მავანთა აზრით, სტალინს საქართველოსა და ქართველი ერისათვის უბედურებისა და საშინელების მეტი არაფერი მოუტანია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის“ თავმჯდომარის, ბატონი გრიშა ონიანის მიერ მოძიებული ფაქტები სრულიად საპირისპიროს მეტყველებს.
– ბატონო გრიშა, სტალინი საქართველოს და ქართული კულტურის დამანგრევლად არის გამოცხადებული და თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ?
– მე არაფერს ვამტკიცებ, ფაქტები ამტკიცებენ ყველაფერს... 1922 წლის 20 ივნისს რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა განათლების სახალხო კომისრის მოადგილის, ცნობილი ისტორიკოსის, პროფესორ პოკროვსკის მოხსენება, რომელიც სტალინის უშუალო მითითებით იყო მომზადებული და შეეხებოდა საქართველოდან რუსეთში გატანილი სამუზეუმო ძვირფასეულობისა და საარქივო კოლექციის საქართველოში დაბრუნების საკითხს. დადგენილების ნაწილში სტალინის მიერ ჩაწერილი იყო სიტყვები: „მეფის ხელისუფლება ავიწროებდა საქართველოს, ითვისებდა და იტაცებდა ერის კულტურის განძს. საბჭოთა ხელისუფლებეამ უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა და განამტკიცოს რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობა“. რუსეთის აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა კომისია, რომელშიც შევიდნენ ქართველი მეცნიერები – ვუკოლ ბერიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შენიძე, პავლე ინგოროყვა და სარგის ცაიშვილი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან კი კომისიის მუაშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ოლდენბურგმა და ბარტოლდმა. კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა და 1992 წლის 29 აგვისტოს დაადგინა: „ყველა ქართველი წარმოშობის რეგალიები და სიძველენი, რომლებიც დაცულია რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში, მათი ქართული წარმოშობის დასაბუთების შემდეგ, უნდა გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკას“.
– ამ დადგენილებით გადაწყდა ყველაფერი?
– გეტყვით... უდიდესი შრომა გასწიეს შალვა ამირანაშვილა და იური მარმა, რათა შეედგინათ სია ხელნაწერებისა, რომლებიც დაცული იყო ე.წ. სააზიო მუზეუმებში. ყველა ეს ფონდი სულ მალე ლენინგრადიდან გადატანილ იქნა მოსკოვში, ხოლო შემდეგ – თბილისში და კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაიდო ბინა. შალვა ამირანაშვილის თავგანწირული მცდელობა, მიეკვლია ტიხრული მინანქრისათვის, წარმატებით დასრულდა – „ბოტკინის კოლექციის“ სახელწოდებით საქართველოს ეს უძვირფასესი განძი რუსეთის სახელმწიფო განძთსაცავში ინახებოდა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, განძსაცავის დირექტორი კატეგორიული უარით ისტუმრებდა ახალგაზრდა შალვა ამირანაშვილს იმ მოტივით, რომ განძთსაცავში არეული იყო ყველა ძვირფასეულობა და მათ კლასიფიკაციაეს სულ მცირე 5 წელი მაინც დასჭირდებოდა. ბატონი შალვა კი თავისას არ იშლიდა. და აი, როცა კრემლის ერთ0ერთ სკვერში სტალინი და ალიოშა სვანიძე სეირნობდნენ, მათ შორიახლოს „გამოჩნდა“ ახალგაზრდა მეცნიერი შალვა ამირანაშვილი. ალიოშა სვანიძემ – სტალინის ცოლის ძმამ, მას უამბო ამ ახალგაზრდა მეცნიერის შესახებ, რომელიც ქართული კულტურულ ძეგლებზე მუშაობდა. სტალინმა მისი ახლოს გაცნობა მოისურვა და ალიოშამ შალვა ამირანაშვილი ხელის დაქნევით თავისთან მიიწვია. სტალინი გაეცნო ახალგაზრდა მეცნიერს და გამოჰკითხა, თუ როგორ მიდიოდა ხელნაწერთა და სხვა ფასეულობეის მიღება-ჩაბარების საქმე. შალვა ამირანაშვილმა მადლობა გადაუხადა ძვირფასი კოლექციის გადმოცემისათვის, მაგრამ აუხსნა, თუ რა წინააღმდეგობები ჰქონდა განძთსაცავის ადმინისტრაციასთან ქართული ტიხრული მინანქრის, ე.წ. „ბოტკინის კოლექციის“ გამო. სტალინი გულდასმით უსმენდა ახალგაზრდა მეცნიერის ახსნა-განმარტებას, ოლოს კი შარვლის ჯიიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო, შიგ რაღაც ციფრები ჩაწერა და ამოხეული ფურცელი შალვას გაუწოდა – „ხვალ, 11 საათზე, ამ ტელეფონზე დამირეკეთ და მითხარით საქმის ვითარება!“ მეორედ დილის, 9 საათზე, დირექტორის კაბინეტის კართან დადარაჯებულმა შალვამ კიდევ უფრო მკაცრი შენიშვნა მიიღო: „უქმად ნუ აცდენთ დროს, ახალგაზრდავ, მხოლოდ 5 წლის შემდეგ გექნებათ საშუალება, ნახოთ თქვენი განძი, თუ, რა თქმა უნდა, აქ აღმოჩნდა!“ მეცნიერმა ამ შემთხვევაში იმის უფლება ითხოვა, რომ ტელეფონის ესარგებლა, რომლის ნებართვაც მკაცრი მასპინძლისგან მიიღო.
„როდესაც ტელეფონის აპარატის დისკში თითი ჩავყავი, – იგონებს შალვა ამირანაშვილი, – ასე მეგონა, დენმა დამატყა. ძალზე განვიცდიდი და მალ-მალე მომცრო ფურცელს ჩავხედავდი, რადგან ციფრები თვალებიდან გამირბოდა. როგორც იქნა, ნომერი ავკრიფე და ზარს დაველოდე. მეორე სიგნალზე სტალინის ხმა გავიგონე... როგორ არის საქმე, ახალგ.აზრდავ? – გაისმა ქართულად. მეც ქართულად ვუპასუხე, რომ საქმე ცუდადაა. „დაელოდეთ!“ და ყურმილი გათიშა. არ გასულა ერთი წუთიც, რომ სხვა ტელეფონის აპარატმა დარეკა, დირექტორი სასწრაფოდ დასწვდა, ყურმილს და ელვის სისწრაფით ფეხზე წამოხტა. მესმოდა სიტყვები: „არის, ამხანაგო სტალინ, არის, ამხანაგო სტალინ!“ ყურმილი დადო და დაიწყო ისტერიული ყვირილი, ეძახდა თავის მოადგილეებსა და სექციის უფროსებს, აძლევდა განკარგულებებს, რომ სასწრაფოდ მიეყვანათ ეს ახალგაზრდა მეცნიერი იმ საცავში, სადაც „ბოტკინის კოლექცია“ ინახებოდა, რომ სასწრაფოდ დაეწყოთ მისი სამუზეუმო ექსპონატებად დაწყობა, შეფუთვა და ტრანსპორტირება. აჩქარებული ნაბიჯით გავყევი დარბაზისაკენ, შევედი და ცხადად ვნახე სიზმრად ნახული ქართული საგანძური, ცალ ხელში იმ განძის ნუსხა მეჭირა, რომელსაც ვეძებდი, ხოლო იქვე ეწყო ჩვენ წინაპართა მიერ შექმნილი სასწაული. მე გადავსინჯე იგი, საბედნიეროდ, ქართული მინანქრების კოლექცია მთლიანი აღმოჩნდა, ასევე კოლექციაში აღმოჩნდა გელათიდან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი მინანქრისა, აგრეთვე, ჯუმათისა და შემოქმედის ხატები, ჯვრები და სხვა განძეულობა. მიღება-ჩაქარების აქტის გაფორმების შემდეგ, ეს განძეულობაც საქართველოში ჩამოვიტანეთ, დღეს ეს ძვიფასი კოლექცია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ამშვენებს“.
– ძალიან საინტერესო ისტორიაა, ბატონო გრიშა. რაც შეეხება სტალინის დამოკიდებულებას მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობისადმი, ამის შესახებ რას იტყვით?
