ასლან და გიორგი აბაშიძეები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. "ჯერ მე მოვდივარ, მოგვიანებით მამაც ჩამოვა,"- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
გიორგი აბაშიძის თქმით, იგი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, თუმცა რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს.
"9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. ძალიან მენატრება იქაურობა. დღეს ჩამოსვლის რეალური შანსი გამიჩნდა, მოტივებსა და სამოქმედო გეგმებზე ნაკლებად ვფიქრობ, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ყოველთვის გამოვიყენებ. უშეცდომო ვინ არის, მაგრამ მე ისეთი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ საკუთარ ქვეყანაში ამდენ ხანს არ ჩავეშვი. ეს წლების განმავლობაში მაწუხებდა და მთრგუნავდა. დღეს ცხოვრების ხალისი დამუბრუნდა, რადგან საქართველოში ჩასვლის შანსი გამიჩნდა."- აღნიშნავს აბაშიძე.
რაც შეეხება მის დას, როგორც გიორგი აბაშიძე ამბობს, მისი და უკვე "იტალიელია" და სავარაუდოდ, იგი საქართველოში დასარჩენად არ ჩამოვა. გიორგი აბაშიძე ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიით არის განწყობილი და სჯერა, რომ საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებს.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს - პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. "პოლიტიკის გაგონება აღარ მინდა. ცუდი მოგონებები მაქვს და ჩემში ცუდ ასოციაციებს იწვევს. ნამდვილად არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას", - აცხადებს გიორგი აბაშიძე. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძეს სააკაშვილზე მაკომპრომეტირებელი ფირები აქვს, როგორც გიორგი აბაშიძე პასუხობს, ამის შესახებ მასაც სმენია, თუმცა არ უნახავს და არც იცის, რამდენად მართალია.