საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში 12 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეს გასტანს. ბატონი თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს სენატორებთან, კონგრესმენებთან, გავლენიან ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან.
16-20 მარტს ვაშინგრონსა და უილიამსბურგში ჩატარდება CSIS (სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის) მიერ ორგანიზებული ფორუმში, რომელშიც თედო ჯაფარიძესთან ერთად ასევე სპეციალური მოწვევით მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი. ფორუმზე ყურადღება დაეთმობა სამომავლო პერსპექტივებს, ევროპულ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის გაფართოებას, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებს, ლეგიტიმურობასა და პოლიტიკური ხელისუფლების მნიშვნელობას, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებს. ფორუმი ასევე მოიცავს მნიშვნელოვან დისკუსიას ევროპის მომავალთან დაკავშირებით, ამერიკის ისტორიული გამოცდილებასა და თანამედროვე ევროპის ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე ისაუბრებენ ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები და ექსპერტები.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ევროპელ პოლიტიკოსთა ფართო სპექტრი, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მეცნიერები, ექსპერტები, ეკონომისტები და ჟურნალისტები. ასევე აშშ-ს წამყვანი ხელისუფლების პირები ევროპაში და ისეთი ცნობილი ევროპელი ექსპერტები, როგორებიც არიან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, მკვლევარი ენდრიუ მორავჩიკი, საბერძნეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსის ტსპირასი, გერმანიის შრომის მინისტრის მოადგილე და ყოფილი აღმასრულებელი საბჭოს წევრი ჯორჯ რასმუსენი.
ფორუმის დამთავრების შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მრგვალი მაგიდის დისკუსიებში, მათ შორის კარნეგის ფონდში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და ბრუკინგის ინსტიტუტში.