reportiori.ge - „მიშა“ – მარტო სააკაშვილს ჰქვია?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:15
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„მიშა“ – მარტო სააკაშვილს ჰქვია?
15 მარტი, 2014. 01:02



„ნაცებმა“ გამოიზამთრეს! ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობენ. ჩირგვებიდან და სოროებიდან ჯერ ცხვირი და თავი გამოყვეს, მერე კი წელშიც გაიმართნენ (ამაში ხელისუფლება და საზოგადოებაც კარგად დაეხმარა), ხმაში რიხი და ნათქვამში სითამამეც დაუბრუნდათ. ამას წინათ ვთქვი და მინდა გავიმეორო: როცა დამნაშავეს არ სჯი, როცა უტიფრობას ვერ პასუხობ და ვერ უმკლავდები, ნაცების ყელყელაობა და მენტორის ტონი ნერვებს აღარ უნდა გიშლიდეს!

„გიგი უგულავას გადაწყვეტილება, არ მიიღოს მონაწილეობა მერობის კანდიდატთა პრაიმერში, სწორია, რადგან პარტიას მეტი სიახლე სჭირდებაო“ – ასე შეაფასა მერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძისა და ნიკა მელიას  წამოყენება მიხეილ მაჭავარიანმა.

Reportiori.ge-ს  მკითხველისთვის და ბუნებრივია, ჩემთვისაც, არ უნდა იყოს უინტერესო საკითხი, რა იგულისხმება „ამ სიახლეში“. ვიდრე მიხეილ მაჭავარიანის ფრაზას „გავშიფრავთ“, მინდა შეგახსენოთ, – ეს ის კანდიდატი ვაშაძეა, „ამომრჩეველთან“ შეხვედრაზე რომ განაცხადა, თბილისელობა პირველ რიგში პასუხისმგებლობააო.(?)

მაჭავარიანს რომ ვაშაძის ესფრაზა ყურში შეეშვა, არც სიახლეზე ილაპარაკებდა და იმ უხერხულობასაც ასცდებოდა, ახლა რომ ჩავარდება. თუმცა, მეც ვამბობ რა! როდის იყო, ნაცმოძრაობის ლიდერებს უხერხულობა ეუხერხულებოდათ.

ერთმა რაჭველმა იმდენ ხანს აქო ბაზარში გასაყიდად გაყვანილი საკუთარი ძროხა, რომ ბოლოს სახლში მიაბრუნა: ამისთანა კარგი თუა, რატომღა გავყიდოო.

ყოველდღიური პიარითა და ვირტუალური წარმოდგენებით გაბრუებულმა ნაცებმა, მართლა დააჯერეს საკუთარი თავი იმაში, რომ ბევრი სიკეთე აქვთ ნაკეთები.

 

ისიც ნაცების უკვე მოძველებული სიმღერიდან არის, ათი წლის მანძილზე საკუთარ ფულს და ნაშრომს, რომ გვამადლიდნენ,     ჩვენს ხელისუფლებაში მისვლამდე არც შუქი იყო, არც გაზი, არც გზა და ქუჩაო!

„...ქალქამა დაინახა, რა თბილისს ვტოვებთ, როგორი ქუჩებით, სახლებით, ინფრასტრუქტურით. ...ამიტომაც აირჩია ხალხმა მერად უგულავაო...“ – ესეც მიხეილ მაჭავარიანის მიერ ამასწინანდელი სატელევიზიო დებატების დროს ნათქვამია.

ეს ადამიანები საკუთარ სიტყვასა და საქციელზე პასუხისმგებლები არასოდეს ყოფილან, თორემ ასე პირში ვერ მოგვახლიდნენ, ყრუ და ბრმები ხართ, თორემ მიხვდებოდით, ჩვენს დროს როგორ სამოთხეში ცხოვრობდითო. უფრო სწორად, ასეთი უსაქციელობისათვის არც ბიჭობაში და არც მერე, დიდობაში (კინაღამ წამომცდა, კაცობაში-თქო), არავის დაუსჯია, თორემ ეცოდინებოდათ, თვალში ნაცრის შეყრა უპატიებელი დანაშაული რომ არის. ძნელია ასეთებთან დავა-კამათი, როცა უტიფრობის მასშტაბის გამო ნააზრევის ქაღალდზე გადმოტანა გიძნელდება და ნათქვამიც ბანალური გამოგდის.

