ქუთაისში იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველ თბილისელებს ავტობუსები 13:00-დან 14:00 საათამდე სასტუმრო "რედისონის" წინ დაელოდებიან.
ფესტივალი ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
"იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. მსგავსი ფესტივალი უკვე გაიმართა ქართლში, მომავალში კი ის მთელ საქართველოს მოიცავს.
ღვინის ფესტივალი მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და განვითარებას.
ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის გამართვა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს შემორჩენილი უნიკალური ჯიშებით ახალი მწარმოებლების დაინტერესებას და მათგან დამზადებული ღვინის რეალიზაციასა და ადგილის დამკვიდრებას შიდა თუ გარე ბაზრებზე.