აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც რუსული მედია წერს, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგი ფართოა და თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის ეკონომიკურს, ჰუმანიტარულს, სატრანსპორტო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს." - განაცხადა ილჰამ ალიევმა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს ყველა საკითხთან მიმართებაში ძალიან დაახლოებული პოზიციები აქვთ.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსული ენის განვითარებისთვის აზერბაიჯანის მხრიდან ყურადღებიან დამოკიდებულებას.
"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანში დიდი ყურადღება ექცევა რუსული ენის განვითარებას. აქტიურად მუშაობენ რუსული სკოლები და რუსეთის უნივერსიტეტის ფილიალები",-განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა.