თავზეხელაღებული ბოჰემა, რომელსაც განგებამ უამრავ განსაცდელსა და სატანჯველთან ერთად უზარმაზარი ნიჭი და მის დასახარჯად მეტად სპეციფიკური გარემო და მცირე დრო უბოძა. ამ `ყმა-ინტელიგენტის~ გარეგნული დარდიმანდობა, ჩემი აზრით, უსათუოდ სიყმაწვილის კომპლექსებისგან განთავისუფლების მცდელობაც იყო.
`ზოგის ცხოვრებაში შეიძლება დაითვალო მწუხარების დღეები, მის ცხოვრებაში კი - ბედნიერებისა,” წერდა მხატვარი ლევ ჟემჩუჟნიკოვი და ასეთ კაცს მართლაც ბევრი რამე უნდა ეპატიოს. თუმცა საპატიებელი მას არც არაფერი ჩაუდენია.


შევჩენკოსადმი თანამემამულეთა თითქმის საკრალური დამოკიდებულება კარგად შენიშნა უკრაინაში დავით გურამიშვილის საფლავის მოსაძებნად ჩასულმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც თავის `უკრაინის თემიდში~ 1930 წელს წერდა: `ჯერაც არ შეწყვეტილა შევჩენკოს პიროვნების გალეგენდება, მისი ხსოვნა პირამიდალურად იზრდება აწ გათვითცნობიერებული უკრაინის ნაციის წარმოდგენაში... იგი მარტო მწერალი როდია უკრაინელთათვის, არამედ უკრაინის კულტურული პატრიოტიზმის მამამთავარი, დიდი რეფორმატორი და ნაციონალური კულტურის დამფუძნებელი~.


და მართლაც, ტარას შევჩენკომ თავისი `კობზარით~ ერთმა პირველთაგანმა გაუნაღდა უკვდავება თავის ერს, ენას, კულტურას, დიდ სულიერ მემკვიდრეობას.
`კობზარი~ ყველა დროის უდიდესი, უკვდავი, სისხლითა და ცრემლით გაჯერებული უკრაინული წიგნია, რომელშიც სევდაცა და სიხარულიც, სასოწარკვეთაცა და მომავლის ურყევი რწმენაც უღრმესად და უვნებიანესადაა გამოხატული.


ამავე დროს `კობზარი~ უთუოდ აღმსარებლური, მეტად პიროვნული, ინტიმური ხასიათის წიგნიცაა. სტატისტიკის მოყვარულებს დაუთვლიათ, რომ მასში ნაცვალსახელი `მე~ 1264-ჯერაა ნახსენები. ავტორი ყველაფერს საკუთარი პოზიციიდან უმზერს, აღიქვამს, აფასებს. მისი ყოველი სტრიქონი, ბანალურად რომ ვთქვათ, გამოწრთობილია საკუთარი სულის ქურაში, დამშვენებულია ოსტატის პირადი დამღით, რაც განსაკუთრებულ ხიბლსა და დამაჯერებლობას მატებს მათ.


ენისა და მხატვრული ფორმის უფაქიზესი შეგრძნება, სახისა და აზრის სისადავე, თვით ცხოვრებიდან აღებული პოეტური შინაარსის მრავალსახოვნება, იდეალურისა და ინდივიდუალურის მთლიანობააი, `კობზარის~ ღირსებათა არასრული ნუსხა, რაც იზიდავდა და კვლავაც მიიზიდავს მშვენიერისა და ამაღლებულის თაყვანისმცემელთ. ტარას შევჩენკომ მოახერხა თავისი დიადი კრებული სამშობლოს სადარაჯოზე, მისი ხელშეუხებლობის საგუშაგოზე დაეყენებინა, რამაც მეფის ხელისუფლება სერიოზულად დააფრთხო. იმის შიშით, ვაითუ უკრაინული წიგნების შემდგომ გამოცემას მოსახლეობის სეპარატისტული და ანტიმეფური განწყობილებები მოჰყვესო, 1863 წლის 30 ივლისს რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პეტრე ვალუევმა ტერიტორიულ საცენზურო კომიტეტებს საიდუმლო ცირკულარი დაუგზავნა რელიგიური და სასწავლო-საგანმანათლებლო წიგნების `მალოროსიულ~ ენაზე გამოცემის აკრძალვის შესახებ. მართალია, იგი არ ეხებოდა მხატვრული ლიტერატურის ბეჭდვას, მაგრამ, სამწუხაროდ, სულ მალე ასეთი დროც დადგა: რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ 1876 წლის 18 მაისს გერმანულ ქალაქ ბად ემსში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინული ენის კულტურის სფეროდან გამოდევნას და მხოლოდ სასაუბრო-ყოფითი სფეროთი შემოფარგვლას ითვალისწინებდა. იგი უკვე პირდაპირ კრძალავდა უკრაინულ ენაზე ნებისმიერი წიგნის ბეQდვას, სპექტაკლის დადგმას, სიმღერის სასცენო შესრულებას, სკოლებში სწავლებას.


ეს დოკუმენტი ცნობილია როგორც `ემსკის ბრძანებულება~ და `ვალუევის ცირკულართან~ ერთად ითვლება თვითმპყრობელობის ერთ-ერთ ყველაზე ქსენოფობურ და სამარცხვინო `საკანონმდებლო~ აქტად.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ `კობზარი~ იყო ის უმთავრესი ძალა, რომელმაც მოიგერია იმპერიის არნახული ვანდალური შემოტევა, უკეთუ მისი ყოველი სტრიქონი ღაღადებდა თვითმყოფადი ენის, პოეზიისა და კულტურის არსებობას. ამიტომაც ვერ შესძლო ცარიზმმა უკრაინული ლიტერატურის მოსპობა, თუმცა გარკვეულ ეტაპზე მისი განვითარების შეფერხება მოახერხა.


ქართველი კაცის წარმოდგენაში `კობზარი~ უთუოდ გამოიწვევს `დავითიანის~ პარალელს. როგორც მათი ავტორები ჰგვანან ერთმანეთს, ასევე - მათი წიგნებიც. ერის ისტორიაში ჩაწნული ავტობიოგრაფია, ერის უბედობის ფონზე დახატული საკუთარი უბედობა, – აი, ის მაგისტრალური ხაზები, რომლებიც აერთებს და ანათესავებს ამ ორ დიდ შემოქმედს.


არსებობს მათ ბიოგრაფიებში საინტერესო ანტიპარალელებიც: 24 წლის გურამიშვილი ლეკებმა დაატყვევეს; 24 წლის შევჩენკო რუსმა ინტელიგენტებმა ყმობიდან გამოისყიდეს; 24 წელიწადი გურამიშვილი მემამულე იყო; 24 წელიწადი შევჩენკო მემამულის ყმა იყო. და ბოლოს, კვლავ მსგავსება: შევჩენკო, ისევე როგორც გურამიშვილი, უშვილძიროდ გადაეგო. კაცმა რომ თქვას, პირადი ცხოვრების მოსაწყობად მას არც დრო ჰქონია და არც პირობები. ხმაში ბზარგაპარული მაინც წაიოცნებებდა ხანდისხან: სახლს დავიდგამ, ბაღს გავაშენებ და ჩემს პატარა სამოთხეში ვინეტარებო, მაგრამ ეს თვითდამშვიდება უფრო იყო, ვიდრე რეალური გეგმა.