– 1934 წელი ერთ-ერთი გამორჩეული წელია საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის მანძილზე. მრავალეროვანი და მრავალკულტურული სახელმწიფო ემზადებოდა მწერალთა პირველი ყრილობისათვის, სადაც უნდა გამომზეურებულიყო და საბჭოეთში შემავალი ერებისა და ეროვნებების ნაციონალური კულტურა და შემოქმედება, მათ შორის იყო საქართველო თავისი უძველესი კულტურითა და შემოქმედებით. იმხანად საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო მალაქია ტოროშელიძე, რომელიც იმვე წლის ზაფხულში მიავლინეს ქალაქ მოსკოვში ყრილობის დღის წესრიგისა და სხვა საკითხების დასადგენად. სტალინმა ისარგებლა ტოროშელიძის მოსკოვში ყოფნის და თავისთან იხმო.
სტალინი: – როგორც გადმომცეს, თქვენ ყოფილხართ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე?
ტოროშელიძე: – დიახ, მე გახლავართ!
სტალინი: – მაშ თქვენ გამოხვალთ მოხსენებით მწერალთა საკავშირო ყრილობაზე ქართული ლიტერატურის შესახებ?
ტოროშელიძე: – დიახ, მე მაქვს დავალებული!
სტალინი: – აბა, ერთი მოკლედ მითხარით, როგორ აპირებთ მოხსენების აგებას? რას მოახსენებთ მწერალთა ამ დიდ ყრილობას ქართული მწერლობის შესახებ?
ტოროშელიძე: – მე ვიტყვი, ამხანაგო სტალინ, რომ ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ გაათავისუფლა რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე მოსახლე ერები, ამ ერებმა მოიპოვეს კულტურული შემოქმედების საშუალება და მათ შორის, ეს საშუალება მოიპოვა ქართველა ხალხმაც, რომელიც აი, თითქმის 15 წელია, საბჭოთა წყობის პირობებში ქმნგის ახალ ეროვნულ ლიტერატურას და მე ვუამბობ ყრილობას, თუ რას წერენ ჩვენი საუკეთესო მწერლები: მ. ჯავახიშვილი, გ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე და სხვა. სტალინს სახეზე უკიდურესი აღშფოთება გამოეხატა, ვერ ფარავდა უკმაყოფილებას – „როგორ? თქვენ ეტყვით ყრილობას, რომ ქართველმა ხალხმა მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოიპოვა კულტურული შემოქმედების საშუალება და მანამდე არაფერი შეუქმნია კულტურის დარგში? ამას ეტყვით ქვეყნიერებას ყრილობის ტრიბუნიდან?“ – სტალინის გაბრაზებამ კულმინაციას მიაღწია. – „გადაეცით ქართველ მწერლებს ჩემი სახელით, რომ, თუ რაიმე მისი მსგავსის შექმნა არ შეუძლიათ, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ კულტურისა და მწერლობის დარგში, მათი მემკვიდრეობის გამოჩენის უნარი მაინც იქონიონ. მოხსენება უნდა დაიწყოთ (მკაცრად მიუთითა სტალინმა) შოთა რუსთაველიდან მაინც, თუ უფრო ადრინდელიდან არა. დაწვრილებით უნდა ილაპარაკოთ რუსთაველზე, დაე, გაიგოს ყველამ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, როგორი ღირებულების კულტურული განძი შეუქმნია ქართველ ხალხს (ოქტომბრის) რევოლუციამდე. შემდეგ გადმოხვალთ უფრო ახლობელ საუკუნეებზე და დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესარიონ გაბაშვილის შემოქმედებას. განსაკუთრებით ვრცლად უნდა ილაპარაკოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაზე. აი, როგორი დიდი პოეტი წარმოუშვია საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, როცა იგი თვითმპყრობლობის დამონებულ კოლონიად იყო ქცეული. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარზე რომ გადახვალთ, დაწვრილებით უნდა ილაპარაკოთ ილია ჭავჭავაძის შესახებ, შემდეგ აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიუზღოთ და ვაჟასაც. შემდეგ უნდა განიხილოთ გასული საუკუნის მიწურულის რამდენიმე შესანიშნავი ქართველი მწერლის: ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, დავით კლდიაშვილის, იროდიონ ევდოშვილის შემოქმედება და დასასრულ იტყვით, რომ ასეთი ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიციების საფუძველზე, ქართველი ხალხი დღესაც ქმნის თანამედროვეობის შესაფერის ლიტერატურას და ბოლოს მიმოიხილავთ ქართველი მწერლების ყველაზე დამახასიათებელ ნაწარმოებებს. მოხსენებას, რასაკვირველია, დაწერილს ჩამოიტანთ, მე წავიკითხავ მას და შემდეგ გაიტანთ ყრილობაზე!..