არადა, ასეთებს, უმრავლეს შემთხვევაში, გამბედაობაც ღალატობთ.  ასე, მაგალითად, ვაჟკაცობა რომ ჰყოფნოდა, მიხეილ მაჭავარიანი თბილისის აღმშენებლობაზე ლაპარაკს უგულავადან არ დაიწყებდა და იტყოდა, რომ ქალაქის, გზებსა და მთლიანად ინფრასტრუქტურაზე ფიქრი 1992 წელს დაიწყო, მაშინ, როცა საქართველო ჯერ ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა, შემდეგ კი, 1994 წლის მარტში „ნატოს“ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამას შეუერთდა. ამ ყველაფერს კი, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივის გათვალისწინებით, მოჰყვა ის, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდმა გამოყო საქართველოში გზებისა და ინფრასტურქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები. მაჭავარიანი ამას ვერ იტყვის. ეს რომ თქვას, მაშინ ისიც უნდა თქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე იყო და არა სააკაშვილი. სხვათაშორის, არც ის შეუხსენებია ვინმესთვის, სწორედ ამ პერიოდში, თვითონ რომ გახლდათ შემოსავლების მინისტრი.

ადრე რატომ არ ამბობდა, გასაგებია – „მარჩენალი“ მიშა დასჯიდა. თუმცა, მისთვის წელთაღრიცხვა 2004 წლიდან რატომ იწყება, არც ეს არის ძნელი გასაგები. ნაცებში საკუთარი ცოდვის აღიარებაა მიუღებელი, თორემ „მოღალატის“ მხილება სულაც არ ეძნელებათ. პარტიას ახალი სისხლი სჭირდებაო, რომ გაიძახის ბატონი მიშა, მართლა რომ გაწყრეს ღმერთი და ვაშაძე ან მელია ავირჩიოთ, ამ ქვეყანაში მათთვის წინამორბედებს დასანგრევი აღარაფერი დაუტოვებიათ და რაღაც საქმე ხომ უნდა აკეთონ? არადა, აშენებას აპირებენო – რომ თქვას კაცმა, ესეც, მართლა დღემდე არგაგონილი ტყუილი იქნება...

გზებსა და საერთოდ, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ჩვენი მილიარდები რაში და როგორ დაიხარჯა, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და აუცილებლად სათქმელი, მაგრამ მანამდე „თბილისის შენებით“ აღფრთოვანებულ მაჭავარიანს მინდა ვკითხო: 1921 წლამდე საქართველოში ელექტრონი არ ჰქონდათ – „ზაჰესი“ 1927 წელს აშენდა. არც ასფალტი ეგო ტრასებზე – ეს პროექტი 1934 წელს განხორციელდა. ამავე პერიოდში დაიწყო და აშენდა მტკვრის სანაპირო. პირველმა ელექტრომატარებელმა რუსეთის მერე, საქართველოში გაიარა. პირველი ფერადი ტელევიზია რუსეთში იყო. მეორე – საქართველოში.

დღევანდელი მთავრობა რაში ხარჯავს ხალხის ფულს, სულ ვადევნებ თვალსო – ესეც „რუსთავი 2“-ის ეთერში ითქვა მაჭავარიანის მიერ.

