ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციას ქალაქ დედოფლისწყაროში დათვი გაექცა. qiziyi.ge-ს ინფორმაციით, დათვი ქალაქ დედოფლისწყაროში, ბარათაშვილის ქუჩიდან გაიპარა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დათვი ნაკრძალში ხაფანგში გაება, რის შემდეგაც ის ქალაქ დედოფლისწყაროში გადაიყვანეს, რომ მოგვიანებით თბილისში გაეგზავნათ.
ერთ-ერთი ვერსიით, დათვი ნაკრძალის შენობასთან, ბარათაშვილის ქუჩაზე, ავტომანქანაზე მოთავსებული გალიიდან მას შემდეგ გაიპარა, რაც ვაშლოვანის თანამშრომლები დოკუმენტაციის გასაფორმებლად ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ. ჯერ უცნობია, როგორ მოახერხა დათვმა გალიის კარის გახსნა.
მუნიციპალიტეტის გამგეობა და შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო დედოფლისწყაროს მაცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ქალაქის ქუჩებში ქვეითად გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)