ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში დაკარგული 17 წლის დარეჯან დისამიძე, სავარაუდოდ, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენიშნეს. როგორც დემეტრე თავდადებულის N119 მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, გვიან ღამით, დაახლოებით 00:00 საათზე გოგონა დაინახეს, რომელიც წყალს სვამდა და ტელეფონზე საუბრობდა. მათივე თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვიან, გოგონა დარეჯან დიასამიძე იყო თუ არა. მისივე თქმით, პოლიციაში დარეკეს და აცნობეს, რომ დაკარგული გოგონა დაინახეს, თუმცა პატრული არ მივიდა.
"დავინახეთ ეს გოგო და დავურეკეთ პატრულს, მაგრამ არ მოვიდა. პატრულმა გვითხრა, გამომძიებელს ეკუთვნის ეს საქმეო. დავინახე მეზობლის სახლის წინ. იცით როგორ იყო? არ იყო ნორმალურ ჭკუაზე. წყალი ეჭირა ხელში და სვამდა, აბნეული იყო. ნამდვილად არ ვიცი, ის გოგო თუ იყო, გავდა იმ გოგოს. მეზობელი გამოელაპარაკა. თქვა, რომ 31 დეკემბრის ქუჩას ეძებდა. მეზობელმა ასწავლა ქუჩა და წავიდა იქეთკენ. მეტი არაფერი არ ვიცი, ჩვენ ველოდებოდით პოლიციეს", - აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ნათელა დიასამიძემ. ნათელა დიასამიძის მეზობელი, რომელიც წუხელ გვიან ღამით გოგონას გამოლაპარაკა, ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებს. როგორც გოგონას დედა ლამზირა მახარაძემ აღნიშნა, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც გოგონას სატელეფონო საუბარს ისმენდა, მას უთხრა: "ტელეფონზე ლაპარაკობდა, რომ მე სახლში არ დავბრუნდები, დედა მყავს თურქეთში და უნდა გადავიპაროო". "შეუმჩნევიათ აივნიდან, რომ გოგო ლაპარაკობდა ტელეფონზე. ჩაცმულობა არ ეთანხმება ჩემი შვილის ჩაცმულობას, მაგრამ შეიძლება გამოიცვალა. თმაც შეჭრილი აქვს. ჩავიდა, გაესაუბრა. ამხანაგს ველოდები, უნდა მომაკითხოს, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვსო. გამოიძახეს პატრული, მაგრამ არ იყო პატრული საქმის კურსში. არ იცოდნენ, ვინ იყო დარეჯან დიასამიძე და რატომ იძებნებოდა. მთავრობა გვეუბნება, ვდგავართ ფეხზე და შენს შვილს ვეძებთო. ეს როგორი ძებნაა. დილით შევატყობინეთ პოლიციას, 3 საათი ველოდებოდით, მაგრამ სანამ ვალერი თელიას არ დავურეკეთ, არ მოვიდა პოლიცია", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.
შეგახსენებთ, დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დაიკარგა.