პროკურატურამიიჩნევს, რომ ამერიკული კომპანია „დენსუსის" მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯერ კიდევ 2011 წელს გადაცემული დასკვნა შედგენილია მაღალკვალიფიციურად და იგი არათუ ეწინააღმდეგება ივანე მერაბიშვილისათვის შერაცხულ ბრალდებას, არამედ ავსებს მას და ადასტურებს ამ ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას.
„ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, გასცა უკანონო ბრძანებები, რომელთა საფუძველზე საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაარღვიეს მიტინგის დაშლის წინასწარ მომზადებული, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული გეგმა, რომლის მართლზომიერება და მიშანშეწონილობა გაზიარებულია ზემოაღნიშნული დასკვნითაც. შედეგად, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა, ხოლო ორი - გარდაიცვალა.
საგულისხმოა, რომ კომპანია „დენსუსი" დასკვნის შედგენისას უპირატესად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მირ მათთვის მიწოდებული, ცალკეულ შემთხვევებში, ცრუ ინფორმაციებითა და მასალებით. ასე მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ: „გამზირის დემონსტრანტებისაგან გაწმენდის ოპერაციის შესწავლის შედეგად დათხოვნილი იქნა ოთხი პოლიციელი, ერთი - ჩამოქვეითდა და ცხრა პირს გამოეცხადა საყვედური. თუმცა, დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ დანაყოფებში მუშაობდნენ აღნიშნული ოფიცრები ან რა დარღვევებმა/გადაცდომებმა განაპირობა მათი დისციპლინური დასჯა არ გაცხადებულა."
გამოძიებით კი უტყუარად დადგენილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება და ჩადენილ დანაშაულში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დასაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი, რომელთაგან ნაწილი საერთოდ არ იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, ნაწილი - უშუალოდ არ ღებულობდა მონაწილეობას მიტინგის დაშლაში, ხოლო 3 მათგანი დასჯის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, საკუთარი ნებით, უკვე გათავისუფლებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
შესაბამისად, კომპანია „დენსუსის" დასკვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლადგამოვლენილი გამამართლებელი მტკიცებულება და მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია სამართლებრივი მანიპულაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს."- ნათქვამია პროურატურის განცხადებაში.