ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქრთველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. 2016 წლისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილი, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა ერთობა აჩვენოს. აღნიშნული კრება მოწვეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში გამოტანილი ყველა საკითხი განიხილება და სრული კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდება. პატრიარქის თქმით, თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, საქართველოს ეკლესიას მასში მონაწილეობის მიღება გაუჭირდება.
„ამბიონთან" ინტერვიუში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მარხვა იქნება.
„ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენელი თვლის, რომ მარხვის წესი, რომელიც დღესაა მიღებული ეკლესიაში, სამონაზვნო ტრადიციაა და დღევანდელი ერის ადამიანისათვის ასეთი ტიპის მარხვის დაცვა რთულია. ამიტომ, შესაძლოა გარკვეული შემსუბუქება იყოს დაშვებული. მაგალითად, გახსნილდეს თევზით ისეთ მარხვებში, როგორიცაა მიძინების მარხვა, ასევე, სადღესასწაულო დღეებში, დიდმარხვის კვირა დღეებში", - განმარტა მიტროპოლიტმა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)