reportiori.ge - საყდრისის ტესტი, თუ საყდრისის წყევლა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საყდრისის ტესტი, თუ საყდრისის წყევლა?
ავტორი:
17 მარტი, 2014. 18:15

მიხეილ ჯიბუტი


2014 წლის 13 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. თავისთავად შეხვედრის ფაქტი მისასალმებელი და წასახალისებელია.


ეს შეხვედრა გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. მე საშუალება არ მქონდა, ის მიმდინარეობის პროცესში მენახა, რადგანაც სხვა საქმეები მქონდა დაგეგმილი იმ დროისათვის. შეხვედრის დამთავრებიდან დღის ბოლომდე უამრავ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც შეხვედრის ტრანსლაციას უყურეს. არ ვიცი, მე შემხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი დარჩნენ ამ შეხვედრით, თუ მართლაც ასეთი უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა თბილისში. საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საღამოს გადავახვიე ჩანაწერი და თავიდან ბოლომდე ვნახე ეს გადაცემა.

ნეტავ, არ მენახა!

- პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა „წაკითხვით"!

- პრემიერ-მინისტრის თქმით, მან თსუ სტუდენტებთან შესახვედრად იმიტომ შეარჩია, რომ თვითონ „ამ კედლებში სწავლობდა"! სხვა სასწავლებლების სტუდენტებთან თუ იქნება შეხვედრა და როდის - ამის შესახებ არაფერი უთქვამს;


- პრემიერ-მინისტრი „ცარიელი ხელით" მივიდა უნივერსიტეტში - არც უნივერსიტეტისათვის, არც სტუდენტებისათვის შეხვედრის სიმბოლური სამახსოვრო არაფერი კვალი არ დაუტოვებია; არაფერი არ უთქვამს თსუ კამპუსისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისების შესახებ, უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე, ელემენტარულად უნივერსიტეტის დამფუძნებელი მამების საფლავებისთვისაც კი არ მიუგია პატივი ყვავილითა და თუ უყვავილოდ;


- პრემიერ-მინისტრის ინიციატივები იყო ზოგადი - თარიღების, რაოდენობის, ეტაპებისა და ფინანსების დასახელების გარეშე და მის საუბარში უფრო ხშირად იყო გამოყენებული სიტყვები „მე", „ჩვენი გუნდი", ვიდრე „საქართველოს მთავრობა" და ა. შ.

განსაკურთებით მძიმე სანახავი იყო სტუდენტების ტაშით დაჯილდოებულ კითხვებზე პრემიერ-მინისტრის უტაშოდ დატოვებული პასუხები.


ყველაფერი ეს შეიძლება მიეწეროს პრემიერ-მინისტრის გამოუცდელობას, ან იმას, რომ დარბაზში, გარდა უნივერსიტეტის რექტორისა, ყველა სხვა - პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ერთ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. თუმცა, სწორედ ეს მომენტია ამ ისტორიაში მთავარი. ერთი და იგივე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრის რანგში და მეორე მხრივ - დოქტორანტის სტატუსით... ცა და დედამიწა უნდა იყოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, სტუდენტების საკითხით დაინტერესების საფუძველზე დასმულ კითხვებს პრემიერი სახელმწიფო პოლიტიკით კი არ პასუხობდა, არამედ საკუთარი პერსონალური ჯანსაღი აზრის პრინციპით.

განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პრემიერისათვის საყდრისისა და კაზრეთის სოციალური პროტესტისა და ტრაგედიის ტესტი.

შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიცია არ შეესაბამებოდა ქვეყნის პირველი პირის სტატუსს. პრემიერ-მინისტრმა არ წარუდგინა შეკრებილთ სრული სურათი საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ვერ უთხრა საზოგადოებას, მაშინ როდესაც საყდრისთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი მისი დანგრევისაგან, მანამ, ვიდრე საკითხი გაირკვევა? არ უთქვამს გერმანიის მთავრობის დაინტერესების შესახებ ამ საკითხებთან დაკავშირებით. არც ის უთქვამს, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის მხარის მოწვევით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია და საყდრისთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა. არაფერი უთქვამს გერმანიის წინადადებაზე, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიით (ნდობისათვის - გერმანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობის გარეშ) დადგინდეს საყდრისის ოქროს საბადოს ისტორიული და კულტურული ღირებულება. არც ის უთქვამს, შობა დღეს, 7 იანვარს - საყდრის-ყაჩაღიანის უძველესი ძეგლი ლიცენზიანტმა კომპანიამ ბულდოზერით რომ დააზიანა. პრემიერს არც ის მორალური ხმები გაუფანტავს, რომ ეს ძეგლი უკვე აფეთქებულია. პრემიერმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით იმ კომპანიის პოზიცია, რომლის საქმიანობის წყალობითაც მთელი დაბა კაზრეთი გაფიცულია. ვერც ამ გაფიცვებთან დაკავშირებით იყო პრემიერის პოზიცია ჯანსაღი და ხალხზე მზრუნველი. პრემიერის თქმით, მან ვიღაცას დაავალა ამ საკითხის შესწავლა და ბუნებრივია, შეხვედრის დროს არ ჰქონდა საკითხი მზად. და თანაც, ეს როდის - გაფიცვების ერთი და ორი დღის შემდეგ კი არა, არამედ გაფიცვების დაწყებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ. ასეთი „გულსიცივე" პირველ პირს თუ შეუძლია ცოცხალი ადამიანების მიმართ, მაშინ საყდრისის „ქვათა ღაღადის" გაგონება და განცდა შეუძლებელია.


ისე, საყდრისი „ქვათა ღაღადზე" მეტია!


მაგრამ საყდრისს აშკარად რაღაც მისია აკისრია. ის, მართალია, დღეს „კოჰაბიტების" მიერ სიკვდილმისჯილია, მაგრამ აშკარაა, რომ ატარებს გაერთიანების, კონსოლიდაციის მუხტს. საყდრისმა ხომ შეაძლებინა პრეზიდენტ სააკაშვილსა და  პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს გაერთიანებულიყვნენ მის წინააღმდეგ და 5 დღეში გაეწირათ ის. შემდეგ მან შეძლო შეეკრიბა საყდრისის მეგობრები, რომელთა რიცხვიც სულ უფრო იზრდება. მან შეძლო კაზრეთში ეჩვენებინა, რომ ადამიანია მთავარი! მან გამოამჟღავნა ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის ტენდენციური და მცდარი პოზიცია, რომ დავა ეკონომიკასა და კულტურის ძეგლებს შორის ყოველთვის ეკონომიკის სასარგებლოდ წყდება.

საყდრისთან დაკავშირებით საკითხი არ დგას სათუოდ... აქ შეიძლება იყოს ეკონომიკაც და ძეგლიც შეიძლება იყოს დაცული.

საყდრისის ტესტი პრემიერ-მინისტრმა უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა!


რა არის ეს? საყდრისის წყევლა? არა! ესაა საყდრისის ლოცვა. მან ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს საჯაროდ ეს პოზიცია ახალგაზრდულ აუდიტორიაში ათქმევინა და მისი თაობა გახადა ამ პოზიციის მოწმე. ამან უნდა დააფიქროს ის საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების დროს.

საყდრისის წყევლა კი, რეალურად არსებობს თუ არა, ან რაში მდგომარეობს, არავინ იცის... თუმცა, მე მჯერა, რომ არსებობს?


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016