ტარას შევჩენკოს მთელი შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა სევდით ზაპოროჟიეს სიჩის დანგრევის, ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო. ამ მხრივ იგი მოგვაგონებს ქართველ რომანტიკოსებსალ. Qჭავჭავაძეს, გრ. ორბელიანს, . ბარათაშვილს. როგორ ჰგავს მისი: `არ არის ქვეყნად სხვა უკრაინა, სხვა დნიპროც ქვეყნად აღარსად არი,~ გრ. ორბელიანის თითქმის აკვნიდან ნაცნობ სტრიქონებს: `სხვა საქართველო სად არი~, რომელი კუთხე ქვეყნისა!~
თითქმის პირდაპირი გადაძახილი ისმის შევჩენკოსა და ილიას ამ სტრიქონებს შორის:

ასჯერ მტრისას ძილი, ძილი,
სამშვიდობოს ძილი.

. შევჩენკო

ოჰ, ღმერთო, ღმერთო, სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება.

. QავQავაძე

შევჩენკოს ლექსებში ქართველი მკითხველი მშობლიურ, დიდი ხნის ნაცნობ სახეებსაც წააწყდება. იგი წერს: `ვარსკვლავები - დები.~ უნებურად გვახსენდება მეგრული ლექსი: `ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი და დო ჯიმა ჩქიმი.~
შევჩენკოს პოეზია განსაკუთრებით ეხმიანება `ბედი ქართლისაში~ წამოჭრილ პრობლემებს, ოღონდ კობზარი უფრო აქიაქებს ბოგდან ხმელნიცკის, ვიდრე ბარათაშვილი ერეკლე მეორეს.


ამ ორ დიდ პოეტზე საუბრისას ლიტერატურის ისტორიაში ჩახედულ ქართველ მკითხველს შეუძლებელია კიდევ ერთი საინტერესო ასოციაცია არ აღეძრას. ზოგს იგი იქნებ ხელოვნურადაც მოეჩვენოს, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გამოტანას და ვენდოთ აზრის ლოგიკურ მდინარებას, რაც პირადად მე შემდეგნაირად წარმომიდგება:
რუსეთ-კავკასიის ომმა სხვა მრავალთა შორის ორი გენიალური ნაწარმოები შვა - ბარათაშვილის `მერანი~ და შევჩენკოს `კავკასია~, მართალია, მათი დაწერის მიზეზები კარდინალურად განსხვავებული იყო: ქართველ პოეტს კალამი ხელში ააღებინა მთიელთა მიერ ღვიძლი ბიძის ილია ორბელიანის მოტაცებამ ~რომლის განთავისუფლებაც მერე მოხერხდა`, შევჩენკოს კი ასევე მათ მიერ მხატვრის, 1844 წლის ხელნაწერი `კობზარის~ ილუსტრატორის, რუსეთის არმიის ოფიცრის იაკობ დე ბალმენის მკვლელობამ. წარმოშობით ფრანგი ბალმენი ჩერნიგოვის მხარეში დაიბადა, იყო ერთი წლით უფროსი შევჩენკოზე, ჰქონდა მასთან ხანმოკლე ნაცნობობა, რაც მეგობრობაში გადაიზარდა. კავკასიის ფრონტზე მისმა დაღუპვამ პოეტი შესძრა, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე დიდი ხელოვანის შემოქმედებაში, პირადი განცდები გასცდნენ კონკრეტულ ფაქტს და უზარმაზარი საზოგადოებრივი ჟღერადობა შეიძინეს.


ასევე მწარედ განიცადა თავისი უახლოესი ნათესავის ტრაგიკული ბედი ნიკოლოზ ბარათაშვილმა, რომელმაც შეჰქმნა განსაცვიფრებლად ემოციური და ამასთანავე ფილოსოფიური განსჯით აღსავსე ლექსი, `თავისუფალი გონების უნივერსალურ ჯანყად~ (. ასათიანი) რომ აღიქმება.


