ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით კინწურაშვილი აირჩიეს. არჩევნების მეორე ტურში მან 305 ამომრჩევლიდან 218 ხმა მიიღო. მასთან ერთად არჩევნებში მზია ნიორაძეც მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები 24 მარტს გაიმართა, რომლის დროსაც ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის შედეგადაც დაინიშნა მეორე ტური. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი და სამხატვრო ადმინისტრაციის წევრები.
არჩევნების ორივე ტურს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა " და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. დავით კინწურაშვილის კანდიდატურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარედგინება.