პოლიტიკური ექსპერტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი აზრით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გათავისუფლებაში გარკვეული როლი ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომამ ითამაშა. არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს იმასაც, რომ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლების გასამართლება არ მოხდა. ექსპერტის აზრით, კოაბიტაციის „ხიბლში შესულ" „ოცნებას" ნაციონალები საინფორმაციო ომსაც უგებენ, რადგან მათ კარგად აქვთ ათვისებული ჭიქაში ქარიშხალის ატეხის ხელოვნება.
გია ხუხაშვილთან ინტერვიუ დავიწყეთ კითხვით, თუ როგორ აფასებს ის დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას - პოლიტიკიდან წასვლას.
გია ხუხაშვილი:
- როგორც იქნა, შევასრულე დაპირება, გავედი პოლიტიკიდან და შედარებით მშვიდ ცხოვრებას ვუბრუნდები. არაფერში ვერევი და ჩემზე თავდასხმების რაოდენობამაც იკლო. პოლიტიკოსი არც არასდროს ვყოფილვარ. საქართველოში არ არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელმაც თავად თქვა უარი ძალაუფლებაზე. ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოცდა ჩავაბარე. ეს გამოცდა კი საკმაოდ მძიმე გახლავთ და მისი ჩაბარება ბევრს უჭირს.
- დღეს, როცა პოლიტიკურ პროცესებს გარედან ადევნებთ თვალს, რა შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა, უმრავლესობისა და უმცირესობის „ორთაბრძოლები", მაგალითად, უკრაინის თემაზე გამართულ დებატებს როგორ შეაფასებდით?
- ეს არის ნაციონალური მოძრაობის სტილი. ისინი მუდმივად ცდილობენ, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ. ისინი უმრავლესობას რეზოლუციაში შესატან ერთ სიტყვაზე ედავებოდნენ. საუბარია სიტყვაზე „იზოლაცია". ყოფილი ხელისუფლება ითხოვდა, რომ საქართველომ დააყენოს რუსეთის იზოლაციაში მოქცევის საკითხი. ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ჩვენ არ ვართ სამყაროს ჭიპი, შესაბამისად, არც იმის პრეტენზია უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერში მედროშეები ვიყოთ. პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ყველაფერია ნათქვამი. ნაციონალების მცდელობა - „ყველაზე მაგარი ბიჭები გამოვჩნდეთ", ირონიის მომგვრელია. მაგარი ბიჭობა რითიც მთავრდება, ბევრჯერ გვაქვს ნანახი. მუდმივად გოლიათთან მებრძოლი დავითის პოზა თანამედროვე სამყაროში პაროდიულ სახეს ატარებს. ჩვენ უნდა ვუყუროთ პარტნიორებს, იმ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად წყვეტენ უკრაინის ბედს. მათთან ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე, ოღონდ მუდმივად წინა პლანზე ყოფნას არ უნდა ვესწრაფვოდეთ.
დღეს დაჩქარებული ტემპით ვითარდება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები. ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს. ასეთ ადამიანებთან ლაპარაკი ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მათ თავიანთი საქმე კარგად იციან.
- რას გულისხმობთ?
- მათ ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ ჭიქაში ქარიშხლის ატეხა.
- ამ ქარიშხლის ქუჩაში გადატანასაც მოახერხებენ?
- ქუჩაში გამოსასვლელად რესურსია საჭირო, რაც მათ არ გააჩნიათ. ნაციონალების წარმატებები ამ სფეროში ხელისუფლების დამსახურებაა, რაც იმით გამოიხატება, რომ საინფორმაციო ომს იგებენ ნაციონალები. ამის მიუხედავად, საზოგადოებაზე გავლენას ვერ ახდენენ, უბრალოდ ისინი ნიუსმეიკერები არიან. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ხელისუფლება სულ თავისმართლების და პასუხის გაცემის რეჟიმშია. ბუნებრივია, ამასაც აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, შეიძლება არაპროფესიონალიზმის ბრალიც იყოს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება პიარზე ნაკლებად არის ორიენტირებული. ამის ხარჯზე ნაციონალური მორძრაობა ახერხებს და ავსებს საინფორმაციო სივრცეს.
