საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის №100 ბრძანება, რომელიც პირდაპირ არღვევს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს და რომელიც აშკარა შეუსაბამობაში მოდის საქართველოს უზენაეს კანონთან - ამის შესახებ „ქრონიკა+"-სთან საუბრისას აცხადებს „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენელი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. კანონების „დედა", რომლის პროფესიული გამოცდილებითაც ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ამაყობდა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, იმ კონსტიტუციის წინააღმდეგი გამოდის, რომლის დასაცავადაც ის, თავის დროზე, „ქართულ ოცნებასთან" ერთად მოვიდა. ვის ეძლევა აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კერძო აღმასრულებლებისა და კრედიტორიების პირად, კონფიდენციალურ ინფორმაციებზე წვდომის საშუალება და ებრძვის თუ არა იუსტიციის სამინისტრო აღსრულების კერძო ბიუროს, როგორც ინსტიტუტს? შეცდომა, რომელიც თეა წულუკიანის საქმიან რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს და კონსტიტუცია, რომელიც, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, უკვე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „დაკიდებულია".
„იუსტიციის მინისტრი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აყენებს ფარული კონტროლის რისკის ქვეშ, არ უნდა სარგებლობდეს შეუზღუდავი უფლებამოსილებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუბალანსებელმა კანონმდებლობამ შესაძლოა, თავად დემოკრატია გახადოს ძალზე მყიფე და სათუო, ხოლო კერძო აღმასრულებელი ინსტიტუტის გაუქმებაც კი გამოიწვიოს", - ვკითხულობთ სარჩელში, რომელსაც „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" ამზადებს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, წულუკიანის №100 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ეს და სხვა დეტალები იმ ინტერვიუში, რომელიც „ქრონიკა+"-მ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძესთან ჩაწერა:
- გვინდოდა, ქვეყანაში ისეთი სამართლებრივი გარემო მიგვეღო, რომ ყველას უფლება ყოფილიყო დაცული. ზოგადად, კონსტიტუცია უნდა იყოს დაცული და ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ეს ასეც არის. თუმცა 2013 წლის 15 დეკემბერს დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი, როდესაც ისუტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, გამოსცა №100 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მის დაქვემდებარებაში მყოფ კერძო აღმასრულებლებსა და კრედიტორებს შორის კონსტიტუციით დაცული კერძო, პირადი ურთიერთობა ხელყოფილი გახლავთ. №100 ბრძანებაში არის მე-12 მუხლის „დ" პუნქტის პირველი ნაწილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აძლევს საშუალებას, „ისარგებლოს სამინისტროს სისტემაში არსებული საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამებით და მონაცემთა ბაზებით". არადა, კონსტიტუციის მე-20 მუხლისა და 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი, საბანკო-საფინანსო ურთიერთობების განხორციელება არის დაცული და არავის აქვს მასში ჩარევის საშუალება. ერთი სიტყვით, ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული.
- ან თუ ჩაერევა, ეს უნდა განახორციელოს სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ან განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ხომ?
- დიახ, თუ ჩაერევა, ეს უნდა გააკეთოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ასევე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს. №100 ბრძანების საფუძველზე არც ერთი ეს მიზეზი არ გვაქვს და ისე ხდება კერძო, პრივატულ ურთიერთობებში სამინისტროს ოფიციალური ჩარევა, რაც არა მხოლოდ ზოგადად კანონის, არამედ საქართველოს უზენაესი კანონის - კონსტიტუციის უხეში დარღვევაც არის. ამას ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ. ამ დღეებში შეგვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული ბრძანების ბათილად გამოცხადების მოთხოვნით, რადგან იუსტიციის სამინისტროში გენერალური ინსპექცია დღეს სჩადის კრიმინალს და მას მფარველობს ქალბატონი თეა წულუკიანი. მე ორი ვერსია მაქვს ამ საკითხზე: პირველი ის, რომ ქალბატონმა თეამ ბოლომდე ვერ გაიზიარა, თუ რა შინაარსის ბრძანებას გამოსცემდა და გენერალური ინსპექციის რეკომენდაციას აღნიშნული ცვლილების თაობაზე ბრმად მოაწერა ხელი; მეორე უკიდურესი ვერსია შემდეგია: თუ მინისტრმა წულუკიანმა ეს ბრძანება კარგად გაიაზრა და ისე მოაწერა მას ხელი, ეს ნიშნავს, რომ იგი ამ დიდი უსამართლობისა და უკანონობის თანამონაწილეა.
