reportiori.ge - სტალინის ხუმრობები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:13
სხვადასხვა
სტალინის ხუმრობები
ავტორი:
01 აპრილი, 2014. 15:15

როგორც ამბობენ, იუმორის გრძნობა გონიერების მთავარი ნიშანია, მაგრამ როდესაც დიქტატორები ხუმრობენ, რატომღაც ფედორ ტიუტჩევის სტრიქონები ახსენდებათ: „ყველა უბედურებაზე მეტად, ღმერთმა ბატონის რისხვა და ბატონის სიყვარული გვაცილოს". ამხანაგ სტალინს ხუმრობა უყვარდა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


1. სტალინის ერთ-ერთი მცველი ა. რიბინი იხსენებს:


მგზავრობისას სტალინს ხშირად ახლდა მცველი გვარად ტუკოვი.იგი მუდმივად მძღოლის გვერდით მოკალათდებოდა და ხშირად ეძინებოდა.

პოლიტბიუროს რომელიღაც წევრმა, რომელიც სტალინის გვერდით, უკანა სავარძელში იჯდა, შენიშნა:

- ამხანაგო სტალინ, ვერ გამიგია, თქვენ ორიდან ვინ ვის იცავს?

- ეგ არაფერი, - უპასუხა სტალინმა, - თავისი პისტოლეტიც მე მომცა, ისე, ყოველი შემთხვევისთვის აიღეთო!


2. ერთხელ სტალინს მოახსენეს, მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია და ეს ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვაა, ახლა როგორ მოვიქცეთო?

სტალინმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო, ჩაფიქრდა და უპასუხა:

- როგორ მოვიქცეთ და... შურისგან გულზე გავსკდეთ!


3. სტალინი საქართველოს ცკ-ის პირველ მდივან ა.ი. მგელაძეს კუნცევოს აგარაკზე მასპინძლობდა. ბაღში სეირნობისას საკუთარ ლიმონარიუმში გამოზრდილ ლიმონებს სთავაზობდა- გასინჯეთ, კარგი ლიმონია! აქ, მოსკოვში გაიხარა.

ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს მგელაძემ უპასუხა:

- ამხანაგო სტალინ! პირობას გაძლევთ შვიდ წელიწადში მთელ ქვეყანას საქართველო მოამარაგებს ლიმონით და საზღვარგარეთიდან შემოტანა აღარ დაგვჭირდება.

- მადლობა ღმერთს, რომ მიხვდი! - უპასუხა სტალინმა.


4. ომის დროს, გენერალ ბაგრამიანის არმიამ ბალტიის ზღვის ნაპირებს უწია. სომეხმა გენერალმა ამბისთვის პომპეზურობა რომ შეემატებინა, ბოთლი ბალტიის ზღვის წყლით აავსო და ადიუტანტს დაავალა მოსკოვში სტალინისთვის ჩაეტანა. ადიუტანტის მოსკოვში ჩასვლისთვის, გერმანელებმა ბაგრამიანის არმიას უკან დაახევინეს. სტალინმა ეს უკვე იცოდა და როცა ადიუტანტმა რიხით მოახსენა: „ამხანაგო სტალინ! გენერალმა ბაგრამიანმა ბალტიის წყალი გამოგიგზავნათ!

სტალინმა ბოთლი ჩამოართვა, ერთხანს ხელში ატრიალა და ისევ ადიუტანტს დაუბრუნა:

- ბაგრამიანს გადაეცი სადაც აავსო იქვე დაცალოს!


5. 1939 წელს, კრემლში უყურებდნენ ფილმს: „მატარებელი აღმოსავლეთით მიემგზავრება". ფილმი დიდი ვერაფერი. უეცრად მატარებელი გაჩერდა...

- ეს რა სადგურია? - იკითხა სტალინმა.

- დემიანოვკა.

- ჰოდა, სწორედ აქ ჩამოვალ - თქვა სტალინმა და დარბაზი დატოვა.