სტალინმა კარგაც იცოდა, რომ დაცემა-დაკნინების ეპოქაგამოვლილი საქართველო ამოვარდნილი იყო საკაცობრიო ცივილიზაციის ჩარჩოებიდან, ხოლო თვალუწვდენელი საბჭოეთის მაღალი ტრიბუნიდან, მთელი მსოფლიოს გასაგონად სტალინის მიერ ჩამოყალიბებული ქართული კულტურის ათასხუთასწლოვან ისტორიაზე წაკითხული მოხსენება იქნებოდა ის ბიძგი, რომელიც უნდა გამხდარიყო ქართული კულტურისა და მწერლობის განვითარების საფუძველთა საფუძველი. სტალინის გეგმით, საყრილობო სიტყვის დასაწერად მობილიზაცია გაუკეთეს მეცნიერულ და ლიტერატურულ ელიტას, რომელშიც შედიოდნენ კორნელი კეკელიძე, პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე, ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ ზანდუკელი, მალაქია ტოროშელიძე.
– და როგორ წარიმართა მწერალთა კავშირის პირველი ყრილობა?
– 1934 წლის 19 აგვისტოს მალაქია ტოროშელიძე სტალინის მიერ მოწონებული მოხსენებით სვეტებიან დარბაზში საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის ყრილობის პრეზიდიუმის მაღალი ტრიბუნებიდან მიესალმა ყრილობის მონაწილეებს, სადაც მოწვეული იყვნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის გამოჩენილი მწერლები და პოეტები. „ტოროშელიძის სიტყვამს, – იგონებს ბესარიონ ჟღენტი, – ნამდვილი სენსაცია გამოიწვია ყრილობის მონაწილეებზე, უცხოელ სტუმრებზე, მილიონობით ადამიანზე ჩვენს სამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ. გამომსვლელები გააოცებას ვერ მალავდნენ, რომ დღემდე არაფერი იცოდნენ ამ უნიკალური საგანძურის შესახებ“. ყრილობის გახსნის მეორე დღეს, დილით, როდესაც მოსაცდელში შეიკრიბნენ, ნახეს, რომ სვეტებზე მსოფლიოს გამოჩენილ მწერალთა პორტრეტები ადგილშეცვლილები ეკიდა, რადგან პირველ სვეტზე გამორჩეულად გამოფენილი იყო უკვდავი შოთა რუსთაველის ფერადი პორტრეტი, რომელიც ამაყად გაჰყურებდა არამარტო სვეტებიანი დარბაზის ინტერიერს, არამედ მთელ მსოფლიოს თავის თანამემამულესთან ერთად. „ამიტომ ყრილობის მონაწილე ქართველი მწერლები ცრემლებს ვერ ვიმაგრებდით და ხმამაღლა ვქვითინებდით“,– დაძენს ბესარიონ ჟღენტი. ლეგენდარული ყრილობის ახალგაზრდა მონაწილემ ირაკლი აბაშიძემ ამ მოვლენას შემდეგი სიტყვები მიუძღვნა:
ეს იყო შოთა...
უცებ ღელვა და ჟრუანტელი,
უცებ თვალებში ბედნიერი ალმასის წვეთი,
კავშირთა სახლში შემოვიდა დიდი ქართველი
და ტრიბუნასთან დაიკავა პირველი სვეტი!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი“
31. 03. 20014 წ.