მსახიობ იმედა კახიანის წინააღმდეგ, სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის, ნატალია ჭეიშვილის ადვოკატები სარჩელს ამზადებენ. ნატალია ჭეიშვილის თქმით, იმედა კახიანმა ბინის დაცლის ნაცვლად, კერძო აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს და ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც მათ სახლის დაცლისკენ მოუწოდეს. თუმცა, კერძო აღმასრულებლები 30 ივლისს იმედა კახიანის ოჯახს უკვე იძულების წესით გამოასახლებენ. თავად მსახიობი ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. მისი განცხადებით, სამართლებრივი დავა, ვერაზე მდებარე ბინაზე, ნატალია ჭეიშვილთან მხოლოდ იმიტომ წააგო, რომ ის „ოცნებაშია“ და ეს „ნაციონალებმა“ კარგად იცოდნენ. „რეპორტიორი“ კომენტარისათვის ეკა კახიანსაც დაუკავშრდა, თუმცა როგორც მან განგვიცხადა, ამ თემაზე კომენტარს მხოლოდ იმედა კახიანი აკეთებს და ის ამაზე საუბარს არ აპირებს. იმედა კახიანის ოჯახსა და ნატალია ჭეიშვილს შორის საკუთრებაზე დავა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კახიანები 2004 წლიდან, ექვსი თვით, ჭეიშვილის ბინაში კორპუსის ამხანაგობის თხოვნით შესახლდნენ. როგორც ბინის მესაკუთრე ნატალია ჭეიშვილი ყვება, 2004 წელს, ახალ აშენებულ კორპუსში, ამხანაგობის თხოვნით, ბინა კახიანებს დაუთმო. სანაცვლოდ კი ამხანაგობამ ბინის რემონტი გააკეთა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, კახიანებმა ბინა არ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ბინის მეპატრონემ სასამართლოს მიმართა და კანონიერი გზით ეცადა საკუთრების უფლების დაცვას. უზენაესმა სასამართლომ, 2013 წლის 12 აპრილს, ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც, კახიანებს ბინის გათავისუფლება დაევალათ.