მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს თბილისში დაიბადა. გუდიაშვილი სწავლობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. მისი პირველი ნახატები 1914 წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა.
1919-1926 წლებში მხარვარი პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე.წ. „თავისუფალ აკადემიაში", სადაც შემდგომში პერსონალური გამოფენებიც გამართა. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ. მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა და ასევე მადრიდის მუზეუმმა „პრადომ". 1926-1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი.
გუდიაშვილზე დიდი გავლენა მოახდინა ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრივ საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს („კინტოების ქეიფი ქალთან", „მოქეიფენი ეტლში", „თევზი ცოცხალი", „სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", „ნადირობა", „იდილია", „ქალი კლდეებში", „ირმის ტბის პირას" და სხვა). პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული („ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; „ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; „საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა). გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს „ცისფერყანწელებს" (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული „ლა რუშის" მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.
გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს. გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა თბილისში 1980 წლის 20 ივლისს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)