პირველადი ჯანდაცვის საბჭო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების საინიციტივო ჯგუფს აერთიანებდა. აღნიშნულმა ჯგუფმა, რომელიც ძირითადად დედაქალაქში მოქმედ პოლიკლინიკებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამბულატორიული პაკეტის შემუშავებასა და განფასებაში. თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ფაზის მიმოხილვამ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა რაიონში ჩატარებულმა ვიზიტებმა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინა „სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, მონიტორინგისა და დაფინანსების კუთხით. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის უფრო ეფექტური დაგეგმვისა და გაძლიერებისათვის აუცილებელია როგორც ქალაქში, ასევე რაიონისა და სოფლის დონეზე მოქმედი დაწესებულებების წარმომადგენლების ჩართვა სისტემაში არსებული პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შესაბამისად იცვლება მინისტრის ბრძანება და პირველადი ჯანდაცვის საბჭოს ახალი შემადგენლობა მოიცავს საქართველოს რეგიონებიდან რაიონული ამბულატორიებისა და სოფლის ექიმებს (10 რეგიონიდან 10 წარმომადგენელი), ბათუმისა და ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის რგოლის, აჭარისა და აფხაზეთისჯანდაცვისსამინისტროსწარმომადგენლებს. 16 აგვისტოს საბჭოს პირველ სხდომაზე განიხილა სათათბირო ორგანოს მუშაობის წესი, მოხდა თითოეული რეგიონის მიხედვით პირველადი ჯანდაცვის პრობლემების განხილვა და სამუშაო ჯგუფის შერჩევა, რომელიც „სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამის რევიზიაზე იმუშავებს 2013 და 2014 წლებისათვის.