შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფის ყველა წევრს - 2 გოგონასა და 4 ბიჭს მიაკვლიეს.
ქართველ მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფმა წალენჯიხის რაიონში მდებარე „ჭითაგვალა"-ს მწვერვალისკენ სვლა ორი დღის წინ დაიწყო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 3 200 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. მთასვლელმა სხეულის დაზიანება მიიღო, ექსპედიციის სხვა წევრებმა კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფის ყველა წევრის გამოყვანა ვერტმფრენით უზრუნველყვეს. ერთ-ერთ მათგანს სამაშველო სამსახურის ექიმმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია. მას მხარი აქვს დაზიანებული.
ამ დროისთვის დაშავებული მოყვარული მთამსვლელი და ჯგუფის დანარჩენი წევრები მაშველებს ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან თბილისში გადმოჰყავთ.