აფხაზეთში უკრაინული ტელეარხის „ТСН"-ის გადამღები ჯგუფი დაიკარგა. გადამღებ ჯგუფთან კავშირი გუშინ საღამოს გაწყდა. უკრაინული ტელეკომპანიის ინფორმაციით, აფხაზეთში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ნატალკა პისნა და ოპერატორი სერგეი კისელევი სასტუმროდან დასაკითხად უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
„გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი გაიტაცეს. „ТСН" ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით და მიმართავს რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებას სიტუაციის გარკვევისთვის", - ნათქვამია უკრაინული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
„glavred.info" იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა ბოკი რუსეთის ხელისუფლებამ ოსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)