თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გრანდიოზული გასართობი ცენტრი გაიხსნება. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
შპს "ჯინო პარკმა" და მისმა ევროპელმა ინვესტორებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აკვა-პარკის მშენებლობა გასული წლის ივლისში დაიწყეს. პროექტის პირველი ეტაპი უკვე სრულდება. მოეწყო გარე ტოპოგანები, "კამიკაძე", საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო და ტალღოვანი აუზი, 25 მეტრიანი ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისი საცურაო აუზი; ბავშვთა წყლის პარკი, ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთის ქვიშის მოედნები, ღია და დახურული კაფე, ველნესი და სპა ცენტრი, მარილებისა და მენთოლის, რომაული და ფინური საუნები, ჯაკუზები, მშრალი და სველი სამასაჟეები. ასევე მოეწყო საზაფხულო სანაპირო ზღვის ხედით.
დასასვენებელი ცენტრი შიდა კამერებითა და დაცვის სისტემებით, ინდივიდუალური სეიფებითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი. პარკში იმოქმედებს ჩიპების სისტემა და დამსვენებელს არ დასჭირდება ფულის ან კარტის თან ტარება.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პარკი წლის განმავლობაში 800 000-მდე ადამიანს მოემსახურება. შეიქმნება ასობით სამუშაო ადგილი. მომსახურე პერსონალი გადამზადების სპეციალურ კურსს ევროპის აკვაპარკებში გაივლის.