ნობელიანტი თურქი მწერალი ორჰან ფამუქი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, საკუთარ რომანში „თოვლი" ქართველი ცოლ-ქმრის ისტორიას აღწერს.
„ნახშირისა და ბინძური თეთრეულის სუნით აქოთებულ სარდაფში ჩავიდნენ. კაცი, რომელიც წინ მიუძღოდათ (იგულისხმება შემოწმების მიზნით გაყოლილ სამხედროსა და წიგნის მთავარ პერსონაჟს) გათბობის ქვაბის გვერდით მუყაოს ცარიელი კოლოფებისა და ბოსტნეულის ყუთებისაგან შეკოწიწებულ კუთხეს მიადგა. იქ სახელდახელოდ მოწყობილ საწოლზე ახალგაზრდა ქალს ეძინა. თეთრი ფითქინა კანი ჰქონდა და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო", - წერს მწერალი, თუმცა ქართველი ქალის სილამაზის აღნიშვნის შემდეგ მის დახასიათებას ამგვარად აგრძელებს:
„იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობს. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეებს ცხვირწინ აცლის. ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს უფროსს თვეში ხუთ ამერიკულ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ. თურმე ამბობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახლს ვიყიდით და სიცოცხლის ბოლომდე აღარ ვიმუშავებთო. ყუთებში თურქეთში იაფად ნაყიდ ტყავეულს ინახავდნენ, რომელსაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სარფიანად გაყიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, „თავიანთ" საქვაბეში დაბრუნებას რაღაც მანქანებით მაინც ახერებდნენ. ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო", - წერს ფამუქი.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)