6. ავტომანქანა „პობედას" შექმნისას ფიქრობდნენ მისთვის „როდინა" (სამშობლო) დაერქმიათ. ეს ამბავი რომ გაიგო, სტალინმა ირონიულად იკითხა: „და რა ეღირება ჩვენი „როდინა"?

მანქანას სახელი მაშინვე შეუცვალეს.


7. ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის კანდიდატურის შერჩევისას, ერთ-ერთი მაღაროს დირექტორის, ზასიადკოს კანდიდატურა წამოაყენეს.

- კარგია, თუმცა სპირტიან სასმელებს ეტანება - იუარა ვიღაცამ.

სტალინმა მასთან შეხვედრა ისურვა. მოვიდა ზასიადკო. სტალინი გაესაუბრა და თან დალევა შესთავაზა.

- სიამოვნებით, - უპასუხა ზასიადკომ და არაყი დაისხა: - თქვენ გაგიმარჯოთ ამხანაგო სტალინ! - დალია და საუბარი განაგრძო.


სტალინი ყურადღებით აკვირდება და ჭიქას მეორედ უვსებს. ზასიადკომ მეორე ჭიქასაც გადაუძახა და ისევ განაგრძო საქმიანი საუბარი. სტალინმა მესამე შესთავაზა, მაგრამ თანამოსაუბრემ ჭიქა გვერდზე გაწია და თქვა:

- ზასიადკომ ზომა იცის.

პოლიტბიუროს სხდომაზე, როდესაც ისევ ზასიადკოს კანდიდატურა წამოაყენეს, ვიღაცამ ისევ თქვა სპირტიან სასმელებს ეტანებაო.

სტალინი ოთახში ბოლთას სცემდა, მიუბრუნდა შეკრებილებს და უთხრა:

- ზასიადკომ ზომა იცის.

ამრიგად, ზასიადკო მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობას.


8. ერთმა გენერალ-პოლკოვნიკმა სტალინს საქმის ვითარება მოახსენა. მთავარსარდალი კმაყოფილი ჩანდა, მოხსენების დასრულების შემდეგ გენერალმა ბელადს შეკადრა: „ამხანაგო სტალინ, ერთი პირადი თხოვნა მაქვს, გერმანიაში რაღაც ჩემთვის საინტერესო ნივთები ავარჩიე, მაგრამ საზღვარზე ჩამომართვეს, გთხოვთ, თუ შეიძლება ის ნივთები დამიბრუნონ".

- „შეიძლება. პატაკი დაწერეთ და რეზოლუციას დავადებ".

გენერალ- პოლკოვნიკმა ჯიბიდან გამზადებული პატაკი ამოიღო და ბელადს მაგიდაზე დაუდო. სტალინმა რეზოლუცია დაადო. გენერალი მადლობებში დაიღვარა.


- „მადლობად არ ღირს", - შენიშნა სტალინმა.

გენერალმა რეზოლუციას თვალი გადაავლო: „დაუბრუნეთ პოლკოვნიკს, მისი ხარახურა. სტალინი". გენერალი ბელადს მიუბრუნდა: „ამხანაგო სტალინ. შეცდომაა, მე პოლკოვნიკი კი არა გენერალ- პოლკოვნიკი ვარ".

„არა, აქ ყველაფერი სწორია, ამხანაგო პოლკოვნიკო", - უპასუხა სტალინმა.


9. 1938 წლიდან ადმირალი ისაკოვი სამხედრო საზღვაო ფლოტის სახ. კომისრის მოადგილე იყო. 1946 წელს სტალინმა დაურეკა და უთხრა გადავწყვიტეთ მთავარი საზღვაო შტაბის უფროსად დაგნიშნოთო.

ისაკოვმა უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, უნდა გითხრათ, რომ სერიოზული ნაკლი გამაჩნია, ცალი ფეხი ამპუტირებული მაქვს".

