reportiori.ge - უჩვეულო ისტორია – ოთხჯერ ვერჩამოხრჩობილი ჯონი ლი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:25
სხვადასხვა
უჩვეულო ისტორია – ოთხჯერ ვერჩამოხრჩობილი ჯონი ლი
ავტორი:
28 მარტი, 2014. 13:32


ეს უჩვეულო ამბავი 1885 წელს ინგლისში, ეკზეტერის ციხეში მოხდა. ვინმე ჯონ ლის ჩამოხრჩობა მიესაჯა. დასჯის პროცედურა საკმაოდ უსიამოვნო საყურებელია და მასში განსასჯელის გარდა მონაწილეობენ მოსამართლე, ჯალათი, მისი თანაშემწე, მღვდელი და რამდენიმე გუშაგი.

 

ჯონ ლის სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და ამან ძალიან გააკვირვა ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც სიკვდილით დასჯას პირველად ემსახურებოდა, დილეგიდან მსჯავრდებული ციხის ეზოში გაიყვანეს, სადაც სახელდახელო ეშაფოტი იყო აღმართული.

 

შემაღლებულ ფიცრულზე ადიან სამნი: მღვდელი, ჯალათი და ჯონ ლი.

 

ჯალათი ზურგსუკან ხელებს უკრავს ლის, მოსამართლე ეკითხება საბოლოო სიტყვის თქმა ხომ არ უნდა, ჯონი მტკიცე ხმით პასუხობს: - „არა, რადგან მალე ისევ შევხვდებით".

 

ჯალათი განსასჯელს თავზე თეთრ კაპიუშონს ახურავს, ამასობაში მღვდელი ხმადაბლა ლოცვებს კითხულობს, შემდეგ ჯალათი ჯონს კისერზე ყულფს აცმევს და თანაშემწეს ნიშანს აძლევს. მღვდელი ხმას უწევს. თანაშემწე ექაჩება თოკს, რომელმაც მოძრაობაში უნდა მოიყვანოს ჩამკეტი, რის შემდეგაც ლუკი გაიხსნება და დამნაშავე თოკზე ჩამოეკიდება,მაგრამ ლუკს გახსნა არც უფიქრია. პირველი გონს ჯალათი მოეგო, თანაშემწეს ანიშნა და მანაც ჯონს ყულფი და თავსაბური მოხსნა. ჯონი გაფითრებული კია, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მოშორებია: „სალამი, ხომ გითხარით, რომ მალე შევხვდებოდით". სახრჩობელა მცირე ზომის იყო, ამიტომ მღვდელი და განსასჯელი დაბლა ჩამოიყვანეს.

 

 

ჯალათმა და თანაშემწემ მიზეზების გარკვევა დაიწყეს: გამოკრეს თოკს, ლუკი თავისუფლად გაიხსნა. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეს და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობდა. ამის შემდეგ დასჯის ცერემონია თავიდან დაიწყეს: ჯონს ხელები შეუკრეს, თავსაბური ჩამოაცვეს, დაბნეული მღვდელი ლოცვების ბუტბუტს მოჰყვა. ჯალათმა ყულფი ჩამოაცვა, თანაშემწეს ანიშნა და... ლუკი ისევ არ გაიხსნა!

 

 

მოსამართლე ბრაზისგან წამოწითლდა: „მსჯავრდებული დილეგში დააბრუნეთ" - გასცა ბრძანება და ჯალათს ყველაფრის კიდევ ერთხელ შემოწმება სთხოვა. ეს უკანასკნელი მექანიზმს ამოწმებს - ყველაფერი გამართულია. ჯალათი ყულფზე დაეკიდა, თანაშემწემ თოკს გამოკრა და ლუკი თავისუფლად გაიხსნა. ჯალათი მოსამართლეს მიუბრუნდა: „ხომ ხედავთ, ყველაფერი მუშაობს, ვერ გამიგია რა ხდება". მოსამართლემ განსასჯელის მოყვანა და განაჩენის სისრულეში მოყვანა ბრძანა. სანამ ბადრაგი ჯონს მოიყვანდა, მღვდელი მოსამართლესთან მივიდა და უთხრა: „ხომ ნახეთ, ზეცამ ორჯერ შეიწყალა, დასჯა უნდა გადადოთ". მოსამართლემ ყური არ ათხოვა და ჯონი ლის მესამედ დასჯის პროცედურა დაიწყო. ვერშემდგარი ჩამოხრჩობის ამბავი უკვე მთელ ციხეს მოედო და ათასობით ადამიანი საკნებიდან თვალს ადევნებდა როგორ აიყვანეს ჯონი ეშაფოტზე, ჩამოაცვეს ყულფი. თანაშემწემ მესამედ გამოკრა თოკი და ლუკი... მესამედაც არ გაიღო! ციხის ეზო პატიმრების სასიხარულო ყიჟინამ გააყრუა. ჯონი კიდევ ერთხელ გაიყვანეს დილეგში.

 

 

მოსამართლემ ეშაფოტის ამშენებელი დურგლის მოყვანა ბრძანა. დურგალი ოდესღაც თავად უნდა ჩამოეხრჩოთ, თუმცა შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. განრისხებული მოსამართლე ახსნა-განმარტებებს ითხოვს, დურგალი რაღაცას გაუგებრად ბურდღუნებს, შემდეგ ჯალათთან ერთად კიდევ ერთხელ ამოწმებენ მექანიზმს, ახლა თავად მოსამართლე ჩამოეკიდა ყულფზე. ლუკი თავისუფლად გაიხსნა და თოკზე ჩამოკიდებული კანონის დამცველი რის ვაი-ვაგლახით ჩამოხსნეს.

 

 

ჯონ ლი მეოთხედ გამოიყვანეს დილეგიდან და ისევ აიყვანეს ეშაფოტზე. ჯალათს ხელები უკანკალებდა, მღვდელი უფალს ევედრებოდა კიდევ ერთხელ გაემეორებინა სასწაული და ლუკი არ გახსნილიყო... და უფალმა ეტყობა შეისმინა ახალგაზრდა მღვდლის ლოცვა - ლუკი არც მეოთხედ გაიხსნა. მთელი ციხე ზეიმობდა! მოსამართლემ ციხის ეზო თავჩაქინდრულმა დატოვა.

 

 

სამი დღის შემდეგ ჯონ ლის ჩამოხრჩობა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ოცდაორი წლის შემდეგ იგი შეიწყალეს და გაათავისუფლეს. საიდუმლო მან მხოლოდ სიკვდილის წინ გაამხილა. რა თქმა უნდა არავითარი სასწაული არ ყოფილა, ჯონის გადარჩენა დურგლის სიმარჯვემ განაპირობა. იქ, სადაც მღვდელი უნდა მდგარიყო, ერთი ფიცარი გადახერხილი იყო,  სიმძიმისგან  იზნიქებოდა და ლუკის გამხსნელ მექანიზმს ჭედავდა. შემოწმებისას მღვდელი ეშაფოტიდან ჩამოყავდათ, ფიცარი ისევ სწორდებოდა და ლუკიც თავისუფლად იხსნებოდა. ამგვარად, ახალგაზრდა მღვდელმა, თავადაც რომ არ უწყოდა, ისე გადაარჩინა ჯონ ლი ჩამოხრჩობას.

 


(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016