საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაცია საქართველოში გერმანიის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციით ჩამოვიდა, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.
"ტაჯიკეთის დელეგაცია ეცნობა იმ რეფორმებს, რომლებიც ბოლო წლებში გავატარეთ. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკურ მხარეს ეხმარება გერმანიის ცენტრალური ბანკი. სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე შეარჩიეს საქართველო გამოცდილების გასაზიარებლად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს. ჩვენ შევთანხმდებით თანამშრომლობის გზებზე და გამოვძებნით საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ." _ აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა.
"ამ რეფორმებმა დიდი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტულად საბანკო სექტორის განვითარების საქმეში. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ მოექცა საქართველო ცენტრალური აზიისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ყურადღების ცენტრში. ამიტომ, ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება." - აღნიშნა შირინოვმა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ყვარელსაც ეწვევიან და ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.