მუსიკალურ შოუ „ორ ვარსკვალავში“ მორიგი ტური კინოს მიეძღვნება. მონაწილეები ცნობილ კინოგმირებს გააცოცხლებენ და შესაბამისად, ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. როგორც ambebi.ge-სთან ინტერვიუში მომღერალი ნინა წკრიალაშვილი აცხადებს, კინოტურისთვის ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად „9 1/2 კვირიდან“ კიმ ბესინჯერისა და მიკი რურკის დუეტი უნდა შეასრულონ.
„მე და ბატონმა ვახტანგმა "9 1/2 კვირიდან" კიმ ბესინჯერისა და მიკი რურკის დუეტი უნდა შევასრულოთ. ბატონმა ვახომ მოიფიქრა და არ გავუპროტესტე. ვინაიდან ეს ჩემი კონკურსი არ არის, ამიტომ ბატონ ვახოს უნდა დავეხმარო. როგორც იტყვის, ისე იქნება. გუშინ ვამბობდი, რომ უკვე ძალიან გავთავხედდით, რომ მიკი რურკი თქვენ უნდა იყოთ, მე კიმ ბესინჯერი-მეთქი. მითხრა, თუ ალენ დელონი ვიყავი, ვითომ რა მოხდა მიკი რურკი რომ ვიყოო.
ახლა ჩაცმულ-დახურული გამოვდივარ. სცენა ასეთია: კიმ ბესინჯერს კარი ჩაეკეტა და მიკი რურკი არ უშვებს. ოღონდაც, შემომიშვი და თუ გინდა, გავიხდიო. აცვია პიჯაკი, ქვედაბოლო და გახდას ხელთათმანებიდან იწყებს. გახდილ სამოსს კი მიკის აყრის. ბოლოს სარჩულით რჩება. სიმღერას ჰქვია, „შეგიძლია, დაიტოვო მხოლოდ ქუდი“. კინოში კიმ ბესინჯერი შიშვლდება და კლიპში - არა. ჩვენ კლიპის ვარიანტი გვაქვს, - პიჯაკს და ქვედაბოლოს იხდის და თეთრ სარჩულში რჩება. მოკლედ, ვეუბნები, ჩემი დიზაინერი ხართ-მეთქი და აწი თუ კოსტიუმის ესკიზს არ დამიხატავთ, კონცერტზე არ გამოვალ-მეთქი. ახლაც რაღაც ვარიანტები მოიტანა... ადამიანი ისე სერიოზულად უდგება ამ ყველაფერს, რომ გაოცებული ვარ. სახლში ზის და ფიქრობს, რა უნდა ჩავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერებიც გვყავს და რეჟისორებიც. სხვათა შორის, რეჟისურაშიც სწორი მიმართულებით მიდის ხოლმე. როდესაც ადამიანი განათლებულია, ადვილია მისთვის ყველაფერი. ადვილია მასთან მუშაობა“, - აცხადებს მომღერალი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)