- ე.ი. გენერალურმა ინსპექციამ მიმართა წულუკიანს კანონში აღნიშნული ცვლილების განხორციელების თხოვნით?
- გენერალურმა ინსპექციამ ე.წ. მოხსენებითი ბარათით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, ნება დაერთოთ მათთვის, დაეწესებინათ კონტროლი კერძო აღმასრულებელსა და კრედიტორს შორის. მართალია, გენინსპექციას 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანების მიხედვით ეძლეოდა კერძო მესაკუთრისა და კრედიტორის ინფორმაციების კონტროლის საშუალებით, თუმცა ის მოიცავდა მხოლოდ საჯარო ინფორმაციების კონტროლის უფლებას; ხოლო რასაც ჰქვია პირადი ანგარიშები, კრედიტორის ფულადი გადარიცხვები და სხვა პირადი ინფორმაციები - მათ ამის კონტროლის საშუალება არ ჰქონდათ. №100 ბრძანების საფუძველზე, პირადი კერძო აღარ არის და გენინსპექციას აქვს საშუალება, დაინტერესდეს, გაიგოს, გამოიძიოს ეს მასალები, შეაგროვოს, ანუ უხეშად ჩაერიოს პრივატულ ცხოვრებაში და ხელი აფათუროს ჩვენს პირად ინფორმაციებში. ამ შემთხვევაში კრედიტორისა და კერძო აღმასრულებლების უფლებები არის უხეშად დარღვეული. საზოგადოებამ რომ გაიგოს კერძო აღმასრულებლის ფუნქცია, მოკლედ გეტყვით: ეს ინსტიტუტი 2009 წლიდან შემოვიდა, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ როდესაც კრედიტორი მიდის კერძო აღმასრულებელთან, უფრო ადვილად აგვარებს იმ პრობლემას, რაც მას აქვს მევალესთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამ ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია, რადგან სახელმწიფო აღსრულების ინსტიტუტში ათასი ბიუროკრატიული სისტემაა, პროცედურები ძალიან გაჯანჯლებულია და კრედიტორები ყოველთვის უკმაყოფილოები არიან ამის გამო. ასევე ვფიქრობთ, რომ კერძო აღსრულების ინსტიტუტის არსებობა კონკურენციისთვისაც აუცილებელია და, ერთი მხრივ, ამ №100 ბრძანებით უნდათ აღნიშნულ ინსტიტუტის გაქრობა, ხოლო, მეორე მხრივ, წამოვიდა უკიდურესი პრობლემა - რიგითი მოქალაქის პირად მონაცემებს ისე იგებენ, რომ მას არ ეკითხებიან არაფერს.
- ამავე ბრძანების საფუძველზე თუ ეძლევათ მათ იგივე მოქმედების განხორციელების უფლება მევალესთან მიმართებით?
- მევალის შემოწმების საშუალებაც, პრინციპში, გარკვეულ ნაწილში შესაძლებელია, თუმცა ეს მაინც უფრო საჯარო ინფორმაციაა და ამიტომ.
- გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება მევალის კერძო და პირად ინფორმაციაში ჩარევას, ამ ბრძანების საფუძველზე ეს შესაძლებელია?
- მევალის უფლებებზე იმიტომ არ არის საუბარი, რომ კერძო აღმასრულებელს, მხოლოდ და მხოლოდ, საჯარო ინფორმაციებზე აქვს წვდომა. მევალის უფლებები არ ირღვევა, თუმცა ირღვევა კრედიტორის უფლებები, რადგან მისი პირადი ანგარიშები და ა.შ. შეიძლება გამოიყენონ მანიპულირების საგნად და მისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიო სხვადასხვა საკითხში. სწორედ ამის არდასაშვებად არსებობს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები.
- უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ წულუკიანს გამოეცა ისეთი ბრძანება, რომელიც გენერალურ ინსპექციას მისცემდა არა კერძო აღმასრულებლის და კრედიტორის, არამედ მევალის ინფორმაციების შემოწმებას, რათა აღსრულება უფრო შედეგიანი ყოფილიყო?
- ასეთი შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელს უფრო გაუადვილდებოდა საქმის წარმოება, რაც, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტროს ინტერესში არ შედის. ცალსახაა, რომ სწორედ კერძო აღსრულების სისტემის დისკრედიტაცია უნდათ და არ აქვთ ამ ინსტიტუტის არსებობის სურვილი. არადა, აღნიშნული ინსტიტუტი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს. ამით კრედიტორს ეძლევა არჩევანის საშუალება, წავიდეს ან კერძო აღმასრულებელთან, ან სახელმწიფო აღმასრულებელთან, ანუ არსებობს კონკრეტული გარემო, რაც მისასალმებელია. თუმცა თუ ასე გაგრძელდა და ეს №100 ბრძანება დარჩება ძალაში, ამ ინსტიტუტს შეექმნება პრობლემები, რადგან მაშინ ნებისმიერ საკითხში ხდება შესაძლებელი, მას შეედავო, კერძო აღმასრულებელსა და კრედიტორს შორის ურთიერთობაში წარმოშობილი პატარა ნიუანსიც კი შეიძლება სადავო გახადო. სახელმწიფო არ უნდა ცდილობდეს რომელიმე ინსტიტუტის გაუქმებას, თუნდაც იმიტომ, რომ მან წინა ხელისუფლების დროს გაიარა ადაპტაცია და დაკანონდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება მაქვს წინა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის შექმნა იყო და არის დემოკრატიისკენ გადადგმული ერთ-ერთი რაციონალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
- №100 ბრძანება არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებზე? ანუ მხოლოდ კერძო აღმასრულებლებზეა საუბარი?
- ზუსტად მაგიტომ ვამბობთ, რომ ეს ბრძანება მიმართულია ამ ინსტიტუციის გასაქრობად. ჩვენ გვაქვს სპეციალური კანონმდებლობა, რომელშიც საგამოძიებო ორგანოებია ჩამოთვლილი და მერწმუნეთ, გენინსპექცია იქ ნახსენებიც კი არ არის, ანუ არსად ფიგურირებს, რომ მას აქვს საგამოძიებო ფუნქციების განხორციელების საშუალება. მას შეუძლია ჰქონდეს, მხოლოდ და მხოლოდ, მონიტორინგის ხასიათი, თუ რამე სახის დისციპლინურ გადაცდომას გამოავლენს და ა.შ. მხოლოდ მაშინ შეეძლება მოახდინოს რეაგირება. ასე ნებისმიერ უწყებას შეუძლია ჰყავდეს მონიტორინგის სამსახური. მაგალითად, მონიტორინგის სამსახური ჰყავს შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ა.შ. გენერალური ინსპექცია კანონის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მისი დარღვევისკენ. №100 ბრძანება კი პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში ასე არ დავტოვებთ. თუ ჩვენ ეს ამბავი არ გავახმაურეთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი, როგორც კრედიტორის უფლებები, არასდროს იქნება დაცული. თქვენ არ იქნებით დაზღვეული, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ვინმესთვის, მით უმეტეს, სახელმწიფოსთვის, არ იქნება ხელმისაწვდომი.
- კერძო აღმასრულებლისა და კრედიტორის გარდა, კიდევ ვის, ან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენლების პირადი ინფორმაციების მოპოვების საშუალება ეძლევა გენერალურ ინსპექციას?