მკითხველი, რომელმაც არ იცის `მერანის~ დაწერის წინაისტორია, მისი ტექსტის მიხედვით ვერ მიხვდება ~`კავკასიისაგან~ განსხვავებით` თუ რამ დააწერინა იგი პოეტს. ამავე დროს ბარათაშვილს აქვს ერთი ფრიად გრძელსათაურიანი ლექსი `ომი საქართველოს თავადაზნაურ-გლეხთა პირის-პირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სა, მძღვანელობისა ქვეშე ღუბერნიის მარშლის თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა~, რომელშიც ხოტბაშესხმულია თანამემამულეების მიერ მთიელ მეზობლებთან შეტაკებისას გამოჩენილი გმირობა. აქ ბარათაშვილი და შევჩენკო დგანან სხვადასხვა, აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე. მიზეზი, რა თქმა უნდა, დიდი ქართველი პოეტის რეაქციულ სულისკვეთებაში კი არა იმ ისტორიულ რეალიებშია საძებნი, რომლებიც მოწმობენ კავკასიელ ერთა არაერთსახოვან ურთიერთობებზე (მსოფლიოში ძნელად მოსაძებნია მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც მუდამ მეგობრული, უღრუბლო დამოკიდებულება ჰქონოდეთ).


მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კავკასია გამუსულმანდა, უძველესი მართლმადიდებლური ქვეყანა საქართველო სხვადასხვა ჯურის მთიელ ტომთა პერმანენტულ თავდასხმებს განიცდიდა. ეს თავდასხმები კატასტროფული გახდა XVIII საუკუნის დასაწყისში, როცა ირან-თურქეთის მიერ დანაწევრებულ და შიდაფეოდალური შუღლით დაუძლურებულ ჩვენს ქვეყანას მათი გაძლება უკვე არ შეეძლო. ჩრდილოელ მეზობელთა პატარ-პატარა, კარგად აღQურვილი და მობილური რაზმები ხან აქ, ხან იქ მოულოდნელად გამოჩნდებოდნენ ხოლმე, იტაცებდნენ გოგო-ბიჭებს, ქონებას, მიერეკებოდნენ საქონელს. მთიელთა ერთ-ერთი ასეთი ავაზაკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა დავით გურამიშვილიც.


ავარელმა პოეტმა, ბრძენმა და გონებამახვილმა რასულ გამზათოვმა როგორღაც იხუმრა: ჩვენ დავით გურამიშვილი ცოტა ხნით დავატყვევეთ, მან კი ჩვენ სამუდამოდ დაგვატყვევაო. ეს ლამაზი და ფრთიანი გამოთქმა, ცხადია, ვერ გაანელებს დრამატულ ეპიზოდს დაღესტნელი ავაზაკების მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკოსის მოტაცებისა, რომელიც ტყვეობიდან გაქცევის მერე ჯერ რუსეთში მოხვდა, შემდეგ უკრაინაში და საყვარელ სამშობლოში დაბრუნებას კი ვერ ეღირსა.
კავკასია, სამწუხაროდ, (ან, იქნებ სულაც საბედნიეროდ!) არასოდეს ყოფილა ერთიანი პოლიტიკური და, მით უფრო, ენობრივ-კულტურული ორგანიზმი. ეს ერთის მხრივ ხელს უწყობდა ამ მხარის მრავალი ეთნოსის უნიკალური მატერიალური და მხატვრული კულტურის განთვითარებასა და შენახვას, მისი სამყაროს მინიატურულ მოდელად გადაქცევას, მეორეს მხრივ კი მათი დაქსაქსულობა, გათიშულობა, რელიგიისა და ადათ-წესების განსხვავება ხშირად იწვევდა მათ შორის მტრობას, რამაც ისინი საბოლოოდ ჩაუგდო ხელში უზარმაზარ მტაცებელს - რუსეთის იმპერიას, რომელიც გამუდმებით იფართოებდა საზღვრებს ყველა შესაძლო მიმართულებით.