- რა გავლენას იქონიებს მათ მიერ საინფორმაციო ომის მოგება საბოლოო ოედეგზე?
- საბოლოო ბალანსი ყოფილი ხელისუფლებისთვის უარყოფითი იქნება. საზოგადოება მათ უტიფრობასა და აქტიურობაზე კიდევ უფრო ღიზიანდება. ესენი კი „ჩემი შენ გითხარი"-ს პრინციპით მოქმედებენ. ყველა უბედურებას, რასაც თავად ატრიალებდნენ, ახლა სხვას აბრალებენ.
- თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, ამბობენ.
- ამ შემთხვევაში ასე არ გამოვა. პრაგმატული პოლიტიკური ძალა ცოტა ხანს ჩაწყნარდებოდა, შეეცდებოდა, ხალხისთვის დაევიწყებინა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, კარგი იქნებოდა, ბოდიშსაც თუ მოიხდიდნენ და თავზე ნაცარსაც დაიყრიდნენ.
- ამით მოიგებდნენ ხალხის გულს?
- ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ცხოვრების გახანგრძლივების მეტი შანსი ექნებოდათ. დღეს მათ საკმაოდ სერიოზული ადგილი უკავიათ პოლიტიკაში, რაც იმის ბრალია, რომ საქართველოში სერიოზული ოპოზიციური ძალა არ არსებობს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ცალკე უბედურებაა. ნაციონალური მოძრაობა დღეს სხვა ოპოზიციური ძალების სისუსტის ხარჯზე არსებობს. ამაში მათ ხელს კიდევ ერთი გარემოება უწყობს - ხელისუფლებას არ აქვს კარგად დალაგებული სტრატეგია, თუ როგორ მოექცნენ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაისტუმრა უკრაინამ დამნაშავე რეჟიმი. მთლად ასეთი მეთოდების მომხრე არ ვარ, მაგრამ არც ის შეიძლება, დამნაშავე რეჟიმისგან ხმამაღალი რიტორიკა ისმოდეს.
- თუმცა, როგორც თქვენ ამბობთ, დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს ბრალს ვერ უმტკიცებენ. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი გაათავისუფლა, რომელსაც უამრავი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.
- პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ბრალის დამტკიცება არ სჭირდება. ვიღაცის გასამართლება - ეს არის სამართლის საქმე. პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და, გნებავთ, პოლიტიკური გასამართლება დღემდე შესაძლებელი იყო. რეჟიმის გასამართლება უნდა შემდგარიყო. ამაზე ხშირად მისაუბრია „ოცნების" წარმომადგენლებთან, მაგრამ ისინი არ მეთანხმებოდნენ.
- რა არგუმენტები აქვთ მათ?
- კოაბიტაციის ხიბლში იყვნენ შესული, არადა ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ახლა ქვეყანაში ყველაფერი წყნარად იქნებოდა. სამწუხაროდ, დამნაშავე რეჟიმის პოლიტიკური გასამართლება არ მოხდა.
- კეზერაშვილის თემას დავუბრუნდები. თქვენი აზრით, მისი გამართლება ნიშნავს თუ არა ქართული მართლმსაჯულებისა და ხელისუფლების მარცხს?
- კეზერაშვილმა ასე გამოძრომა რომ მოახერხა, ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია. არ მინდა, შეფასებებში ძალიან მკაცრი ვიყო, მაგრამ ყოფილი მინისტრის გათავისუფლებაში ხელისუფლების შეცდომებმაც შეიტანა წვლილი.
- კონკრეტულად რა შეცდომებმა?
- სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში საქართველოში დაიწყო კამპანია, რომ კეზერაშვილი იარაღის ბიზნესში იყო ჩართული, რაც, სავარაუდოდ, ასეც არის, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობდა. ეს უმიზნო კამპანია კეზერაშვილის ხელში სერიოზული კოზირი აღმოჩნდა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ამის გამო გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ეს ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო. მას ყველა რესურსი უნდა გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ კეზერაშვილის შემთხვევაში საქმე პოლიტიკთურ დევნასთან არ გვქონდა.
- არადა იყო დრო, როცა კეზერაშვილის მფარველობასაც მოგაწერდნენ.
