„თბილისის ზოოპარკი“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ზოოპარკის უცნაური ბინადარის შესახებ წერს. მილკბილა, რომელიც ზოოპარკში ბინადრობს, ძუძუმწოვრების რიგს განეკუთვნება.
„ზოოპარკის პატარა დამთვალიერებლები ჩვენს მილკბილას ეჭვის თვალით უყურებენ-ხოლმე... ვერ გაუგიათ, რა არსებაა: დინგი აქვს, ღორი არ არის, კენგურუს გავს, მაგრამ ძალიან დაბალია, ყურები კურდღელივით დაუცქვეტია და ფუმფულა არაა... მოკლედ, დიდად საეჭვო ვინმეა. ერთი შეხედვით მოუქნელია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში 10 წუთში 2 მეტრის სიღრმის ორმოს ამოთხრა შეუძლია. რამდენიმე წლის წინ საკუთარ ვოლიერში არქეოლოგიური გათხრების წარმოება გადაწყვიტა და ისე გაერთო, ალბათ დედამიწას მეორე მხრიდან გამოხვრეტდა, ზოოპარკის მესვეურებს განგაში რომ არ აეტეხათ და დიდი ვაი-ვაგლახით უკან არ მოებრუნებინათ“, - ნათქვამია ზოოპარკის გვერდზე.
აფრიკული მილკბილების სხეულის სიგრძე 100-158 სმ, მასა 82 კგ აღწევს (უმეტესად 50-70 კგ). მილკბილები გავრცელებულია აფრიკაში - საჰარიდან სამხრეთით. ხშირ ტყეებს გაურბის. აქტიურია ღამით. იკვებება ტერმიტებით, ჭიანჭველებით. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ზოგგან მილკბილების ხორცს ჭამენ და ტყავსაც იყენებენ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)