ნიუ-იორკში ქართული კულტურის დღეები მოეწყობა. საქართველო პირველად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელოვნებო ბაზარზე - „ნიუ იორკ არტ ექსპოზე" წარსდგება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული პავილიონი ნიუ-იორკში 4-6 აპრილს მოეწყობა. პავილიონებს ორგანიზებას გამომცემლობა „მინიატურა" გაუწევს.
კულტურის დღეები ქართული მხატვრობის, ქანდაკების გამოფენას და ქართული წიგნის ხელნაკეთი ნიმუშების წარდგენას მოიცავს.
ამას გარდა, 7 აპრილს საქართველოს გენერალურ საკონსულოში სპეციალური მიღება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა, რომელსაც ნიუ-იორკის ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრის „The Georgian theatre of New York. LSD" უზრუნველყოფს.
კულტურის დღეების ფარგლებში გამოიფინება ყველა თაობის ქართველი მხატვრების მათ შორის ზურაბ ნიჟარაძის, ოთარ იმერლიშვილის, რეზო ადამიას, გიორგი ლაღიძისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრები.
როგორც კულტურის სამინისტროში განაცხადეს, „Art Expo New York" ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არტ-ბაზრობად ითვლება, სადაც გამოფენები 35 წელზე მეტია იმართება.