„ეს ადამიანი შესმოწმებელია ფსიქიურ ექსპერტიზაზე, ნორმალურია თუ არა საერთოდ, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და პასუხს ვაგებინებ აუცილებლად სასამართლოს წინაშე!“ – აცხადებს „რეპორტიორთან“ საუბარში ირაკლი ფირცხალავა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გელა მებონიას სიცრუეში ადანაშაულებს და გამორიცხავს, რომ მას საამართლოს წინაშე დამადასტურებელი ფაქტები შეიძლება ჰქონდეს. „მან განაცხადა, რომ ვაზაგაშვილის საქმეზე, შემთხვევის ადგილზე შუადღეს მივიდა, თუმცა შემთხვევა დილით მოხდა. ვაზაგაშვილის მანქანიდან გასროლა არ ყოფილა. კიდევ ერთი სიცრუეა ის, რომ უკანა სავარძელზე ნახა იარაღი, ეს ასე არ იყო, რადგან იარაღი ფუტურიძეს ეჭირა ხელში", – აღნიშნავს ირაკლი ფირცხალავა „რეპორტიორთან“ საუბარში. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებებს მატერიალურ ინტერესებს უკავშირებს და კატეგორიულად გამორიცხავს მებონიას შემთხვევის ადგილზე ყოფნას, რადგან, მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრსაც არ ჰქონდა შესვლის უფლება. „ან ფულით მოისყიდეს, ან თანამდებობას შეჰპირდნენ და ამის გამო „სისულელეებს ლაპარაკობს“. – აცხადებს ფირცხალავა „რეპორტიორთან“. შეგახსენებთ, გელა მებონია ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ჩვენების მიცემას აპირებს . მისი თქმით, ვაზაგაშვილისა და მისი თანმხლებების ავტომობილში იარაღის ჩადებას პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა.