შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ალპინისტის საქართველოდან დეპორტირებას არ გეგმავს. შსს ინფორმაციით, ალპინისტი თავის მეგობრებს ჩამორჩა, დაიკარგა და დახმარების თხოვნით სამართალდამცავებს თავად მიმართა. სამართალდამცავები ალპინისტს დაეხმარნენ და ის რუსეთში თავად ბრუნდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ალპინისტები ყაზბეგის რაიონში 8 აგვისტოს იმყოფებოდნენ და კავშირზე 1 დღე არ გამოდიოდნენ, ხოლო 9 აგვისტოს დილიდან ისინი ახლობლებს დაუკავშირდნენ.
რაც შეეხება საქართველოს სამართალდამცავების პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ არც სასაზღვრო პოლიციას და არც შს სხვა სტრუქტურებს ალპინისტები არ დაუკავებია.
„რადგან ალპინისტები სასაზღვრო პოლიციას არ დაუკავებია, ჩვენ მათ დეპორტაციას ვერ მოვახდენდით. ისინი თავად გამოვიდნენ კონტაქტზე ქართველ სამართალდამავებთან. ჩვენ უკვე გადავეცით ალპინისტები რუსულ მხარეს",-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, ერთ-ერთმა ალპინისტმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამინდის გაუარესების გამო, ხილვადობა თითქმის ნულის ტოლი იყო და მხოლოდ ეს გახდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უნებლიედ გადაკვეთის მიზეზი.