შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დღეს დილიდან, წალენჯიხის რაიონში სამაშველო-საძიებო ოპერაციას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით ატარებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ქართველ მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფმა წალენჯიხის რაიონში მდებარე „ჭითაგვალა"-ს მწვერვალისკენ სვლა ორი დღის წინ დაიწყო. არსებული ინფორმაციის თანახმად, 3200 მეტრზე ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი დაგორდა, რის გამოც მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები მიიღო და სასწრაფო შველას საჭიროებდა. ექსპედიციის სხვა წევრებმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველები, ამავე სამმრთველოს უფროს გიორგი ძაგნიძის ხელმძღვანელობით, სრული სამთო სპეცაღჭურვილობით კვლავ განაგრძობენ საძიებო ღონისძიებებს „ჭითაგვალა"-ს სიახლოვეს მდებარე ყველა ხევსა და ფერდობზე.