დიდი მადლობა – ასეც უნდა იყოს, მაგრამ გუშინდელი მთავრობა რაში ხარჯავდაო, რომ ჰკითხო, დარწმუნებული ვარ, სრული ამნეზია დაემართება. ჰოდა, ჩვენი სია და ჩამონათვალიც ნახოს მაჭავარიანმა. საქართველოსა და თბილისზე დღედაღამ მოფიქრალმა იქნებ აგვიხსნას: სად წაიღეთ, რა უქენით, რატომ გაჩეხეთ წყნეთისა და ბაგების ტყე-პარკები, რომლის განაშენიანებაც 40-ან წლებში დაიწყო, და რომლის ერთ-ერთ გამშენებელსაც, შოთა მეფარიძეს სახლში მიუვარდით და ბუნებისა და ქალაქის მტრად გამოაცხადეთ. აქციებით რომ დარბოდით დიღმის ტყე-პარკში და თქვენი მოსვლის მერე იმ ტერიტორიაზე ხეებზე უფრო მეტი სახლი რომ აშენდა, რატომ არ გახსოვთ, ის ხეები როდინდელი დარგული იყო? დიახ, ხეც ირგვებოდა, შუქიც იყო და ელექტრომატარებელიც, ქართული ელმავალიც, ქართული ფოლადიც იდნობოდა, ასფალტიც იყო და წყალსადენიც, არც უმუშევარი არსებობდა და არც უსახლკარო, მაგრამ ამის მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებასთან ხალხს პრეტენზიაც ქონდა. არ აპატია ის, რისი პატიებაც არ შეიძლებოდა. დალოცვილებო, მართლა, რომ აშენებდნენ, ხალხმა იმათ არ აპატია უმსგავსობა და სიყალბე. თქვენ რა გინდათ, რომ გაპატიოთ:  ერთი კვირის გახსნილ თბილისის აეროპორტში ისე წვიმდა, როგორც გარეთ! ახალი იუსტიციის სახლში ჭერი ჩამოინგრა! ჭერი ჩამოვარდა ქუთაისის ახალ პარლამენტშიც! რუსთაველზე დაგებული ფილაქანი აყრილია! აყრილია ქვაფენილი აღმაშენებლის გამზირზე! აყრილია მეტეხის ხიდის მიმდებარედ დაგებული ქვაფენილი! ყოფილი პუშკინის ქუჩაზე „რესტავრირებულ“ სახლებს ოთხის მაგივრად სამი კედელი აქვს!სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ნუღარ გადაგვიყვანთ... თბილისის მერს მილიონების შეჭმას ედავებიან! 2005 წელს განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს შორის 50 მილიონი ისე დაიკარგა, დღესაც ვერავინ პოულობს! მცხეთიდან გორამდე ახალი გზის დაგებას ცხრა წელი დასჭირდა და მხოლოდ სამოცი კილომეტრია! ამასთან – ყოველ ფეხის ნაბიჯზე, დღესაც რემონტდება. ნაცებს ათი ათასობით ადამიანი ბიზნესის დაქცევას ედავება! ქვეყანაში ტყე-პარკებისა და სკვერების აბსოლუტურ უმრავლესობას რეკრიაციული ზონის სტატუსი აღარ აქვს! ქვეყანას აღარ გააჩნია ტერიტორიის 20 პროცენტი! ყველაზე დიდი უბედურება – ქუჩაში დახვრიტეს და დახოცეს ათეულობით ადამიანი.

შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არა, თანდაყოლილიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამდენი უბედურებს ჩადენის შემდეგ, ურცხვად რომ თქვას, „თბილისელობა უპირველესად პასუხისმგებლობაა“ და ჩვენც გვიკეთებია ქვეყნისთვის რაღაცო!

ახლა, რომელი „ლიმონა“ მე ვარ, „რაზბორკები“ მოგიწყოთ, მაგრამ „ნაცებს“ მილიონების შეჭმა გინდათ, პასუხისგება – არა. მშენებლობაში ფულის მოტეხვა გინდათ, პასუხისმგებლობა – არა. ხალხის წამება და ოჯახების დაქცევა-განადგურება გინდათ, პასუხისმგებლობა – არა. არ იქნება, ბატონებო, ასე! არა!

იქნებ ისე ვერ ვთქვი, როგორც საჭიროა. არც ახალია არაფერი. საზოგადოებაც გადაღლილია ამდენჯერ ერთისა და იმავეს მოსმენა-ყურებით, მაგრამ თქვენი ყურადღება გულის მოსაოხებლად არ მიგვიქცევია. ასე გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე სამართალი არ დამკვიდრდება, ვიდრე პირმოთნეობა და სიმდაბლე კაცობად საღდება.

 

მიხეილ მაჭავარიანს, საერთოდ „ნაცებს“ და სხვათა შორის, „ოცნებასაც“ მოკრძალებით შეგეკითხებათ: მიშა – მარტო სააკაშვილს ჰქვია?


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016