„თქვენს წინამორბედს თავი არ ჰქონდა და მაინც მუშაობდა. თქვენ კი მხოლოდ ცალი ფეხი გაკლიათ - ეგ საშიში არ არის". - დაასკვნა სტალინმა.


10. ომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ა. ზვერევმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ცნობილ მწერალს ძალიან დიდ ჰონორარს უხდიდნენ. მოამზადა შესაბამისი პატაკი და სტალინს წარუდგინა.

სტალინი პატაკს გაეცნო და ზვერევს უთხრა: „გამოდის, რომ მილიონერი მწერლები გვყავს? საშინლად ჟღერს არა ამხანაგო ზვერევ? მწერალი - მილიონერი!"

„მართალია, ამხანაგო სტალინ, საშინელებაა" - დაუდასტურა მინისტრმა.

სტალინმა ზვერევს პატაკზე წარწერა გაუკეთა და დაუბრუნა; მინისტრმა წაიკითხა: „ამხანაგო ზვერევ! საშინელი ისაა ,რომ ასე ცოტა მწერალი მილიონერი გვყავს! მწერალი - ერის მეხსიერებაა. წარმოგიდგენიათ მშიერი მწერლები რას დაწერენ?"


11. ერთხელ უცხოელმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა:

- სომხეთის გერბზე რატომ არის გამოსახული არარატის მთა, ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს?

სტალინმა უპასუხა:

- თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული, გინდათ დამარწმუნოთ,რომ მთვარე თურქეთის ტერიტორიაზეა?


12. უკრაინის სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი პოლიტბიუროზე დაიბარეს. მან იკითხა:

- როგორ უნდა მოგახსენოთ, მოკლედ თუ დაწვრილებით?

- როგორც გნებავთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რეგლამენტი სამი წუთია, - უპასუხა სტალინმა.


13. დიდ თეატრში გლინკას ოპერის „ივანე სუსანინის" ახალ დადგმას ამზადებდნენ. კომისიამ ბოლშაკოვის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ უნდა მოეხსნათ ფინალი , სადაც იყო სიტყვები: „იდიდე, რუსო ერო!" აქაოდა ზედმეტად ეკლესიური და პატრიარქალურიაო...

მოახსენეს სტალინს.

- „მოდით ასე მოვიქცეთ. ფინალი დავტოვოთ, აი, ბოლშევიკი კი მოვხსნათ"...


14. როდესაც წყდებოდა რა ექნათ გერმანიის სამხედრო ფლოტისთვის, სტალინმა განაცხადა გავიყოთო, ჩერჩილმა შემხვედრი წინადადება წამოაყენა: „ჩავძიროთ".

სტალინმა უპასუხა: „თქვენი ნახევარი შეგიძლიათ ჩაძიროთ".


15. სტალინი სამხატვრო თეატრში მივიდა. შეეგება სტალინსლავსკი, ხელი გაუწოდა და თავისი ნამდვილი გვარით გაეცნო: „ალექსეევი". „ჯუღაშვილი", - უპასუხა სტალინმა და თავის სავარძელს მიაშურა.


16. პოტსდამის კონფერენციაზე ჰარიმანმა სტალინს ჰკითხა:

- „მას შემდეგ, რაც 1941-ში გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრში იყვნენ, ალბათ ახლა დამხობილი ბერლინის გაყოფა გსიამოვნებთ?"

- „მეფე ალექსანდრე პარიზამდე ჩავიდა", - უპასუხა სტალინმა.


17. მოლაპარაკებებზე, ომისშემდგომ საზღვრებზე კამათი გაიმართა და ჩერჩილმა თქვა:

- „ლვოვი რუსული ქალაქი არასდროს ყოფილა!"

- „სამაგიეროდ ვარშავა იყო", - უპასუხა სტალინმა.


 

 

 

 

 

 


(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016