უნდა ითქვას, რომ ცარიზმის სტრატეგოსები მოხერხებულად იყენებდნენ კავკასიელ ხალხთა ისტორიულ-კულტურული განვითარების, მენტალიტეტის, ტემპერამენტის, მთლიანად ეროვნული ხასიათის თავისებურებებს. მათ მიზნად დაისახეს კავკასიის კოლონიალური ათვისება და ამ მიზნის მისაღწევად ცდილობდნენ არ დაეშვათ თვით კავკასიელთა ურთიერთდაახლოება, იყენებდნენ ყველა ნებადართულ თუ აკრძალულ ხერხს `გათიშე და იბატონეს~ პრინციპის უღალატოდ მოქმედებისთვის. (როცა, მაგალითად, 1915 წელს თურქეთში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, მეფის ხელისუფლებამ ლტოლვილები არ შეუშვა მათ ისტორიულ სამშობლოში და ისინი ნახევრადგამაჰმადიანებულ სამხრეთ საქართველოში ჩაასახლა, რათა იქ ყოველი შემთხვევისთვის ეთნიკური კონფლიქტის დაკონსერვებული კერა ჰქონოდა).


რუსეთს, სხვათა შორის, არასოდეს დაუმალავს სურვილი დაემორჩილებინა მთელი კავკასია, ექცია იგი იმპერიის სამხრეთ ფორპოსტად, საუკუნოდ დამკვიდრებულიყო შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნისკენ იგი ოთხი საუკუნე მოდიოდა. მოდიოდა ჯიუტად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადამიანურ თუ მატერიალურ რესურსთა დაუზოგავად.
რუსეთმა დროებით მართლაც დაიმორჩილა კავკასია, ზოგიერთი ერი მას `ნებაყოფლობით~, ორმხრივი დიპლომატიური ხელშეკრულების საფუძველზე შეუერთდა, რომელიც სულ მალე ცალმხრივად გაითელა. ზოგიერთმა კიდევ ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ ხმალი ქარქაშში ჩააგო და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს დანებდა. დამორჩილების მაგალითი, თანაც მრავლისმეტყველი, საკმარისად იყო. დამარცხებისა და ტყვედ აყვანის შემდეგ დაღესტნის დიდი იმამი შამილი რუსულ ელიტაში შედის, მისი ვაჟები იმპერიის არმიის გენერლები ხდებიან, დამორჩილებულ კავკასიელ ერთა წარმომადგენლებისგან იქმნება ეგრეთწოდებული `ველური დივიზია~, ხოლო რჩეული ჩეჩენი მეომრები (კინაღამ `ბოევიკები~ დავწერე!) მეფის ოჯახს იცავენ. მე უკვე არას ვამბობ ბევრ ქართველ დიდებულზე, რომლებიც აქტიურად ავსებდნენ რუსული გენერალიტეტის რიგებს. მათ, ვინც დამარცხებას არ ურიგდება, ძალით ასახლებენ ეთნიკური სამშობლოს გარეთ. ~ეს უცილო ფაქტი, სხვათაშორის, მოწმობს იმას, რომ ერთა დეპორტაცია სულაც არაა სტალინის გამონაგონი`.


მთელი ეთნოსების მშობლიური ადგილებიდან აყრა, რამაც საბჭოთა პერიოდში მართლაც ამაზრზენი მასშტაბები მიიღო, XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ აპრობირებული პრაქტიკის პედანტური გაგრძელება იყო. რუსეთთან კავკასიის `მშვიდობიანი~ მიერთების შემდეგ მკვიდრი ადგილებიდან გაასახლეს აფხაზები, ჩერქეზები, უბიხები ~ამ უკვე გამქრალი ერის ტრაგიკულ ბედზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აფხაზი მწერლის ბაგრატ შინქუბას წინში `წასულთაგან უკანასკნელი~`. იმ საშინელ დროთა სახსოვრად აფხაზურ ენაში დღემდე არსებობს სევდიანი სიტყვა `მაჰაჯირი~, რაც ძალით გაძევებულს, დეპორტირებულს ნიშნავს.


