სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. როგორც სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, მამა გაბრიელი საოცარი პიროვნება იყო.
„მრავალი თქვენგანი იცნობდა მას პირადად, როგორი უშუალო იყო, როგორი ბავშვური ხასიათის მქონე, ამიტომაც უფალმა დააჯილდოვა იგი, დააჯილდოვა რწმენით, მადლით, სიყვარულით, სასოებით, იმედით. დააჯილდოვა იმით, რომ დღეს, აი უკვე ერთი თვეა, ხალხი დღე და ღამე მიდის მასთან და სთხოვს დახმარებას. მამა გაბრიელი გვეხმარება ჩვენ ყველას“, - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი უნდა იყოს ერთი, არ უნდა იყოს გაყოფილი გარეგნულად და შინაგანად. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, შინაგანი სამყარო უნდა იყოს იგივე, რაც გარეგნული და პირიქით, გარეგნული ისეთი უნდა იყოს, როგორიც შინაგანი.