საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ მარიამ კოჩალიძის ოჯახს ბოდიშს უხდის. როგორც ბერძენიშვილმა „რეპორტიორთან" განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათქვამი არასწორედ იყო აღქმული, ბოდიშს იხდის გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წინაშე.
„ უკვე მოვიხადე ბოდიში და კიდევ ერთხელ ვიხდი თქვენი საშუალებით. ჩვენ როგორც პარლამენტის წევრები, უნდა ვუზრუნველყოფდეთ იმას, რომ მსგავსი ტრაგედიები არ ხდებოდეს ქვეყანაში. ჩემი ნათქვამი არასწორეად იყო აღქმული. ვთქვი, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, როცა ასახელებენ საჯაროდ, მაგრამ იქვე დავამატე, მეც დავარღვევდი ამ უფლებას, ასეთი დამნაშავის მიმართმეთქი. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ბოდიშის მოხდა. რამდენჯერაც გახდება საჭირო იმდენჯერ მოვიხდი. გარკვეული გაგებით ეს არის ჟურნალისტის ბრალიც, რადგან სათაურში გამოტანილი იყო წინადადების მხოლოდ ფრაგმენტი, ეს ჩვეულებრივი ჟურნალისტური ხერხია. მომავალში გაცილებით ფრთხილად ვიქნები ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს, რადგან ბოლო ხანებში ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო."-განცხადა ლევან ბერძენიშვილმა.