უკრაინელი პოეტი `კავკასიაში~ დაუნდობლად ახევს ნიღაბს იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ მჩაგვრელებსა და დამპყრობლებს, მათ, ვინც სინამდვილეში `ლაქიები, პირფერები, ღვთისგან შეჩვენებულნი~ არიან. იგი შესაშური პირდაპირობითა და შემართებით ააშკარავებს დიდმპყრობელური შოვინიზმის მთელ ანატომიას, გვიჩვენებს ადგილობრივი ხალხების მიმართ შეუფარავ ცინიზმსა და ღრმა უპატივცემლობას ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სურს, რომ მზის სინათლისთვისაც ხარკს უხდიდნენ.


საინფორმაციო საბაბმა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, ორი სხვადასხვა ეროვნების პოეტში, ორი განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. ბარათაშვილს მან გაუმძაფრა ისტორიული ხსოვნა, თვალწინ გაუცოცხლა ლეკიანობის სურათები, შევჩენკოს კი ერთხელ კიდევ შეახსენა თუ ვის უღელქვეშ გმინავდა მისი სამშობლო. `კავკასიაში~ შევჩენკო ამხელს ცარიზმს არა მარტო როგორც უკრაინის ჯალათს, არამედ სხვა მრავალ ერთა სულთამხდელსაც და სწორედ ესაა მისი შემართების ქვაკუთხედი. სლავი შევჩენკო კი არ იწონებს, არამედ გადაჭრით გმობს `სლავური იარაღის~ აგრესიულობას, სლავი მეფის დიდმპყრობელურ მადას. კავკასიას იგი უყურებს კეთილმოსურნის, მეგობრის, თანამოაზრის თვალით, რადგან ახსოვს იმავე `განმანათლებლების~ მიერ გაქელილი მშობლიური ისტორია, გათხრილ-გაძარცული ყორღანებიდან რომ შემოჰღაღადებს მას.


შევჩენკომ კალმის ძუნწი მოსმით გადმოგვცა რუსული ტირანიის ცინიკური არსი, რაც სავსებით დაადასტურა საბჭოურმა სინამდვილემაც:

ჩვენ თვალუწვდენი გვაქვს მიწა-წყალი,
აღუწყავია ციმბირის მადლი.
ციხეში გვიზის მავნე და მტერი!
მოლდაველის და ფინელის ჩათვლით
ყველა ენაზე დუმს ყველა ერი,
ნეტარებს რადგან...

აშკარაა მასშტაბურობა და ყოვლისმომცველობა პოეტური დაკვირვებისა, რომელშიც ფოკუსირებულია დამონებულ ხალხთა ეროვნული ტრაგედიები:

გვერდით ჯალათი დგას ამაზრზენი,
ხოლო სიმართლეს მთვრალივით სძინავს.

შევჩენკო დაურიდებლად დადგა სიმართლისა და სამართლიანობის, სიკეთისა და კეთილშობილების მხარეზე, მან გულახდილად გამოხატა ძალადობითა და მკრეხელობით გამოწვეული აღშფოთება, მრისხანედ გაამათრახა ეროვნული ქედმაღლობა და სიყოყოჩე.


იმავე `უკრაინის თემიდში~ კონსტანტინე გამსახურდია გოგოლზე საუბრისას, ჰქონდა რა მხედველობაში მისი უკრაინული წარმოშობა, წერს: ვერც ერთი რუსი ვერ შენიშნავდა ასე მკაფიოდ რუსული ცხოვრების უარყოფით მხარეებსო. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას შევჩენკოზეც, რომელიც თავის სახელოვან მოძმესავით არა მარტო ამჩნევდა მათ, არამედ ამხელდა კიდეც. მისი `კავკასია~ თავისებური კოდექსია უკრაინული ლიტერატურის სახელ-ღირსებისა, მხატვრული მანიფესტია მისი სულიერი პირველსაწყისებისა.


გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ `კავკასია~ მხოლოდ კავკასიაზეა, როგორც ყველა Qეშმარიტად გამორჩეულ ქმნილებას, მასაც აქვს პირდაპირი და სიმბოლური შინაარსი. ერთი შეხედვით შიშველი პუბლიცისტური რეჩიტატივის მიღმა ილანდება უფრო რთული, მეტაფორული დონე, რომელსაც ჰქმნის პრომეთეოსის, თავად კავკასიისა და უკრაინის სამი ურთიერთდაკავშირებული მხატვრული სახე.
სადღაც, ძალიან შორს, ბინდმოგარსულ მთებს იქით ჩაკარგულა პრომეთეოსის მარადიული ტანჯვის რომანტიკულ-ტრაგიკული მხარე. პრომეთეოსი - სიკეთის უკვდავი სიმბოლო - იტანს ყველა განსაცდელს, რათა ადამიანებს უჩვენოს სიმტკიცისა და გამძლეობის მაგალითი, დაარწმუნოს ისინი ბოროტების წინააღმდეგ თუნდაც საკუთარი წამების ფასად ბრძოლის აუცილებლობაში (`პრომეთე, ღირდა? – ღირდა, ცხადია! - მან ღრუბლებიდან მომიგო ასე!..) - ადასტურებს თითქოს ამ აზრს ლინა კოსტენკო).


სახელდობრ კავკასია პოემაში წარმოსდგება როგორც არწივის მიერ დაძიძგნილი რაინდის განზოგადებული სახე, რომლის პორტრეტული დახასიათებისთვის ავტორს ჰყოფნის რამდენიმე ტრადიციულად გავრცელებული შტრიხი ~`მთებს გადაღმა მთები...~, `Qადი...~ და სხვა`, რადგან მისთვის მთავარია გამოწვლილვით დახატვა არა რეალური კავკასიისა, არამედ თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ძარცვის, შეურაცხყოფის, ოკუპაციის დამაჯერებლად ჩვენება. ამ თვალსაზრისით პოეტი აღწევს მაქსიმალურ ეფექტს - მის მიერ გაშარჟებული ყეყეჩი, არამზადა დამპყრობელი მკითხველში ცალსახა ზიზღს იწვევს.


იმავე მძარცველის მიერ კავკასიიის ეპოპეამდე დიდი ხნით ადრე გავერანებული უკრაინის სახე აგვირგვინებს პოეტის ფიქრს თავისუფლებაზე, ეროვნულ ღირსებაზე, სულის სიდიადეზე.


საბჭოთა `ხალხთა მეგობრობის~ ეპოქაში, როცა არ იყო მიღებული ~უფრო სწორად - ნებადართული` `უხერხულ~ წარსულზე საუბარი, `კავკასიამ~ თითქოს დაკარგა პოლიტიკური სიმწვავე და მას განიხილავდნენ მხოლოდ როგორც მაღალმხატვრულ პოეტურ ნაწარმოებს. რუსულ-კავკასიური კონფლიქტის ახალმა აფეთქებამ, ჩეჩნეთში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციების გაშლამ, 2008 წლის აგვისტოში კი საქართველოზე რუსეთის ვერაგულმა თავდასხმამ და მთელ სამხრეთ კავკასიაში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ კვლავ გააღვივა ინტერესი შევჩენკოს პოემის მიმართ, რომელშიც დრო თითქოს გაყინულა და მარადიულ აწმყოდ ქცეულა. ნაწარმოების ლიტერატურული, სოციალური თუ ისტორიული კონტექსტი თითქმის არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ მოქმედი პირები და შემსრულებლები.


ტარას შევჩენკოს პოემა `კავკასია~ ისევ შეგვახსენებს მისი ძირითადი პოსტულატების პლანეტარულ მნიშვნელობასა და აქტუალობას, შეგვახსენებს ერთა და სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის უალტერნატივობას, კულტურათა შორის მუდმივი დიალოგის აუცილებლობას.


