„ლირიკის 4 სიმი" - ამ სახელწოდებით მწერალთა სახლში პოეზიის საღამო გაიმართა. კულტურული ღონისძიება მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარების ფარგლებში, პოეტ მიშა ღანიშაშვილის ორაგნიზატორობით ჩატარდა.
მწერალთა სახლში შეკრებილ ლიტერატურულ საზოგადოებას - პოეტებს, მწერლებს და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს თავიანში შემოქმედება 4 პოეტმა: ია მშვიდობაძემ, ლელა ლაჩაშვილმა, კახა შალამბერიძემ და ნიკო ტიღინაშვილმა გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ პოეტები ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედებით პირველად წარსდგნენ.
ლირიკულ, სასიყვარულო, პატრიოტულ, იუმორისტულ თუ საბავშვო მოტივებზე აგებულმა და კლასიკური მუსიკის ფონზე გაჟღერებულმა ლექსებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
როგორც საღამოს ორგანიზატორმა, მიშა ღანიშაშვილმა განაცხადა, პოეტებს ამ დრომდე საკუთარი ლექსების კრებული გამოცემული არ აქვთ და საზოგადოებისთვისაც მეტ-ნაკლებად პოპულარულები არიან.
„საღამოს მიზანიც სწორედ ესაა, რომ ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ამ 4 პოეტის შემოქმედება. გვსურს, მოხდეს მათი პოპულარიზაცია და მათი შემოქმედებითი მოღვაწეობის წარმოჩენა. ისინი დიდი ხანია ლექსებს წერენ, მაგრამ კრებული ჯერ გამოცემული არ აქვთ, ჩვენი სურვილია, მათ გამოსცენ თავიანთი წიგნები", - აღნიშნა მიშა ღანიშაშვილმა.
მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარების ფარგლებში, მწერალთა სახლში კულტურული ღოსნისძიებები თვეში ერთხელ იმართება.