ხვალ, ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისაგან შემდგარი CD ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი გრუზინსკი, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი მარინა ბერიძე და „ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც „რეპორტიორს" კულტურის სამინსიტროდან აცნობეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და „ბრავო რექორდსი" ირაკლი ჩარკვიანის ერთგულ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ პროექტს.
CD ალბომი სახელწოდებით „The best of King" იქნება ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებული. ალბომში ირაკლი ჩარკვიანის 12 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი შევა. გარდა საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებებისა ალბომს თანდართული ექნება მინი კატალოგი, რომელიც აწყობილი იქნება ირაკლის მოღვაწეობის განმავლობაში გადაღებული ექსკლუზიური ფოტოებით, ჩანაწერებით და ირაკლის საუკეთესო ლექსებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუსიკალრი ნაწარმოებების დასუფთავება. პარალელურად მიმდინარეობს ალბომის დიზაინის კონცეფციის ჩამოყალიბება. სავარაუდოდ ალბომზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება „ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელში შეიძინოს ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებული.