ქუთაისში, „თიბისი ბანკის" საგამოფენო დარბაზში, პრობაციონერების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. იმერეთის პრობაციის ბიუროს მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიების გახსნას დაესწრნენ: იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსი ანა გაბრიჭიძე, სახალხო დამცველის რწმუნებული მადონა ბასილაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და პირობით მსჯავრდებულები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ რვა პირობით მსჯავრდებულის (მათ შორის ორი ქალბატონის) ფერწეული ტილოები, ხეზე ნაკვეთი და ნაქარგი ხატები, ვერცხლისა და გიშრის ნაკეთობები, კერამიკული ნამუშევრები.
პრობაციონერმა გივი მამარდაშვილმა ხეზე კვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეისწავლა. დღევანდელ ექსპოზიციაზე მისი რვა ნამუშევარია წარმოდგენილი. პრობაციონერის თქმით, გამოფენაში მონაწილეობაზე სიამოვნებით დასთანხმდა, რადგან მისი შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის შანსი მიეცა.
პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად აწყობს მსგავს კულტურულ აქციებს, რომლის მიზანს საზოგადოებისათვის, პრობაციონერების პოზიტიური კუთხით გაცნობა და რეაბილიტაცია წარმოადგენს.