ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
"ძალიან ხშირად ჩვენ გვინდა ავხსნათ ესა თუ ის მოვლენა, ჩვენი ადამიანური გონებით, ჩვენი მსჯელობით, ანალიტიკური აზროვნებით. არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, რომ ადამიანს სჭირდება ეს ცოდნა ანალიტიკური აზროვნებისა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, თავისი სიკეთით და ბოროტებით. სიკეთეც ბევრია და ბოროტებაც მსოფლიოში და ყოველი ადამიანის მოვალეობა არის ის, რომ გაანალიზოს, დაინახოს, სად კეთილია და სად ბოროტი", - აღნიშნა პატრიარქმა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, ანალიტიკური აზროვნებაა, როცა ადამიანი ფიქრობს ერთ მოვლენაზე და უნდა დაანაწევროს იგი, შემდეგ ცალკე გაანაზილოს ეს ნაწილები და შემდეგ ისევ შეაერთოს. ასეთი პროცესია. ჯერ მთლიანად უყურებს, მერე ანაწევრებს და მერე ისევ აერთიანებს.
"ეს საჭიროა, ეს ჩვენ გვჭირდება. გვჭირდება იმისთვის, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი ანალიტიკური აზროვნების გარეშე იწყებს ამა თუ იმ საქმეს და იწყებს იმ დროს, როცა არ არის მზად ამისთვის, ამის გასაკეთებლად. ამიტომ ანალიტიკური აზროვნება ძალიან საჭიროა. მე ვფიქრობ, ჩვენი განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ დაწყებითი კლასებიდან დაწყებული საშუალო სკოლაში და უმაღლეს სასწავლებებლებში იქნება ანალიტიკური აზროვნება შეტანილი", - დასძინა ილია მეორემ