დღეს საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის დაბადების დღეა. მას 73 წელი შეუსრულდა.
თემო გოცაძე - სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი, აკადემიკოსი, აკადემიის წევრი...
წლების მანძილზე იყო ტელევიზიის მთავარი მხატვარი, მხატვრის სახლის დირექტორი... მისი შემოქმედება მთლიანად ქართული, ე. ი. ეროვნულია; იგი თავისი მიდრეკილებით და შემოქმედებით მხატვარ-მონუმენტალისტია. მის ნახატებში კარგადაა შერწყმული კანონი ფერწერული ჰარმონიისა, ფერისა და ფორმის, მხატვრული აზროვნებისა და ცხოველმყოფელობის... თუ საწყის ეტაპზე თემო გოცაძეს, ასე ვთქვათ, იზიდავდა თვალით სამზერი რეალობა, შემდგომში ,სამზერობა რეალობის სიმბოლური გამოსახვით იცვლება და თანდათანობით მითოლოგემებში გადადის. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ, ცხენის მითოლოგემა, რაც მხატვრის თითქმის მთელი შემოქმედების ძირითად იერსახეს ქმნის. ორიოდე წლის წინ გამოიცა თემო გოცაძის კატალოგი, სადაც მისი 500 კომპოზიცია შევიდა,-„ახლა შემიძლია ყველაფერს თავი დავანებო, წავიდე ამ ქვეყნიდან, თემო გოცაძე კი დარჩება. ვთვლი, რომ ჩემი გასაკეთებელი, ერთი კაცის საქმე, გავაკეთე, ცუდია თუ კარგი, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. ვერც დღევანდელი თაობა ვერ შეაფასებს. დროა საჭირო. ჩემთვის ისიც საკმარისია, ერთ კაცს მაინც თუ ესმის ჩემი შემოქმედება. მაშინ ჩავთვლი, რომ სწორად მიცხოვრია". - ამბობს მხატვარი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თემო გოცაძემ სწორად იცხოვრა და ასევე აგრძელებს ცხოვრებას. „რეპორტიორი" ულოცავს დიდ შემოქმედს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებით გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის სასიქადულოდ.