- ეს არის სრული აბსურდი! როგორ შეიძლებოდა, მისი მფარველი ვყოფილიყავი?! იმ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ვიყავი მე. ვინც ამას მაბრალებს, ის ბუჩქებში იჯდა, როცა მე რეჟიმს ვებრძოდი. თუმცა ადამიანებს ლაპარაკს ვერ ავუკრძალავ. ნაციონალების მიმართ ყოველთვის ქორის როლში ვიყავი და მაჩერებდნენ. ვითხოვდი, რომ რეჟიმის მიმართ მეტი სიმკაცრე გამოეჩინათ. რა მოხდა სინამდვილეში, ალბათ გაირკვევა. მალე ყველაფერი დაიწმინდება და დალაგდება.
- ყბადაღებულ სამართილანობის აღდგენაზე რას იტყვით, საბოლოოდ ხელი უნდა ჩავიქნიოთ მასზე თუ კიდევ რაღაცის იმედი უნდა გვქონდეს?
- მოდი, ასე ვთქვათ - ამ ქვეყანაში სამართლიანობა არც არასდროს ყოფილა და არც დღეს არის დამყარებული, ოღონდ, ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს საქართველოში რეჟიმი აღარ არის. წინა ხელისუფლებასთან შედარებით დღევანდელი მთავრობა ბევრად ჰუმანურია. იდეალური არაფერია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, მისი მასშტაბები იყო ძალიან დიდი და ძნელად წარმოსადგენია, მისი აღდგენა როგორ უნდა მოხდეს.
- რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევაზე ვსაუბრობდით, რასაც ნაცმოძრაობა ითხოვს. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ასე რომც მოხდეს, შედეგი რა იქნება? თავის დროზე იზოლაციაში მოქცეულმა გერმანიამ მსოფლიო ომი დაიწყო.
- რუსეთის ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყანას პრობლემები როცა ექმნება, ის უფრო მაგრად გრძნობს თავს. ამ ქვეყანას „ველიკოდერჟავული" კომპლექსის გამო ძალიან ბევრ რამეზე შეუძლია უარის თქმა. ამიტომ ძალიან აკურატული ქმედებებია საჭირო. დღეს დასავლეთი მოსკოვის მიმართ სწორ პოლიტიკას ატარებს, გარკვეულ შემთხვევებში უკანაც იხევს. ეს არის გლობალური საკითხი. ფაქტობრივად სამყარო იცვლება. საბოლოოდ უნდა მოხდეს რუსეთის თემის გარკვევა და მისთვის საბოლოო ადგილის მიჩენა. აქედან გამომდინარე, რისკი ძალიან მაღალია. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ რუსეთი ყირიმიდან გავა. ვისურვებდი, რომ მოვლენები ნაკლებად დრამატულად განვითარებულიყო. არ მინდა, საქმე იქტამდე მივიდეს, როცა თანამედროვე სამყაროს უკანდახევის საშუალება აღარ ექნება.
- ასეთ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას რა ელოდება? გაავებული რუსეთის ტორი ჩვენც მოგვწვდება?
- რუსეთი თუ ძალიან გაავდა, ყველაფერზე წავა. საქართველოს მიმართულებით მას მეორე ფრონტის გახსნა თავისუფლად შეუძლია. ჩემი აზრით, ახლა მოსკოვი ამაზე არ წავა და, იმედია, ასეც იქნება. რუსეთთან საომრად მთელი მსოფლიო არ არის მზად.
- მსოფლიო არ არის მზად, მაგრამ ნაციონალები მზად არიან, მოსკოვთან ომში ჩაებან, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ.
- საომარი რიტორიკისთვის მართლა მზად არიან, აი, ომისთვის კი... დღეს ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური იმპოტენცია სჭირს, თავის უსუსურობას ძალიან ვაჟკაცური რიტორიკით ფარავს. ნაციონალების ნაომარი არ გაიშვა! 2008 წლის 10 აგვისტოს მე და ლაშა ტუღუში გორში ჩავედით. ცარიელ ქალაქში დავდიოდით, მათი ბუნდღა არსად იყო - ეს არის მათი ომი.
ჟურნალი „სარკე"
15. 03. 2014 წ.