- გენერალურ ინსპექციას ეძლევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), თანამდებობის პირების პრივატული ინფორმაციის შემოწმების საშუალება. რა თქმა უნდა, ხდება მათი უფლებების ცალსახა ხელყოფაც და როგორც იურისტი, ძალიან აღშფოთებული ვარ ამის გამო. ვფიქრობ, რომ ქალბატონ თეას არ აქვს ეს ბრძანება წესიერად წაკითხული, უბრალოდ, გამზადებული მიუტანეს და მანაც ხელი მოაწერა. თუ ის დაადასტურებს, რომ მან კარგად იცოდა ბრძანების შინაარსი, მაშინ ადგილი გვექნება სრულ უსუსურობასთან, რომ მან, ზოგადად, არ იცის კანონის ის ნორმები, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა შემოწმებაზე არავის აქვს პრეტენზია, პირიქით, ეს კარგი არის საქმის სწორად კეთებისთვის, მაგრამ აქ საუბარია კონფიდენციალურობაზე.
- დავაკონკრეტოთ: რა არის საჯარო ინფორმაცია?
- საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის თანამდებობის პირის მონაცემები, ქონებრივი დეკლარაცია, იქ ნებისმიერი საქმისწარმოება, ხარჯთწარმოება, ანუ ყველაფერი, რაც კონკრეტული პირის საიდუმლოებას არ უკავშირდება. თუ საქმე ეხება საქართველოს რიგით მოქალაქეს, მაშინ ეს ყველაფერი უკვე დაცულია, კონფიდენციალურია და მხოლოდ მისი თანხმობით უნდა მოხდეს ის ინფორმაციის გაცემა, რომელსაც, მაგალითად, სხვა პირი ითხოვს მასზე. აქედან გამომდინარე № 100 ბრძანებით ირღვევა კრედიტორის ნება და უფლება, გენინსპექციას თავისუფლად შეუძლია მოიპოვოს დაცული, საიდუმლო ინფორმაცია.
- მაგალითად, სოციალურ ქსელში განხორციელებული პირადი მიმოწერებიც არ არის დაცული?
- რა თქმა უნდა! ანუ მე თუ რამე მოგწერე შენ - კრედიტორს, ან პირიქით - ამის ნახვის უფლებაც აქვს გენერალურ ინსპექციას. კერძო აღმასრულებელს რაც შეეხება, ყველა ინფორმაციის შემოწმების საშუალება აქვს. ე.წ. ჰაკერული ქმედებებით ხდება ამ პრივატული ურთიერთობების ხელყოფა.
- ეს ბრძანება 2013 წლის 15 დეკემბრიდან არის ძალაში და უკვე მოქმედებს, ხომ?
- დიახ, მასეა და ძალიან მძიმე დმგომარეობაში არიან კერძო აღმასრულებლები, რადგან მათ, ფაქტობრივად, არ ეძლევათ კონფიდენციალური ურთიერთობების წარმოების საშუალება, რადგან ის უკვე აღარ ითვლება კონფიდენციალურად და რისკის ქვეშ აყენებენ როგორც საკუთარ, ისე კრედიტორის უფლებებს. თუ თეა წულუკიანი შეცდომაშია შეყვანილი, გამოიჩინოს გულისხმიერება, გადახედოს ამ ბრძანებას და ის, რაც არაკონსტიტუციურია, დაუყოვნებლივ ამოიღოს და შეასწოროს. დროულად დაუთმოს ამ საკითხს ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აქტი ბათილად ცნო, არა მგონია, წულუკიანი კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და თქვენი გაზეთით ეძლევა საშუალება, გაეცნოს ამ საგანგაშო ინფორმაციას. თუ მინისტრი არ მოახდენს რეაგირებას ამ ფაქტზე, ამას ჩვენ, ადვოკატები, უფლებადამცველები სერიოზულად გავაპროტესტებთ და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ კრედიტორისა და კერძო აღმასრულებლის უფლებები იყოს დარღვეული. ამ ბრძანების შესრულებით პირდაპირ იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, რომლებიც ასეთ უკანონობას ახორციელებენ.
ნინო ლაბარტყავა
03.04. 2014 წ.
გაზეთი „ქრონიკა+"