24 მარტს, 11:00 სთ-ზე საქართველოში ბრუნდება New York Harmony Sweepstakes A Capella Festival 2014-ის გამარჯვებული ჯაზ კვინტეტი საქართველოდან QUINTESSENTIAL 5. ქართულმა ჯგუფმა პირველი ადგილის გარდა მიიღო ორი მნიშვნელოვანი ჯილდო: საუკეთესო არანჟირებისათვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისათვის.
კვინტეტის შემადგენლობაში არიან: ანა დოიაშვილი, სალომე და ელენე დოლიძეები, პაპუნა შეარიქაძე და გიორგი თორაძე. მუსიკალური ხელმძღვანელი ბუკა კარტოზია, ხოლო ხმის ოპერატორი კახა ხოშტარია გახლავთ.
სატელევიზიო გადაცემა „ანა-ბანას“ გამარჯვებულებისგან, 2012 წელს დაარსებულ ჯგუფს, მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე. ჯაზის სამშობლოში გამარჯვება კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის. გამორჩეული ვოკალური მონაცემების ახალგაზრდა შემსრულებლების ერთ ჯგუფად შეკვრის იდეა ბუკა კარტოზიას და მარინა ბერიძეს ეკუთვნით.
საქართველო პირველად მონაწილეობდა ნიუ-იორკის ფესტივალზე. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.
გამარჯვებულ კვინტეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დახვდება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)