ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სკვერში, ერთწლიანი ყვავილების ნარგავებს მოსახლეობა იპარავს. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, მოქალაქეები არა მარტო ერთწლიან ნარგავებს, არამედ მრავალწლან მცენარეებსაც იპარავენ.
„მერიის წინ შესასვლელში, ორივე მხარეს ციკლამენები აკლია, ვერაფრით ვერ გავაჩერე. აეროპორტში მოპარულია აბელიის ბუჩქები, ასევე ვარდების სკვერში, ბაგრატიონის „მონატრების" სკვერში... შუაღამით იპარავენ. გონიოდან ჩაქვამდე დაცვას ხომ ვერ დაუყენებ მცენარეებს", - ამბობს ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან" საუბარში.
მისივე თქმით, გამწვანების სამსახური ასეთ შემთხვევებში საპატრულო პოლიციას მიმართავს, თუმცა არც შარშან და არც წელს არც ერთი პირი არ დაუჯარიმებიათ, რადგან მცენარეების ქურდებს ფაქტზე ვერ იჭერენ. ეთერ მაჭუტაძის თქმით, წელს მცენარეების ქურდობისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 000 ლარია.
„ხალხის ცნობიერებაში ჯერჯერობით არ არის, რომ ეს არის საერთო საკუთრება, საერთო სილამაზე და მარტო უცხოელებისთვის არ კეთდება", - ამბობს ეთერ მაჭუტაძე. იგი ამბობს რომ ხშირია მცენარის ტრანსპორტისაგან დაზანების შემთხვევებიც, რა დროსაც ტრანსპორტის მეპატრონემ მცენარის საფასური უნდა გადაიხადოს.
ცოტა ხნის წინ ბათუმში წიგნების მაღაზიის მოპირდაპირედ მდგარი 60 კილოგრამიანი ქოთანი მიწიან-მცენარეებიანად მოიპარეს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)