თანამედროვეობის პრიზმიდან დანახული ნამყო და ბოლო ნერვამდე გაშიშვლებული აწმყოა შევჩენკოს ბობოქარი პოეზიის ორი უმთავრესი, მაცოცხლებელი წყარო. მის პიროვნებაში განუმეორებელი უშუალობით შეერწყა ერთმანეთს დინჯი ეპიკოსისა და ფიცხელი სატირიკოსის ელვარე ნიჭი.


`ფოლადის გული უნდა გქონდეს, სურათი რომ დახატო, პოეტს ფოლადის გული სჭირდება, რათა საკუთარ თავში ლექსი დააფრთიანოს,~ - შენიშნავდა თავის დღიურში დელაკრუა. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ შევჩენკოს, პოეტსა და მხატვარს, ორმაგი ფოლადის გული Qირდებოდა. და იგი მართლაც წკრიალებდა ნაწრთობი ფოლადივით, მისი ღრმა, ბროლივით სუფთა ოცნებებებისა და იმედების კამერტონივით.


ყველას გვახსოვს აკაკის უღრმესი გულისტკივილითა და ამავე დროს მამულიშვილური გულახდილობით ნათქვამი: `ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოვ!..~ ასევე ახსოვს და ვერც ვერასოდეს დაივიწყებს უკრაინა ეროვნული სიამაყის გრძნობადაკარგულ მოლაყბეთა მიმართ შევჩენკოს გამანადგურებელ სარკაზმს, რომელიც ჩაქსოვილია პოემაში `მკვდარ, ცოცხალ და ჯერარშობილ თანამემამულეებს ჩემსას უკრაინასა და უკრაინის მიღმა ჩემი მეგობრული უსტარი~:



`მოგოლებო, მოგოლებო!~
გეტყვით გერმანელი.
თქვენ ხართ ოქროს ტამერლანის
ბადიშები ბნელი.

გეტყვით იგი: `სლავები ხართ!~
თავს დაუკრავთ: `ვართო!~
სახელოვან დიდ პაპათა
მოდგმა უწაღმართო.



თანამემამულეთადმი ასეთი გააფთრებული შეტევის, მათი მწარედ დატუქსვის უფლება მხოლოდ ერის წინამძღოლსა და წინასწარმეტყველს ჰქონდა და თუმცა თვითონ შევჩენკოს პრაქტიკული მოქმედების საშუალება თითქმის არ გააჩნდა, მისი ბასრი, ულმობელი სიტყვა თავისას მაინც აკეთებდა.
შევჩენკოს ახლო მეგობრის პანტელეიმონ კულიშის ნათქვამია: `მან ფართოდ ჩაიხუტა გულში უკრაინა თავისი ყორღანებითა და სისხლიანი, საშინელი სახელ-დიდებით, და ხალხის ნამღერი აქცია ფერწერად იმისა თუ რა იყო და რა არის ამჟამად უკრაინაში... და იმ დროიდან ჩვენში ყველანი დაიყვნენ ცოცხლებად და მკვდრებად, და კიდევ დიდხანს დაიყოფიან~.


ყოველდღიურ ცხოვრებაში ბედნიერი პოეტები იშვიათად არსებობენ. ტარას შევჩენკო როგორც პიროვნება, ერთი ყველაზე უბედურთაგანი იყო, მაგრამ მან იცოდა, რომ იტანჯებოდა უკრაინისთვის, მისი მერმისისთვის და ეს შთააგონებდა შემოქმედებით სიქველეს, ცხოვრებისეულ გმირობას.


დიახ, ტარას შევჩენკო პირად ცხოვრებაში უბედური იყო, მაგრამ პარადოქსი ის გახლავთ, რომ ამჟამად ძნელია მასზე ბედნიერი პოეტის დასახელება. მისი სახელი ძვირფასი და მახლობელია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასი და მახლობელია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, წმინდა ადამიანური გრძნობებისა და მისწრაფებების მარადიული იდეალები.

რაულ ჩილაჩავა

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016